განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 49-კოლ 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 7 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც მ. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143I-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” ქვეპუნქტებით, 1432-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წ. 12 მარტიდან.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულია აგრეთვე ლ. კ-ძე. იგი განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
2002 წელს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-იმ უკანონო გარიგებით თურქეთის რესპუბლიკის ქ. ახჩაგოჯაში ჩაიყვანა მ. ბ-ლი, დააბინავა თავის სახლში და ეხმარებოდა მამაკაცებთან სექსუალურ მომსახურებაში, რისთვისაც იღებდა გასამრჯელოს. 2003 წ. 18 ოქტომბერს მ. ბ-ლი დაბრუნდა საქართველოში, სადაც მ. ა-იმ ძიებით დაუდგენელ პირებს მისთვის დაამზადებინა ყალბი პირადობის მოწმობა, საქართველოს პასპორტი მ. ლ-ის სახელზე და მიჰყიდა მას. ამ ყალბი პასპორტით მ. ბ-ლი მან კვლავ გადაიყვანა ქ. ახჩაგოჯაში პროსტიტუციისათვის.
მანვე 2003 წ. ივნისში ასევე პროსტიტუციისათვის ლაგოდეხის რაიონიდან ქ. ახჩაგოჯაში ჩაიყვანა არასრულწლოვანი, ე. ს-ვა, რომელიც 25 ივნისამდე სექსუალურ მომსახურებას უწევდა მამაკაცებს. მ. ა-იმ და ლ. კ-ემ ძიებით დაუდგენელ პირებს დაამზადებინეს ყალბი დაბადების მოწმობა, სადაც ე. ს-ას შეუცვალეს სახელი, დაბადების წელი და მიჰყიდეს მას. ლ. კ-ემ ასევე შეცვლილი სახელით დაამზადებინა ყალბი საქართველოს პასპორტი ე. ს-ას სახელზე და გაასაღა მასზე.
მანვე ბათუმიდან 2003 წ. სექტემბერში თურქეთის რესპუბლიკის ქ. ახჩაგოჯაში, თავის სახლში, ჩაიყვანა ე. ი-ლი, რომელიც სექსუალურ მომსახურებას უწევდა მამაკაცებს, ხოლო მ. ა-რს უხდიდა გარკვეულ გასამრჯელოს.
მანვე ლ. კ-ის მიერ დამზადებული ყალბი დაბადების მოწმობისა და პასპორტის საფუძველზე, თავისთან, ქ. ახჩაგოჯაში, ჩაიყვანა არასრულწლოვანი _ ი. ს-ვა და ჩააბა პროსტიტუციაში. ი. ს-ვა იქ იმყოფებოდა 2003 წ. სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან 2003 წ. 20 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ზ-ლი ითხოვს მ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას _ საქმის შეწყვეტას და მისი პატიმრობიდან განთავისუფლებას. დამატებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ა. ზ-ლი ითხოვს განაჩენის სსკ-ის 171-ე, 143I-ე და 1432-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში გაუქმებას და საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით, ხოლო 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ითხოვს, ეკმაროს მოხდილი სასჯელი და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. იგი მიუთითებს, რომ მ. ბ-მა და არასრულწლოვნებმა _ ე. ს-ამ და ი. ს-ამ წინასწარ, თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა-სთან ჩასვლამდე იცოდნენ, რომ მამაკაცებს უნდა მომსახურებოდნენ. მ. ა-ის მათთვის პასპორტები არ ჩამოურთმევია, ყველას ეპყრობოდა კარგად და უმზადებდა საჭმელს. ისინი მასთან დაცულები იყვნენ. შეთანხმების თანახმად, მ. ა-ის ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების ხარჯებისათვის უხდიდნენ გამომუშავებული თანხის ნახევარს. მათ მ. ა-ის მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვთ. ისინი 2004 წ. 10 მარტს იყვნენ ქ. ბათუმში მ. ა-ს დაბადების დღეზე, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
სრულწლოვანი პირების მიმართ მ. ა-ის მხრიდან ტრეფიკინგის ჩადენის ფაქტი არ არის დადგენილი და ამის დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება არასრულწლოვანთა ვაჭრობას (ტრეფიკინგს), რომელიც თითქოსდა მსჯავრდებულს უმტკიცდება “საერთაშორისო ოქმით _ ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ”, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება საფუძვლად მიღებული, რადგან ყველგან ხაზგასმითაა ლაპარაკი “ბავშვთა პროსტიტუციაზე”, “ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაზე”, “ბავშვებით ვაჭრობაზე”, მაგრამ ყოველივე აღნიშნული ვერ მიესადაგება --- ი. ს-ას, რომელიც საქართველოში გათხოვდა 15 წ. ასაკში, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გასცილდა მეუღლეს. 16 წ. ასაკში უკვე წასული იყო თურქეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ ერთი წლით, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში რ. ი-ის ოჯახში, სადაც ე. ი-თან ერთად (რომლიც 25 წლისაა) შეხვდა მ. ა-ის. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩავიდოდნენ მასთან ქ. ახჩაგოჯაში და სექსუალურ მომსახურებას გაუწევდნენ მამაკაცებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუსაბუთებელია განაჩენის მითითება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის შესახებ.
წინასწარი გამოძიების სტადიაზე უხეშად დაირღვა მ. ა-ის კანონით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ, დროულად არ შედგა მისი დაკავების შესახებ ოქმი, 48 საათის განმავლობაში მას არ წარედგინა ბრალდება, ასევე ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ გაიცა კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ზ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა მ. ა-იმ აღნიშნა, რომ მას დაზარალებულად ცნობილი პირებისათვის პასპორტები არ ჩამოურთმევია, ისინი მას უხდიდნენ ბინის ქირას და კომუნალურ ხარჯებს. ყველას ექცეოდა დედაშვილურად, მასთან ყველანი თავს გრძნობდნენ დაცულად, ყველანი მასთან ერთად ქ. ბათუმში იყვნენ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სადაც ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. იგი ეთანხმება ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს მის დაკმაყოფილებას. ასევე აღნიშნავს, რომ ერთ წელზე მეტია, იმყოფება საპყრობილეში, არის ქალი და ითხოვს, ეკმაროს მოხდილი სასჯელი და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პროკურორმა ი. ო-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია მ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მ. ა-ის მიმართ დადგენილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: წინასწარმა გამოძიებამ მ. ა-ის მ. ბ-ისა და ე. ი-ის მიმართ ეპიზოდში წარუდგინა ბრალდება იმის შესახებ, რომ მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ანუ მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა და მიღებაექსპლუატაციის მიზნით, მისი საზღვარგარეთ გაყვანით, დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულების გამო. საქმის სასამართლო განხილვისას ვერ დადგინდა ადამიანით ვაჭრობის ფაქტი. თვით მ. ა-რი კატეგორიულად უარყოფდა მ. ბ-ის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, ხოლო მ. ბ-მა კი სასამართლო კოლეგიას უჩვენა, რომ მ. ა-ის რაიმე უკანონო ქმედება მის მიმართ არ ჩაუდენია. იგი მ. ა-ის ბინაში ცხოვრობდა და იხდიდა ბინის ქირას, ასევე _ კომუნალური მომსახურების ხარჯებს. იგი მ. ა-თან თავს გრძნობდა დაცულად და რაიმე პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია. მ. ა-ის მისთვის პასპორტი არ ჩამოურთმევია, ყველას ეპყრობოდა კარგად, უმზადებდა საჭმელს და მათი თხოვნით პოულობდა მამაკაცებს.
მ. ბ-ის ჩვენება სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა _ ამორიცხა ბრალდებიდან მითითება ადამიანით ვაჭრობის შესახებ, რადგან ამ შემთხვევაში არ მომხდარა ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა; იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით გადაბირება, გადაყვანა ან გადამალვა; ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით. მიუხედავად ასეთი გარემოებების დადგენისა და დადასტურებულად მიჩნევისა, სასამართლო კოლეგიამ მაინც ჩათვალა, რომ მ. ა-ს ქმედება შეიცავდა საქართველოს სსკ-ის 143I-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და ამ მუხლით დასდო მას მსჯავრი. ანალოგიური მდგომარეობაა ე. ი-ის მიმართაც. პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა: განაჩენი ამ ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, რადგან მ. ა-ის არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 143I-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მ. ა-ის მ. ბ-ისა და ე. ი-ის მიმართ არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან ამ უკანასკნელებმა თვითონ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რისთვის მიდიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. ისინი თვითონ იყვნენ თურქეთში წასვლის ინიციატორები; ამასთან, ის გარემოება, რომ ისინი მ. ა-ის უხდიდნენ ბინის ქირასა და კომუნალური მომსახურების ხარჯებს, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ტრეფიკინგი.
პალატა ასევე თვლის, რომ მ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდქსის 171-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისათვის ძალადობის, ძალადობის მუქარის, ან მოტყუების გარეშე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზარალებულებმა, მათ შორის _ არასრულწლოვნებმა, თვითონ სთხოვეს პროსტიტუციაში დახმარება, ამის შემდეგ ისინი ნებაყოფლობით გადაიყვანეს თურქეთის რესპუბლიკაში და, ამდენად, ისინი მ. ა-ის არ მოუტყუებია. მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა, რომ არასრულწლოვან ე. ს-სა და ი. ს-ას მიმართ ჩადენილ იქნა ტრეფიკინგი. პალატას მიაჩნია: იმის გათვალისწინებით, რომ მ. ა-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოტყუებას, არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვას ან მათ მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას, აგრეთვე _ მათ გადაბირებას, გადაყვანას, გადამალვას, ან ექსპლუატაციის მიზნით მიღებას, ასეთ შემთხვევაში ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1432-ე მუხლის მეორე ნაწილით, რადგან არ არსებობს ამ დანაშაულისდისპოზიციის შემადგენლობა.
პალატა თვლის, რომ მ. ა-ის ქმედებაში არის სსკ-ის 171-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდესაღნიშნული მუხლით და ამის მიხედვით უნდა განესაზღვროს სასჯელი.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაირღვა მსჯავრდებულ მ. ა-ის უფლებები.
პალატა თვლის, რომ სხვა ბრალდების ეპიზოდებში მ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ზ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 7 თებერვლის განაჩენში მ. ა-ის მიმართ შევიდეს ცვლილება, კერძოდ: განაჩენი საქართველოს სსკ-ის 143I-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდში შეწყდეს. იგივე განაჩენი 1432-ე მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 171-ე მუხლის მესამე ნაწილზე და მ. აჯარის შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მ. ა-ის განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი მ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.