საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 40I 7 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ნ. ე-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ე-ას განცხადება ამავე სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენის და საკასაციო საჩივრის მიღების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 აგვისტოს განჩინებით, ნ. ე-ა ცნობილ იქნა პირად, რომელმაც შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და 366-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2002წ. 2 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს.ს. “---ის” წარმომადგენელმა ნ. ჟ-ამ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ნ. ჟ-ია და მ. ჭ-ძე, ასევე, მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ლ-ვა და მისი წარმომადგენელი ნ. ე-ია. სხდომაზე ე. ლ-ამ და ნ. ე-ამ იშუამდგომლეს მოსამართლის აცილების თაობაზე. ს.ს. “---ის” წარმომადგენელმა მ. ჭ-ემ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა ნ. ე-ამ სამართალწარმოების მონაწილეებს _ მ. ჭ-ეს და ნ. ჟ-ას უცენზურო სიტყვებით მიმართა, დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით. მოსამართლე დ. ჟ-მა მას შენიშვნა მისცა, რის გამოც ნ. ე-ამ ამჯერად მასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ საქმის განხილვა შეწყვიტა და დერეფანში გავიდა. მას დაედევნა ნ. ე-ია, უწმაწური სიტყვებით განაგრძო მისი შეურაცხყოფა, დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწირებით და ქონების განადგურებით. დ. ჟ-ნი სასამართლოს თავმჯდომარის _ შ. ხ-ის სამუშაო კაბინეტიდან ტელეფონით დაუკავშირდა ქ. ქუთაისის შს სამმართველოს ¹--ე განყოფილებას და დახმარება ითხოვა. ამ დროს კაბინეტში შეიჭრა ნ. ე-ია და განაგრძო მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა და იგი აღკვეთეს პოლიციის თანამშრომლებმა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ. ე-ას აღენიშნებოდა პიროვნული და პარანოიდულ-პერსონოლოგიური აშლილობა, ფსიქიკის ავადმყოფური მდგომარეობა _ ფსიქიკის გენეზის, პიროვნების პარანოიალური განვითარების სახით. ფსიქიკური მდგომარეობით წარმოადგენს მომეტებულ სოციალურ საშიშროებას. ნ. ე-ას შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება _ დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა.
ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის დადგენილებით, დაკმაყოფილდა ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის წარდგინება _ ნ. ე-ას მოეხსნა იძულებითი დისპანსერული მკურნალობა და გადაყვანილ იქნა საერთო წესით მკურნალობის რეჟიმზე.
2005წ. 7 აგვისტოს ნ. ე-ამ კერძო საკასაციო საჩივრი მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ არ გაცნობია საქმის მასალებს და სასამართლოში არ იყო უზრუნველყოფილი საბოლოო სიტყვის უფლებით. ამასთან, არ იცნობს მის ადვოკატს და მას მოღალატედ მიიჩნევს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2005წ. 27 ივლისის განჩინებით ნ. ე-ას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ არ არსებობს გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი.
კერძო საკასაციო საჩივრით ნ. ე-ია მოითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 27 ივლისის განჩინების გაუქმებას, ამავე სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენას და მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას შემდეგი მოტივებით:
გასაჩივრების ვადის აღდგენის საკითხი განიხილა მოსამართლეთა იმავე შემადგენლობამ, რომელმაც დაადგინა გასაჩივრებული განჩინება. უკანონოდ მოთავსებულ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დისპანსერულ განყოფილებაში და აეკრძალა ადვოკატებთან შეხვედრა. ვერ მიიღო მონაწილეობა საქმის სასამართლო განხილვაში. ადვოკატი კ. ხ-უა არ დაინტერესებულა საქმის არსით და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხით.
სასამართლო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. გ-ამ მიმოიხილა რა საქმეში არსებული მასალები, მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების თაობაზე.
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ჩ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინება ნ. ე-ას მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადგენილია 2003წ. 5 აგვისტოს, რა დროსაც სხდომას ესწრებოდნენ ნ. ე-ას კანონიერი წარმომადგენლები _ ტ. ე-ა და ი. ე-ია, აგრეთვე, მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ხ-უა. განჩინების ასლი ნ. ე-ას გაეგზავნა იმავე წლის 21 აგვისტოს და იგი არ გასაჩივრებულა. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების გამოტანიდან გასულია ორ წელზე მეტი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ მართებულად ჩათვალა, რომ გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი არ მოიპოვება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ე-ას საჩივარი გასაჩივრების ვადის აღდგენის და საკასაციო საჩივრის მიღების შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.