საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 211 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა განსასჯელ ლ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ლ. კ-ნს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 299-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ლ.კ-მა ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კერძოდ, სამეწარმეო ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებით ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა არაერთგზის კომერციული მოსყიდვა, კერძოდ, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისათვის ქონების უკანონოდ გადაცემა და მიღება, ან ქონებრივი მომსახურების უკანონოდ გაწევა და სარგებლობა, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესებისათვის; მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება და არაერთგზის წიაღით უკანონო სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. კ-ნი ნინოწმინდის სახაზინო საწარმო “--- უბონის“ უფროსად მუშაობდა 1998წ. 10 ივლისიდან, მისი დაარსების დღიდან და ითვლებოდა ხელმძღვანელ პირად. მან ერთპიროვნულად, თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ამ საწარმოს კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მისთვის გამორჩენის მიზნით, საწარმოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისი მუშაობის პერიოდში ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ შეადგინა 13.893 ლარი, მათ შორის, მოგების გადასახადის სახით – 7.199 ლარი, აქედან საურავი – 3.542 ლარი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის _ 6.037 ლარი, მათ შორის, საურავი – 2.991 ლარი, სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი – 314 ლარი და დეკლარაციის წარმოუდგენლობისათვის – 343 ლარი.
ლ.კ-მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როგორც ხელმძღვანელმა პირმა, ერთპიროვნულად, არაერთგზის, ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში: იგი სარგებლობდა რა იმით, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფლობდა მიწის წიაღით სარგებლობის ლიცენზიასა და ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე ამ უკანასკნელთა მიერ უკანონოდ მოპოვებულ და დამზადებულ ბაზალტის პროდუქციას აფორმებდა თავის სახელზე და ექსპორტირებას უწევდა სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, რითაც ლ.კობელიანი ხელს უწყობდა ბაზალტის ქვის დამამზადებელი რეალიზატორების მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობას. ამ გზით რუსეთის სახელმწიფოში ექსპორტის რეჟიმის სახით გატანილია 3.041 ტონა უკანონოდ მოპოვებული ბაზალტის დახერხილი ფილები.
მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება, რაც გამოიხატა იმაში, რომ საწარმოში მისი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბიუჯეტის სასარგებლოდ არ გადაიხადა 13.893 ლარი, კერძოდ, მოგების გადასახადი – 7.199 ლარი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის _ 6.037 ლარი, დეკლარაციის წარმოუდგენლობისათვის – 343 ლარი, სამეწარმეო საქმიანობის _ 314 ლარი.
მანვე ჩაიდინა არაერთგზის წიაღით უკანონო სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ, ლ.კ-მა 1998წ. აგვისტოდან 2001წ. 1 მაისამდე უკანონოდ მოიპოვა და რუსეთის სახელმწიფოში გაიტანა 1.490 ტონა ბაზალტის ქვა, აქედან _ 1.341 ტონა ბაზალტის ქვიდან მიღებული 671 ტონა ბაზალტის ფილა.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ლ. კ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 299-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ პროკურატურას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განჩინებით გაუქმდა ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის დადგენილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ასპინძის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
განსასჯელი ლ.კ-ნი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივებით, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ცალმხრივად; არ გაარკვია 2001წ. 22 ივნისის აქტის საფუძველზე აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე; ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობას; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე ¹-- უნდა შეწყდეს და არ უნდა გახდეს სასამართლო განხილვის საფუძველი.
განსასჯელის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ.ხ-ია მხარს უჭერს განსასჯელის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ლ.კობელიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
პროკურორი პ.მსხილაძე არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ლ.კ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ლ.კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს, გააუქმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება ლ.კ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ გამოუკვლევია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და იმსჯელა მხოლოდ რაიონული სასამართლოს დადგენილების კანონიერებაზე, თუ რამდენად სწორად იქნა საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნებული.
ასპინძის რაიონულმა სასამართლომ ლ.კობელიანის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დააბრუნა იმ მოტივებით, რომ საბრალდებო დასკვნაში ლ.კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებზე, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მუხლს აქვს ქვეპუნქტები, მითითებული არ არის ის კონკრეტული ქვეპუნქტები, რაც მას შერაცხული აქვს ბრალდებაში, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 409-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა; გარდა ამისა, საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებლად უნდა ჩატარდეს სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება სასამართლომ ვერ შეძლო, მიუხედავად ყველა ზომის მიღებისა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ შეიძლება გამხდარიყო საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების საფუძველი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ თვითონ დანიშნა ექსპერტიზა, რისთვისაც საჭირო გახდა იმ პირველადი დოკუმენტების მოძიება, რასაც დაეყრდნო კონტროლის პალატა რევიზიის აქტის შედგენისას, მაგრამ, მიუხედავად მიღებული ზომებისა, პროკურატურამ ვერ მოიძია ის პირველადი დოკუმენტები, რის საფუძველზეც უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა. ამდენად, აღნიშნული მოტივით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საბრალდებო დასკვნაში ლ.კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებზე მითითებული არ არის კონკრეტული ქვეპუნქტები, ეს სასამართლოს შეეძლო, თავად დაეზუსტებინა და ემსჯელა ბრალდებაში შერაცხული მაკვალიფიცირებელი გარემოების შესაბამისი ქვეპუნქტის შესახებ, რაც არ გამოიწვევდა განსასჯელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, საქმე დააბრუნოს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, როდესაც პროკურორი არ შუამდგომლობს ამის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის დადგენილება ლ.კ-ის სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად სამცხე-ჯავახეთის რეგიონული პროკურატურისთვის გადაცემის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ასპინძის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განჩინება ლ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.