განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 440-აპ 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მაისის გამამართლებელი განაჩენი დ. გ-ის მიმართ და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. დ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით. სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მას დაევალა ნარკომანიის მკურნალობის კურსის გავლა.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დ. გ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა, შეინახა, გადმოზიდა და საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ, 2003წ. 4 ივლისს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 0,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა, გადმოზიდა და საქართველოში შემოიტანა იმავე წლის 6 ივლისს. ქ. თბილისის აეროპორტში ჩამოფრენისას იგი დააკავეს აეროპორტის პოლიციის მუშაკებმა და მისგან ამოიღეს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მაისის განაჩენით დ. გ-ლი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, გააუქმა რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ა-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. ა-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ დ. გოგეშვილი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, მაშინ, როდესაც რაიონულმა სასამართლომ სავსებით კანონიერად გაამართლა ის წარდგენილ ბრალდებაში. ადვოკატმა დ. ა-ემ იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა დ. გ-აც.
პროკურორმა ზ. ლ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა დ. გ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა მარეაბილიტირებელი საფუძვლით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დ. გ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “პ” ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში საქმის საკასაციო წესით განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ზ. ლ-მა უარი თქვა ბრალდებაზე და იშუამდგომლა დ. გ-ის მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. პალატა ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დ. გ-ლს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, მაგრამ მას არ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა არის განზრახვის გამომრიცხავი გარემოება, რადგან დ. გ-მა არ იცოდა, რომ მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი “მეთადონის” საქართველოში შემოტანა ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, მით უმეტეს, იგი “მეთადონს” იღებდა ექიმის დანიშნულებით და როდესაც ქ. ჟენევიდან ჩამოფრინდა, არ იცოდა, რომ “მეთადონი” შეტანილი არის იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაში, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, შემოტანა და ა.შ. იძლევა ნარკოტიკული დანაშაულის შემადგენლობას. აღნიშნულის საფუძველზე განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განაჩენი დ. გ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
დ. გ-ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ, რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.