განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 104-აპ 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის განაჩენი ლ. ყ-ის მიმართ. აღნიშნული განაჩენით ლ. ყ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის მეორე ნაწილით და 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, ერთობლივად შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა ლ. ყ-ლს დაეწყო 2003წ. 1 მაისიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ლ. ყ-ლს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2003წ. 21 აპრილს, საღამოს საათებში მთვრალი ლ. ყ-ლი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ი. ბ-ის მართვის ქვეშ მყოფ მოქალაქე ზ. ბ-ის ავტომანქანა “ვოლვო-850”-ს და დაიწყო მოძრაობა ქ. სენაკში. --- ქუჩაზე მოძრაობისას მან დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29.1 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ: ავტომანქანას მართავდა მთვრალი, გადაჭარბებული სიჩქარით, გადავიდა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს, ავარდა ტროტუარზე და შეეჯახა ქვეითად მიმავალ ა.კ-ას, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ასევე დააზიანა ავტომანქანა, რომლის აღდგენითმა თანხამ შეადგინა 15550 ლარი, რითაც დაზარალებულმა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ლ. ყ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ბ-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ განაჩენი სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, სხვა ნაწილში კი შეფარდებული სასჯელის ზომა შეუმცირდეს. იგი მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ ლ. ყ-მა გაიტაცა ზ. ბ-ის კუთვნილი ავტომანქანა “ვოლვო”. განაჩენი ამ ეპიზოდში დამყარებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე, ეჭვი კი სასამართლოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ გ. მ-მა და ქ. კ-ემ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორი დ. ჩ-ლი არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე ლ. ყ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ ლ. ყ-ის მიერ ზ. ბ-ის კუთვნილი ავტომანქანის დროებითი გამოყენების მიზნით გატაცების ფაქტი. კერძოდ, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მოწმე გ. ბ-ამ უჩვენა: “ლაშა არის ჩემი მეგობარი. ვიყავით ჩემთან შეკრებილები. ლაშამ უთხრა ი. ბ-ლს, რომ გასაღები მათხოვე, გავალ და ახლავე მოვალო. ისიც ადგა და მისცა გასაღები. მალე გავიგეთ, რომ ლაშას ქალი მოუკლავს მანქანით”. მოწმემ იქვე განმარტა, რომ: “გასაღების გადაცემის მომენტში იქ ვიყავით მე და ა. მ-ლი”.
მოწმე ა. მ-მა სააპელაციო სასამართლოში უჩვენა: “მეგობრები ვიყავით შეკრებილი გ. ბ-ას სახლში. ი. ბ-ლს გასაღები ეჭირა ხელში. ლ-ამ სთხოვა, რომ გავალ, ერთი წუთის საქმე მაქვს და ახლავე მოვალო. ი-ც ადგა და მისცა გასაღები. მერე გაიგეთ, რომ უბედური შემთხვევა მომხდარა. მე ჩემი თვალით დავინახე, რომ ი-მ გასაღები თავისი ხელით გადასცა ლ-ას. თავიდან ჩვენ სხვანაირად იმიტომ ვაჩვენეთ, რომ ი. მამამისთან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო”.
თვით მსჯავრდებულმა ლ. ყ-მა სააპელაციო სასამართლოში უჩვენა: “გასაღები მე ი-მ მომცა თავისი ხელით. მე გასაღები არ მომიპარია. დანარჩენს კი მე ყველაფერს ვადასტურებ და ვაღიარებ რაც ჩავიდინე”.
პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეებმა _ გ. ბ-ამ და ა. მ-მა ახსნეს თავიანთი ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობა. ასეთ ვითარებაში, როდესაც უშუალო მოწმეები და მსჯავრდებული კატეგორიულად მიუთითებენ, რომ ავტომანქანის გასაღები ლ. ყ-ლს გადასცა თვით ი. ბ-მა, პალატა თვლის, რომ ავტომანქანის გატაცების ფაქტი არ მომხდარა, რის გამოც ამ ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ე.ი. არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
პალატა თვლის, რომ სხვა ნაწილში ლ. ყ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი, მით უმეტეს, თვით საკასაციო საჩივარიც არ ხდის ამას სადავოდ. ამასთან, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ლ. ყ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთის _ შემცირების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის განაჩენი ლ. ყ-ის მიმართ შეიცვალოს, კერძოდ: განაჩენი ლ. ყ-ის სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და ამ ეპიზოდში საქმე შეწყდეს, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სხვა ნაწილში განაჩენი ლ. ყ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.