განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 156-აპ 12 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენით თ. მ-ლი მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 94-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. მ-ლი 1996წ. 1 აგვისტოდან მუშაობდა სასოფლო საკრედიტო კოოპერატივის სიღნაღის სასოფლო საკრედიტო კავშირის ბუღალტრის თანამდებობაზე.
1997წ. 8 ოქტომბერს თ. მ-მა სალაროს გასავლის -- ორდერით გაწერა 354 ლარი საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების ფორმების დასაბეჭდად. ეს სამუშაო ფაქტობრივად არ შესრულებულა და აღნიშნული თანხა გაიტაცა.
1997წ. 20 ოქტომბერს თ. მ-მა კვლავ გაწერა სალაროს გასავლის ორდერი -- 264 ლარზე საკრედიტო კავშირისათვის საგირავნო ხელშეკრულების დასაბეჭდად, რის შესასრულებლადაც ასევე არ გახარჯულა თანხა და 264 ლარი გაიტაცა.
მანვე განმეორებით, 1997წ. 20 ნოემბერს საკრედიტო კავშირის წევრ გ. ჩ-ზე სესხის სახით, სალაროს გასავლის ¹-- ორდერით გაწერა 4000 ლარი. ნაცვლად ნაჩვენები თანხისა, გ. ჩ-ლს გადასცა 3100 ლარი. დარჩენილი 900 ლარიდან, საკრედიტო კავშირის წევრთა გადაწყვეტილებით, სხვა წევრების მსგავსად, გ. ჩ-ის სახელზე 500 ლარი შეიტანა პირველი კრედიტის დასაფარავად, 204 ლარი _ გ. ჩ-სათვის გაწეული სანოტარო მოქმედებისათვის, ხოლო 196 ლარი მიითვისა.
მანვე განმეორებით, 1998წ. აპრილ-მაისის თვეების სატრანსპორტო და სხვა ხარჯებში გაწერა სალაროს გასავლის უნომრო და უთარიღო ორი ორდერი, შესაბამისად 358 და 45 ლარზე. აღნიშნული ხარჯის თანხები არ გაცემულა და ამ გზით 403 ლარი მიითვისა.
1998წ. 10 ივნისს თ. მ-მა მსესხებელზე და სხვა ხარჯებისათვის გასაცემად ქ. თბილისის “---დან” მიიღო სიღნაღის სასოფლო საკრედიტო კავშირის კუთვნილი 25000 ლარი, საიდანაც დანიშნულებისამებრ გასცა 23179 ლარი, ხოლო 1821 ლარი გაიტაცა.
1998წ. სექტემბერში სიღნაღის სასოფლო საკრედიტო კავშირის მსესხებელმა ს. ჯ-მა გატანილი კრედიტის დასაფარავად საკრედიტო კავშირში შეიტანა და თ. მ-ლს გადასცა 4100 ლარი, საიდანაც ამ უკანსკნელმა განმეორებით გაიტაცა 260 ლარი.
კასატორი _ მსჯავრდებული თ. მ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და არასწორად დასდო მსჯავრი.
კასატორის განმარტებით, მას რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, იგი თანხებს თვითონ არ გასცემდა, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული სალაროს გასავლის ორდერები, სადაც მოლარის რეკვიზიტებზე ხელს აწერს ნ. კ-ძე. მსჯავრდებულის მითითებით, იმის დასადასტურებლად, რომ ის მოლარე იყო, არსებობს ყალბი დოკუმენტები. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებობს მხოლოდ დოკუმენტების ასლები. ამ დოკუმენტთა დედნები არ არსებობს. კასატორის მითითებით, მას ბანკიდან ფული არ გამოჰქონდა და ვერც გამოიტანდა, ვინაიდან ჩეკზე ხელს აწერდა თვით ნ. ხ-ლი.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ჯ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თ. მ-ის მიმართ საქმის შეწყვეტა.
პროკურორმა ა. მ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებულ მასალები, მოუსმინა მხარეებს _ კასატორ თ. მ-ლს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ც. ჯ-ლს, პროკურორ პ. მ-ეს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
-- და -- გასავლის ორდერებით გამოწერილი და თითქოსდა საკრედიტო კავშირის ხელშეკრულებათა ფორმების დაბეჭვდა-გამრავლებისათვის გაცემული 354 და 264 ლარის, ასევე 1998წ. აპრილ-მაისის თვეებში შედგენილი ორი გასავლის ორდერით თითქოსდა სატრანსპორტო და სხვა ხარჯებისათვის გაცემული 358 და 45 ლარის, აგრეთვე გ. ჩ-სთვის სესხის სახით გადასაცემი 4000 ლარიდან 196 ლარის თ. მ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით დატაცების მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენი ემყარება მხოლოდ თ. მ-ის მიერ შევსებულ გასავლის ორდერებს და მოწმეების _ პ. ხ-ის, ნ. კ-ის, ბ. ზ-ის ჩვენებებს, რომლებიც თ. მ-ლს ამხელენ ზემოთ მითითებული თანხების დატაცებაში. მათი ჩვენებების შესაბამისად, საკრედიტო კავშირს ზემოაღნიშნულ ორდერებში მითითებული სამუშაოებისათვის ამავე ორდერებში მითითებული არანაირი თანხა არ გადაუხდია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს თ. მ-ის მიერ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი -- და -- გასავლის ორდერები 354 და 264 ლარის გაცემის თაობაზე, ასევე ორი ცალი ხელმოუწერავი გასავლის ორდერი 358 და 45 ლარის გაცემის თაობაზე და მოწმეების _ პ. ხ-ის, ნ. კ-ის, გ. უ-ის, ბ. ზ-ის ჩვენებები, რომლებიც ამხელენ თ. მ-ლს მითითებული თანხების გატაცებაში, პალატა აღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს თ. მ-ის მსჯავრდებას ბრალდების ამ ეპიზოდებში. საქმეში არსებული -- და -- გასავლის ორდერები 354 და 264 ლარის გაცემის თაობაზე, მართალია, შევსებულია თ. მ-ის მიერ და მასზე, როგორც ბუღალტერი, აწერს ხელს, მაგრამ ამავე ორდერებში თანხის გამცემად დაფიქსირებულია მოლარე ნ. კ-ძე, რომელიც თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ სწორედ მან გასცა ბუღალტერ თ. მ-ის მიერ გამოწერილი თანხა. სააპელაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს და იზიარებს მოწმე ნ. კ-ის ჩვენებებს, რომ ვინაიდან თ. მ-ლი ძალიან დატვირთული იყო, მისივე თხოვნით ეხმარებოდა ფულის გასავლის ორდერების შევსებაში და იმ მოტივით, რომ სალაროს გასავლის ორდერი სრულყოფილი ყოფილიყო, თ. მ-სავე თხოვნით ხელს აწერდა მოლარის რეკვიზიტზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მუშაობდა მოლარედ, მაშინ, როდესაც სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. მ-ლი იყო ბუღალტერი და ვინაიდან საკრედიტო კავშირს არ გააჩნდა მოლარის შტატი, კავშირის თავმჯდომარის 1996წ. 16 ოქტომბრის -- ბრძანებით ნაღდი ფულის გაცემა, ბანკთან და წევრებთან ანგარიშსწორება დაევალა ბუღალტერ თ. მ-ლს. პალატა ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ ნ. კ-ის ზემოთ მითითებულ ჩვენებას, ვინაიდან მოწმე ნ. კ-ძე მოლარის რეკვიზიტის გასწვრივ ხელის მოწერით მის მიერ თანხის გაცემას ადასტურებს არა მხოლოდ იმ ორ გასავლის ორდერზე, რომლითაც გაცემული თანხების დატაცებაში თ. მ-ლი იქნა მსჯავრდებული, არამედ 1996-97-98 წლების თითქმის ყველა სალაროს გასავლის ორდერზე. პალატა თვლის, რომ მოლარის რეკვიზიტის გასწვრივ ნ. კ-ს მიერ ხელის მოწერა, ეჭვქვეშ აყენებს მისი და მოწმე ზ. ხ--ის ჩვენებების სარწმუნობას, რომ თ. მ-ლი თვითონ გასცემდა თანხებს და, შესაბამისად, იტაცებდა მათ. აღნიშნული ასევე ეჭვქვეშ აყენებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თ. მ-ლი იყო ბუღალტერი, ხოლო საკრედიტო კავშირს არ გააჩნდა მოლარის შტატი, კავშირის თავმჯდომარის 1996წ. 16 ოქტომბრის -- ბრძანებით ნაღდი ფულის გაცემა, ბანკთან და წევრებთან ანგარიშსწორება დაევალა ბუღალტერ თ. მ-ლს, რომელიც აღნიშნულ საქმიანობასაც ასრულებდა. მართალია, საქმეში არსებობს საკრედიტო კავშირის თავმჯდომარის _ რ. ხ-ის 1996წ. 16 ოქტომბრის ბრძანება, რომლის შესაბამისადაც, სიღნაღის საკრედიტო კავშირის წევრებზე ბიზნესგეგმით გათვალისწინებული ნაღდი ფულის გაცემა და წევრებთან ანგარიშსწორება დაევალა საკრედიტო კავშირის ბუღალტერ თ. მ-ლს, მაგრამ პალტა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტის სარწმუნობა ასევე საეჭვო ხდება იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის ასლი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებს მოწმე ნ. კ-ძე, ანუ ის პირი, რომელიც 1996 წელსვე, 16 ოქტომბრამდეც და 16 ოქტომბრის შემდეგაც, წლების განმავლობაში სალაროს გასავლის ორდერებზე მოლარის რეკვიზიტზე აწერს ხელს, რითაც ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ის გასცემს თანხებს. ზემოთ მითითებული დოკუმენტის, რ. ხ-სა და ნ კ-ის ჩვენებათა სარწმუნობა იმ ნაწილში, რომ თ. მ-ლი ასევე იყო მოლარეც, გარკვეულ ეჭვს იწვევს იქიდან გამომდინარეც, რომ თვით ამ უკანასკნელთა ჩვენებები თ. მ-ის მიერ თანხების გაცემის ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ: ნ. კ-ძე არ უარყოფს, რომ გასავლის ორდერებს ხანდახან ის ავსებდა და მოლარის რეკვიზიტზეც აწერდა ხელს, რის მიზეზადაც ასახელებს იმ გარემოებას, რომ თანხის გაცემისას უამრავი ხალხი იყო და თ. მანგოშვილი ვერ ასწრებდა ვერც გასავლის ორდერის შევსებას და ვერც მოლარის რეკვიზიტზე ხელის მოწერას. რ. ხ-ლი კი განმარტავს, რომ ვინაიდან კავშირის ცალკეული წევრები ვერ ახერხებდნენ ფულის აღებას, მათ თ. მ-ლი წინასწარ შევსებული ორდერებით გადასცემდა ფულს. პალატა თვლის, რომ თუ გაზიარებული იქნება რ. ხ-ის ჩვენება ორდერების წინასწარ შევსების ნაწილში, აზრს მოკლებული გახდება ნ. კ-ის ჩვენების გაზიარება, რომ მსესხებელთა დიდი რიცხვის გამო იგი, თ. მ-ის თხოვნით, ფულის გაცემის დროს ავსებდა და ხელს აწერდა სალაროს გასავლის ორდერზე. პალატა ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ თუ სალაროს გასავლის ორდერზე ბუღალტრის რეკვიზიტზე ხელს აწერდა თ. მ-ლი და იგი ამავე დროს იყო მოლარე და ფულს თვითონ გასცემდა, რა სირთულეს წარმოადგენდა მისთვის მოლარის რეკვიზიტზე ხელის მოწერა. მართალია, საქმეში არსებობს მოწმეების _ გ. ბ-ის ზ. ტ-ის, ი.მ-ის და სხვათა ჩვენებები, რომლებიც უთითებენ, რომ კრედიტის სახით გამოყოფილ თანხებს ისინი თ. მ-ისაგან იღებდნენ, მაგრამ ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თ. მ-ლს მათი კუთვნილი თანხები არასდროს დაუტაცია. რაც შეეხება 1998წ. აპრილ-მაისის თვეებში შედგენილი ორი გასავლის ორდერით თითქოსდა სატრანსპორტო და სხვა ხარჯებისათვის გაცემული 358 და 45 ლარის, ასევე სალაროს გასავლის -- ორდერით გ. ჩ-ის სახელზე გამოწერილი 4000 ლარიდან 196 ლარის თ. მ-ის მიერ დატაცებას, ვერ დგინდება უტყუარი მტკიცებულებებით. საქმის მასალების შესაბამისად, 1998წ. აპრილ-მაისის თვეებში შედგენილი ორ გასავლის ორდერზე არც თვით თ. მ-ლი აწერს ხელს, არც კავშირის ხელმძღვანლი და არც მოლარე, ხოლო -- გასავლის ორდერზე მოლარის რეკვიზიტზე ხელს აწერს ნ. კ-ძე. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ფაქტს, რომ თ. მ-მა გაიტაცა ზემოთ აღნიშნული სალაროს ორდერებში მითითებული თანხები. ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების ამ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს თ. მ-ის მიმართ.
ქ. თბილისის “---იდან” თ. მ-ის მიერ სასოფლო საკრედიტო კავშირის კუთვნილი 25000 ლარის მიღებისა და ამ თანხიდან თ. მ-ის მიერ 1821 ლარის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით გატაცების მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენი ეფუძნება მოწმეების _ რ. ხ-სა და ნ. კ-ის ჩვენებებს, რომელთა შესაბამისადაც, თ. მ-ლი, როგორც საკრედიტო კავშირის ბუღალტერი, “---იდან” ნაღდ ფულს პირადად იღებდა რ. ხ-ის მიერ წინასწარ ხელმოწერილი, ბანკისათვის წარსადგენი ფულადი ჩეკის საფუძველზე. მოწმეების _ რ. ხ-სა და ნ. კ-ს განმარტებით, მართალია, ბანკიდან ფულის გამოტანა არ დაიშვება სხვისი სახელით, მაგრამ თ. მ-ლს ბანკიდან რ. ხ-ის სახელით ფულის გამოტანაში აქტიურად ეხმარებოდა რ. ხ-ის ძმისშვილი, ბანკის მმართველის მოადგილე პ. ხ-ლი, რომელიც აცხადებს, რომ ბანკიდან თანხები მისი დახმარებით გაჰქონდა თ. მ-ს ნდობის ფაქტორის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ფულის გამოტანის შესახებ ჩეკს ხელს აწერდა ბიძამისი რ. ხ-ლი. მითითებულ მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, 1997 წელს რ. ხ-მა თ. მ-ზე გასცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც, რ. ხ-ლი თ. მ-ლს უფლებას აძლევდა, მისი ხელმოწერილი ჩეკით ნებისმიერ დროს გამოეტანა სიღნაღის საკრედიტო კავშირის კუთვნილ ჩეკში აღნიშნული თანხა. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და არასწორად ჩათვალა ისინი საკმარისად თ. მ-ის მსჯავრდებისათვის. პალატა ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ რ. ხ-ის, ნ. კ-სა და პ. ხ-ის ჩვენებებს, ვინაიდან საქმეში არსებობს ჩეკის წიგნაკი ნაღდი ფულის მისაღებად, რომლის შესაბამისადაც, “---იდან” თანხა _ 25000 ლარი გაცემულია არა თ. მ-ზე, არამედ _ რ. ხ-ზე, ანუ იმ პირზე, ვინც ხელს აწერს ჩეკს. გარდა აღნიშნულისა, მითითებულ მოწმეთა ჩვენებების სარწმუნობას საეჭვოდ ხდის “---ის” მოლარის დ. ნოზაძის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომელმაც კატეგორიულად უარყო მინდობილობის საფუძველზე ბანკიდან თანხის თ. მ-ზე გაცემა. მისი განმარტებით, იგი თანხას გასცემდა მხოლოდ იმ პირზე, ვინც ხელს აწერდა ჩეკს. მართალია, სააპელაციო პალტამ არ გაიზიარა დ. ნ-ის ეს ჩვენება და სარწმუნოდ ჩათვალა მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რითაც იგი ადასტურებს თანხის თ. მ-ზე გაცემას, მაგრამ პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოლარის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დ. ნ-ის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნობა დადგენილია სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხული ეროვნული ბანკის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს უფროსის _ ლ. რ-ის ჩვენებით, რითაც იგი ადასტურებს, რომ მინდობილობით ჩეკში იწერება იმ პირის გვარი და სახელი, ვისზეც უნდა გაიცეს ფული და ფულს იღებს ის, ვინც ჩეკზე აწერს ხელს. სხვა პირი ფულს ვერ მიიღებს. სპეციალისტის განმარტებით, მინდობილობა იმისათვის იყო საჭირო, რომ ჩეკით სხვა პირს გამოეტანა თანხა. ასეთ შემთხვევაში ჩეკის გამოწერა ხდება იმ პირის სახელზე, ვისაც გამოაქვს ბანკიდან თანხა. მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელისათვის პრობლემას არ წარმოადგენდაAჩეკის გამოწერა იმ პირის სახელზე, ვისაც რეალურად ფული უნდა გამოეტანა ბანკიდან. მითითებულიდან გამომდინარე, პალატას საეჭვოდ მიაჩნია დ. ხ-ის, პ. ხ-სა და ნ. კ-ის ჩვენებების სარწმუნობა იმ ნაწილში, სადაც ისინი უთითებენ, რომ არსებობდა წერილობითი მინდობილობა თ. მ-ის სახელზე და მან ამ მინდობილობის საფუძველზე გამოიტანა თანხა, მაშინ, როდესაც კავშირის ხელმძღვანელისათვის სირთულეს არ წარმოადგენდა თვით ჩეკის გამოწერა თ. მ-ის სახელზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში დევს მხოლოდ მინდობილობის ასლი. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ფაქტს, რომ თ. მ-მა “---იდან” მიიღო 25000 ლარი, საიდანაც გაიტაცა 1821 ლარი. ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების ამ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმე თ. მ-ის მიმართ უნდა შეწყდეს.
კრედიტის დასაფარავად ს. ჯ-ის მიერ საკრედიტო კავშირში შეტანილი 4100 ლარიდან თ. მ-ის მიერ 260 ლარის დატაცების მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენი ემყარება დოკუმენტური რევიზიის აქტისა და საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნას, რომელთა შესაბამისადაც, სიღნაღის სასოფლო საკრედიტო კავშირის წევრის ს. ჯ-ის მიერ დაფარული კრედიტის სახით 4100 ლარიდან 3000 ლარი შეტანილია “---ში”, 300 ლარი გადახდილია სოციალური დაზღვევის ანარიცხებში, ხოლო 540 ლარი გაცემულია ხელფასებად, დარჩენილი 260 ლარი კი არაფრითაა დაბალანსებული. განაჩენში არაფერია ნათქვამი, როდის და როგორ მოხდა თ. მ-ის მიერ აღნიშნული თანხის გატაცება; განაჩენი არ მსჯელობს არც დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტურ მხარეზე. მართალია, თვით მსჯავრდებული თ. მ-ლი არ უარყოფს 260 ლარის მიღების ფაქტს, მაგრამ იგი უთითებს, რომ ეს თანხა მას გადასცა პირადად რ. ხ-მა. პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რათა დადგენილად იქნეს მიჩნეული 260 ლარის თ. მ-ის მიერ დატაცების ფაქტი. პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება გამოიწვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლების დარღვევას. საქმის მასალების შესაბამისად, ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება თ. მ-ლს, განხორციელებულია 1997 წელს. ამ და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, თ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2000 წელს და თითქმის ხუთი წელია მიმდინარეობს საქმის წარმოება. საქმის მასალების შესაბამისად, საქმე აღიძრა 2000წ. იანვარში, 2000წ. ოქტომბერში საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში, საიდანაც საქმე 2001წ. სექტემბერში დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. დამატებითი გამოძიება გრძელდებოდა 2002წ. ივნისამდე, ივნისის შემდეგ თითქმის სამი წელია მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. აღნიშნულის მხედველობაში მიღებითა და აგრეთვე იქიდან გამომდინარე, რომ პირი არ შეიძლება იმყოფებოდეს სამართლებრივ განუსაზღვრელობაში, პალატა თვლის, რომ თ. მ-ის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის განაჩენი თ. მ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის განაჩენი თ. მ-ის მიმართ და სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.