განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 44-აპ 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ რ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. პ-ას, ასევე, დაზარალებულ ე. შ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენზე რ. ჯ-ას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს განაჩენით რ. ჯ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა შრომის ანაზღაურების 250 მინიმალური ოდენობით, რაც შეადგენს 400 ლარს.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ და მიესაჯათ: ი. ქ-ას _ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლით დანიშნულმა სასჯელმა, როგორც უფრო მკაცრმა, შთანთქა სენაკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ქ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე, ი. ქ-ას მთლიანად ჩაეთვალა ზემოთ მითითებული განაჩენით დანიშნული, უკვე მოხდილი სასჯელი _ 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 წელი;
ო. თ-ას _ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა შრომის ანაზღაურების 150 მინიმალური ოდენობით, რაც შეადგენს 300 ლარს.
განაჩენით რ. ჯ-სა და ი. ქ-ას დაზარალებულის, იგივე სამოქალაქო მოსარჩელის _ ე. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რ. ჯ-ას _ 2500, ხოლო ი. ქ-ას _ 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ჯ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. პ-ამ. აპელანტი ითხოვდა რ. ჯ-ას მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო საჩივრით დაზარალებული ე. შ-კი ითხოვდა მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის სოლიდარულად მორალური ზიანისათვის 3500 ლარის დაკისრებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენით შემდეგი ცვლილება შეიტანა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს განაჩენში: მსჯავრდებულებს _ ი. ქ-ას, რ. ჯ-ას, ო. თ-ას დაზარალებულ ე. შ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით რ. ჯ-ას მსჯავრი დაედო სამსახურებრივ გულგრილობაში, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში: რ. ჯ-ია 1997წ. 3 მარტიდან 2003წ. 1 ივნისამდე მუშაობდა ხობის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის საკითხებში, ხოლო 2003წ. 1 ივნისიდან დღემდე მუშაობს ამავე სამმართველოს მიწის რეგისტრაციის განყოფილების უფროსად. ხობის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის საკითხებში მუშაობის პერიოდში რ. ჯ-ია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999წ. 26 აგვისტოს დებულების შესაბამისად შედგენილი მიწის სამუშაო ადგილის აღწერილობის მიხედვით, რაც ხელის მოწერით დადასტურებულია ხობის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ ი. ქ-ას მიერ და რასაც იგი პირადად იყო გაცნობილი, ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებითა და არსებული დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს; ასევე მონაწილეობდა მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელებაში, მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სამუშაოების წარმოებაში, შეისწავლიდა და აანალიზებდა არსებულ მდგომარეობას, შეიმუშავებდა დასკვნებსა და წინადადებებს მათი სრულყოფისათვის, დადგენილი წესით პასუხს აგებდა მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაწეული მუშაობის შედეგებზე; როგორც მთავარი სპეციალისტი რეგისტრაციისა და კადასტრის საკითხებში, ანგარიშვალდებული იყო სამმართველოს უფროსის, აგრეთვე მთავარი რეგისტრატორის წინაშე. 1997წ. 2 მაისს ხობის რაიონის სოფ. ---მცხოვრებმა რ. თ-ამ ქ. ფოთში მცხ. ე. შ-საგან სესხის სახით აიღო ფულადი თანხა _ 100 აშშ დოლარი, თვეში 30%-ის გადახდით დანამატის სახით. ვინაიდან რ. თ-ამ ნებაყოფლობით არ გადაიხადა აღნიშნული თანხა, ე. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ფოთის სასამართლოს. 1998წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა და რ. თ-ს ე. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 738 აშშ დოლარის გადახდა, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით. ფოთის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1998წ. 1 ნოემბერს გაიცა -- სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით დაეწერა იმავე რაიონული სასამართლოს ყოფილ აღმასრულებელ გ. გ-ას, რომელმაც 2000წ. 25 მაისს ყადაღა დაადო ხობის რაიონის სოფ. --- მდებარე რ. თ-ას საცხოვრებელ სახლს. 2001წ. 21 მარტს და 15 მაისს ხობის რაიონული სასამართლოსა და ქ. ფოთის სასამართლოს ყოფილმა აღმასრულებლებმა _ ა. ჩ-ამ და ზ. ნ-მა სათანადო განკარგულების საფუძველზე აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს რ. თ-ას საცხოვრებელი სახლი, მდებარე სოფ. ---ში, მაგრამ იგი არ გაიყიდა, რის შემდეგაც ზ. ნ-მა ე. შ-ს, მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, 2001წ. 31 მაისის აქტით ნატურით გადასცა რ. თ-ას საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხობის რაიონის სოფ. ---ში. აღნიშნული აქტი 2001წ. დასაწყისში ე. შ-მა წარუდგინა ხობის ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსს _ ზ. ზ-ს, რომელმაც 2001წ. 6 ივნისს ე. შ-ზე გასცა -- ცნობა-დახასიათება და სარეგისტრაციო მოწმობა იმის შესახებ, რომ ხობის რაიონის სოფ. ---ში მდებარე ე. შ-ზე ნატურით გაცემული რ. თ-ას საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ე. შ-ის საკუთრებას. ე. შ-მა 2001წ. 31 მაისის აქტი რ. თ-ას საცხოვრებელი სახლის მისთვის ნატურით გადაცემის შესახებ და აღნიშნულის საფუძველზე ხობის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2001წ. 6 ივნისს მასზე გაცემული -- ცნობა-დახასიათება, ასევე სარეგისტრაციო მოწმობა 2001წ. ივნისში წარუდგინა ხობის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს რეგისტრაციისა და კადასტრის საკითხებში რ. ჯ-ას. ამ უკანასკნელმა ე. შ-კს სიტყვიერად უთხრა უარი წარმოდგენილი დოკუმენტებით, საკუთრების უფლებით რ. თ-ას საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში საჯარო რეესტრში გატარებაზე, ვინაიდან თვითონ რ. თ-ია არ იყო საკუთრების უფლებით ხობის მიწის მართვის სამმართველოში საჯარო რეესტრში გატარებული და მას მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, კერძოდ: ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, ასევე რ. თ-ას მიერ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. იმავე დღეს ე. შ-კი დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა ხობის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან – რაიონის მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრატორ ო. თ-სთან და ამავე სამმართველოს უფროსთან _ ი. ქ-სთან, რომლებსაც ასევე წარუდგინა რ. თ-ას საცხოვრებელი სახლის მის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ მათგანაც აღნიშნული მიზეზით უარი მიიღო. ე. შ-კი 2001წ. ივნისში რამდენჯერმე იმყოფებოდა რ. ჯ-სთან, მაგრამ _ უშედეგოდ. 2001წ. 18 ივნისს ე. შ-ს გადაეცა სათანადო -- მომართვა, რომლის ტექსტი შეადგინა რ. ჯ-ამ და ხელმოსაწერად წარედგინა ხობის მიწის მართვის უფროსის მოადგილეს – რაიონის მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრატორ ო. თ-ას. აღნიშნული მომართვის მიხედვით, ე. შ-ის მოთხოვნა, გაეტარებინათ იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მისთვის ნატურით გადაცემულ, სოფ. ---ში მდებარე რ. თ-ს საცხოვრებელ სახლზე, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან რ. თ-ია, როგორც თავისი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ხობის მიწის მართვის სამმართველოში. რ. ჯ-ამ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ შეასრულა ო. თ-ას სიტყვიერი მოთხოვნა, რომ მომართვის ტექსტში შეეტანა ცვლილება და ჩაეწერა “მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996წ. 14 ნოემბრის კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, თუ პირი არ ეთანხმება რეგისტრატორის გადაწყვეტილებას, მითითებას, განსაზღვრას, 30 დღის განმავლობაში უნდა აცნობოს რეგისტრატორს თავისი გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრის თაობაზე, რის შემდეგაც ო. თ-ას მიერ ხელმოწერილი დასახელებული მომართვა გადასცა ე. შ-კს. აღნიშნული ქმედებით რ. ჯ-ამ უხეშად დაარღვია “მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996წ. 14 ნოემბრის კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწისა და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები. ე. შ-ის მიერ რ. ჯ-სათვის წარდგენილი 2001წ. 31 მაისის რ. თოფურიას საცხოვრებელი სახლის მისთვის ნატურით გადაცემის აქტით, ასევე, ხობის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ ე. შ-ზე გადაცემული სარეგისტრაციო მასალებით სრულყოფილად იყო დადგენილი რ. თ-ას სადავო საცხოვრებელ სახლზე ე. შ-ის უფლებები. აქედან გამომდინარე, რ. ჯ-ას კანონით გათვალისწინებული არანაირი დამაბრკოლებელი გარემოებები არ გააჩნდა, უარი ეთქვა ე. შ-ზე რ. თ-ას მისთვის საკუთრების უფლებით გადაცემულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაციისათვის, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე, როგორც ხობის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს რეგისტრაციისა და კადასტრის საკითხებში, უნდა შეედგინა რ. თ-ას საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა. ვინაიდან “მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996წ. 14 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენს სარეგისტრაციო ფურცელს, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკებზეც), რაც მან არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო. 2001წ. 5 სექტემბერს რ. თ-ია გატარდა ხობის მიწის მართვის სამმართველოში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დედის – ლამარა თოფურიას გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, რის შესახებაც სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შესრულებულია რ. ჯ-ას მიერ. 2001წ. 7 სექტემბერს რ. თ-ამ ე. შ-ზე ვალის გასასტუმრებლად ნატურით გადაცემული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად 2800 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. ფოთში მცხოვრებ პ. თ-ას, რომელმაც 2001წ. 10 სექტემბერს დასახელებული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატარა ხობის მიწის მართვის სამმართველოში. რ. ჯ-ამ იცოდა რა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი იყო სადავო, კერძოდ, იგი საკუთრების უფლებით გადაცემული იყო ე. შ-ზე, პ. თ-ას სახელზე შეადგინა დასახელებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც მან უხეშად დაარღვია 1996წ. 26 აგვისტოს ხობის მიწის მართვის სამმართველოს დებულების საფუძველზე შედგენილი თავისი სამუშაო ადგილის აღწერილობის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, მას უნდა შეესწავლა და გაეანალიზებინა არსებული მდგომარეობა, შეემუშავებინა დასკვნა, რომელიც უნდა წარედგინა ხობის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ო. თ-სათვის, ხოლო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში – ამავე სამმართველოს უფროს ი. ქ-სთვის, რომლის მიერაც იგი სიტყვიერად გაფრთხილებული იყო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ემოქმედა კანონის შესაბამისად, რაც მან არ შეასრულა. რ. ჯ-ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებამ “ეგრის-აუდიტის“ ხობის ფილიალის 2001წ. 5 მარტის აუდიტორული დასკვნით, 2500 ლარად ღირებული რ. თ-ას საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით, ქ. ფოთის სასამართლოს ყოფილი აღმასრულებლის _ ზ. ნ-ის მიერ შედგენილი 2001წ. 31 მაისის აქტით გადაცემული იყო ვალის – 738 აშშ დოლარის გასასტუმრებლად ე. შ-ზე, გასხვისებულ იქნა სხვა პირზე – პ. თ-ზე, რამაც ე. შ-ის უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მსჯავრდებული რ. ჯ-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. პ-ვა ითხოვენ რა განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას, უთითებენ შემდეგ მოტივებზე:
დაუსაბუთებელია განაჩენი იმ მიმართებით, რომ რ. ჯ-ამ გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, რამდენადაც იგი მუშაობდა მთავარ სპეციალისტად და ემორჩილებოდა სამმართველოს უფროსსა და მთავარ რეგისტრატორს. საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა დაფუძნებულია იმაზე, რომ დოკუმენტების სისწორესა და რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი და არა _ მთავარი სპეციალისტი (ჯგერენაია), რომელიც მხოლოდ ნახაზს ადგენს საკადასტრო რუკის დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში. საკასაციო საჩივარში მითითებულია “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ე. შ-ის სახელზე მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია დამოკიდებულია რეგისტრატორზე და არა _ მთავარ სპეციალისტზე. ამ გარემოებათა გამიჯვნა და სათანადოდ შეფასება სასამართლომ არ მოახდინა, რის გამოც რ. ჯ-ას ქმედებას მიეცა არასწორი იურიდიული შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რის გამოც რ. ჯ-ია არასწორად იქნა მსჯავრდებული მისდამი ინკრიმინირებულ დანაშაულში.
დაზარალებული ე. შ-კი თავის საკასაციო საჩივარში ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 3500 ლარისა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას 640 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული იმედო ქანდარია და ო. თ-უა განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.
ადვოკატები _ დ. პ-ვა და ნ. ტ-ვა მხარს უჭერენ თავიანთ საკასაციო საჩივარს და არ ეთანხმებიან დაზარალებულ ე. შ-ის მოთხოვნას.
პროკურორი ჯ. კ-ნი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ჯ-სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი სწორია, საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ჯ-ას ქმედებას საოლქო სასამართლომ მისცა არასწორი იურიდიული შეფასება, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ჯ-ია 1997-2003 წლებში მუშაობდა ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად კადასტრისა და რეგისტრაციის საკითხებში, 2003წ. 1 ივნისიდან კი _ ამავე სამმართველოს მიწის რეგისტრაციის განყოფილების უფროსად. ხობის მიწის მართვის სამმართველოს 1999წ. 26 აგვისტოს დებულების თანახმად, რ. ჯ-ია, როგორც სპეციალისტი, პასუხს აგებს მხოლოდ ნახაზისა და საკადასტრო რუკის არასწორად შედგენაზე. ამ მიმართებით რ. ჯ-ას კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია. თვით რ. ჯ-სა და მოწმე ბ-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ე. შ-კს მათ განუმარტეს, თუ რა დოკუმენტები იყო საჭირო რეგისტრაციისათვის, ამოუხაზეს ეს განცხადების ბლანკზე, თუმცა ე. შ-კს მათთან შემდეგ არავითარი დოკუმენტები არ წარუდგენია. ყველა სარეგისტრაციო მოქმედება შესრულებულია რეგისტრატორ ო. თ-ს მიერ, დამოწმებულია მისი ხელმოწერითა და ბეჭდით. რეგისტრატორის მხრიდან რ. ჯ-ას მიეცა მითითება, შეედგინა შესაბამისი ნახაზი არსებული დოკუმენტების საფუძველზე და ამ მხრივ რ. ჯ-ას მოქმედებაში არ არის დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, იგი ვალდებულია, როგორც ნახაზის შემდგენი, დაემორჩილოს მთავარ რეგისტრატორს; გარდა ამისა, საკადასტრო რუკისა და ნახაზის შედგენა არ ნიშნავს რეგისტრაციას. რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგისტრატორი და არა _ მთავარი სპეციალისტი. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კანონი “მიწის რეგისტრაციის შესახებ”, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, ქონების რეგისტრაციას ხელმძღვანელობს მთავარი რეგისტრატორი, თითოეულ ზონაში რეგისტრაციას კი _ ზონის რეგისტრატორი. ამ კანონიდან ჩანს, რომ რ. ჯ-ას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი რეგისტრაციასთან, რამდენადაც იგი რეგისტრატორი არ არის. ყოველგვარი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ო. თ-ამ, რომელიც პასუხისმგებელია რეგისტრაციის სისწორეზე.
რაც შეეხება ი. ქ-ას, იგი, როგორც სამმართველოს უფროსი, უშუალოდ იყო პასუხისმგებელი საჯარო რეესტრში ე. შ-ის სახელზე რ. თ-ას ქონების რეგისტრაციაზე, რისთვისაც იგი მსჯავრდებულია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები, თანამდებობრივად და უფლებრივად გააიგივა სხვადასხვა რანგის ორი მოხელე _ რეგისტრატორი და მთავარი სპეციალისტი, რამაც გამოიწვია რ. ჯ-ას ქმედების არასწორი კვალიფიკაცია. ამ მიმართებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ კანონით სპეციალისტს არ შეუძლია, შეაჩეროს ან შეზღუდოს რეგისტრაციის პროცესი, რაზეც მთლიანად უფლებამოსილია მხოლოდ მთავარი რეგისტრატორი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, მიუხედავად სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლიანი მოტივებისა, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და გამოიყენა საქართველოს კანონი “მიწის რეგისტრაციის შესახებ”, არ დაუკავშირა ეს კანონი სისხლის სამართლის მატერიალურ ნორმებს, არ მოახდინა მათი ურთიერთშეჯერება და არასწორად დააკვალიფიცირა რ. ჯ-ას ქმედება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ მხრივ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არავითარი წინდახედულობის ნორმა რ. ჯ-ას არ დაურღვევია, მას ბრალად შეერაცხა ისეთი გარემოებების გათვალისწინება, რაც არ ევალებოდა; თვით რ. ჯ-ია კი მოქმედებდა “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება იმ დარღვევებს, რომლებიც ადმინისტრაციულმა მოხელეებმა ჩაიდინეს ე. შ-ის მიმართ, ამაზე პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ ის პირები, ვისაც კანონით ევალებათ ქონებასა და მიწაზე რეგისტრაციის სწორად წარმოება, კერძოდ, ი. ქ-ია და ო. თ-უა; ამ პირთა წრეს კი, როგორც აღინიშნა, რ. ჯ-ია არანაირად არ მიეკუთვნება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არა მხოლოდ არასწორად განმარტა კანონი, არამედ არასწორად გამოიყენა იგი, რამაც გამოიწვია რ. ჯ-ას მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენის დადგენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი ქმედება არ ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს და არის საფუძველი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შესაწყვეტად. ამ მიმართებით საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სწორი, დასაბუთებულია და საკასაციო პალატა მას იზიარებს. აქედან გამომდინარე, დაზარალებულ ე. შ-ს საჩივარი გაზიარებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ჯ-სა და მისი დამცველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
დაზარალებულ ე. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენი და შეწყდეს საქმე რ. ჯ-ს მიმართ.
ამასთანავე, განაჩენიდან ამოირიცხოს რ. ჯ-სათვის სოლიდარულად ე. შ-ის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.