განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 19-დად 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ვ. თ-სა და თ. გ-ის ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004 წ. 31 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ი. კ-ის მიერ 2004 წ. 9 აგვისტოს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
2004 წ. 20 ივლისს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში შევიდა მოქალაქე გ. ქ-ს განცხადება თ. გ-ის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის გაყალბებასთან დაკავშირებით. განცხადებაში მითითებული იყო, რომ 1998 წ. 28 მაისს გ. ქ-სა და მის მეზობელ ნ-ლს შორის არსებული სამეზობლო დავისას, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოტანილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ხუთი წ. შემდეგ ნ-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა მოითხოვა ხსენებული დავის განახლება იმ მოტივით, რომ აღმოაჩნდათ მეორე სასამართლო გადაწყვეტილება, დათარიღებული იმავე რიცხვით _ 1998 წ. 28 მაისით.
პროკურატურამ გ. ქ-ს განცხადების საფუძველზე ჩაატარაწინასწარი შემოწმება და 2004 წ. 9 აგვისტოს მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პროკურატურის მიერ მიღებულ დადგენილებას არ დაეთანხმა გ. ქ-ძე. მან საჩივრით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება და მასალების პროკურატურისათვის გადაცემა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
სასამართლომ საჩივარი განიხილა 2004 წ. 31 დეკემბერს, დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა, გააუქმა პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გაუგზავნა იმავე რაიონულ პროკურატურას. სასამართლომ თავის დადგენილებაში მიუთითა, რომ პროკურატურამ არ ჩაატარა სათანადო მოკვლევა, რათა გაერკვია, ხომ არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ. თ-ია ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას, ხოლო პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილების ძალაში დატოვებას. იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ გ. ქ-ის საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ განიხილა, ამიტომ საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის დარღვევით ჩატარდა, ბათილად ითვლება. ამასთან, მოკვლევის ეტაპზე ვერ იქნა მოპოვებული სასამართლოს მიერ 1998 წ. 28 მაისს მიღებული გადაწყვეტილების დედანი, მისი არარსებობის გამო, ხოლო ასლებზე კი საექსპერტო გამოკვლევა არ ტარდება.
თ. გ-ის ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ, არც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილების ქსეროასლები არ არის თ. გ-ის სასარგებლო და მას რაიმე იურიდიული შედეგი არ გამოუწვევია; ამასთან, ქსეროასლებზე ქსპერტიზა ვერ იქნება ჩატარებული და არ არსებობდა არავითარი საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. კ-ემ მიმოიხილა მასალები, მან აღნიშნა, რომ არ არსებობდა არავითარი საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის, მით უმეტეს, ქსეროასლებზე ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. პროკურორმა იშუამდგომლა კერძო საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა გ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
გ. ქ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა შ. კ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 31 დეკემბრის დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პროკურატურის მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ მოქალაქე გ. ქ-ემ 2004 წ. 15 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს. განცხადებაში მან მიუთითა, რომ 1998 წელს ქ. ნ-ის რწმუნებულმა თ. გ-მა, რომელიც არის ქ. ნ-ის შვილი, სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რითაც მოითხოვეს საერთო სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებიდან რეალური წილების გამოყოფა. აღნიშნული დავა გადაწყდა მხარეთა შეთანხმებით, რომელიც ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1998 წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით იქნა დამტკიცებული. ოთხი წლისა და რვა თვის შემდეგ თ. გ-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ თითქოს სახლში აღმოაჩნდა 1998 წ. 28 მაისით დათარიღებული ორი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.
მოკვლევის სტადიაზე ვერ იქნა მოპოვებული სასამართლო გადაწყვეტილების დედანი, რადგან გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს არქივში არ აღმოჩნდა ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმე.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეს მოკვლევის ორგანოში არ წარუდგენია სასამართლო გადაწყვეტილების დედანი და იგი ვერც პროკურატურამ მოიპოვა, რადგან სასამართლოს არქივში ასეთი სამოქალაქო საქმე არ არსებობს.
პალატა თვლის, რომ მხოლოდ გადაწყვეტილების ქსეროასლის წარდგენა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს, მით უმეტეს თ. გ-ის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებების ქსეროასლებს რაიმე გავლენა არ მოუხდენია საქმეზე გადაწყვეტილების მიღებაზე (სასამართლომ ასეთი არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად). ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის თანახმად ისჯება ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ის გარემოება, რომ თ. გ-მა სასამართლოში წარადგინა მხოლოდ გადაწყვეტილების ქსეროასლები, რომელზეც შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება.
აქედან გამომდინარე, არ არსებობდა არავითარი საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის, რის გამოც სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 31 დეკემბრის დადგენილება გაუქმდეს, ხოლო ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ი. კ-ის 2004 წ. 9 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.