საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.02.2005
საქმის ნომერი
2კ-52-I-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 52I 8 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ქ-ლი 19-- წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1989წ. 27 თებერვალს ი. ქ-ლი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, მე-19,190-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა პირადი ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე; მასვე, საქართველოს სსრ სსკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა ადმინისტრაციულ ორგანოებში თანამდებობის პირად მუშაობის უფლება 3 წლის ვადით.

საქართველოს სსრ სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ი. ქ-ლს საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა პირადი ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით; ადმინისტრაციულ ორგანოებში თანამდებობის პირად მუშაობის უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა 1991წ. 22 ნოემბერს გააუქმა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1989წ. 27 თებერვლის განაჩენი ი. ქ-ისა და სხვათა მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურას.

საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის 1992წ. 5 ნოემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ი. ქ-ის მიმართ მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

1994 წელს ი. ქ-ლი აღადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საიდანაც დათხოვნილ იქნა 1996წ. 25 ოქტომბერს ასაკის შესრულებასთან დაკავშირებით და გავიდა პენსიაზე.

ი. ქ-ა 1998წ. 25 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო პატიმრობისა და უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის _ 130 600 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 34949 აშშ დოლარის გადახდა ი. ქ-ის სასარგებლოდ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოიშვა დავა განსჯადობის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2004წ. 4 მარტის დადგენილებით საქმის განხილვა დაევალა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართალწარმოების წესით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებით ი. ქ-ლს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მან გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა.

აღნიშნული დადგენილება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

ი. ქ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, ფინანსთა სამინისტროსათვის თავის სასარგებლოდ მატერიალური ზარალის _ 69146 ლარისა და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის სახით _ 60000 ლარის დაკისრებას.

პროკურორი ი. ა-ძე შესაგებლით ითხოვს განჩინების უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. ა-ემ მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ სსსკ-ის 209-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ი. ქ-ლს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ეცნობა 1994წ. 12 ივლისს. მან სასამართლოს მიმართა 1998წ. 25 ივნისს, ე.ი. რეაბილიტაციის აქტის გამოტანიდან 6 წლის შემდეგ, სამართალდამცავ სისტემაში სამუშაოდ აღდგენიდან 4 წლისა და 11 თვის შემდეგ და როცა ჩაბარდა დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ი. ქ-ლმა არ მიმართა სასამართლოს იმდროინდელი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის სამწლიან ვადაში და არასაპატიო მიზეზით გაუშვა ვადა.

ამჟამად მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 227-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: “ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში”.

აქედან გამომდინარე, ი. ქ-ლმა გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა და როგორც რაიონული, ისე სააპელაციო სასამართლოების მიერ სრულიად საფუძვლიანად ეთქვა უარი ვადის აღდგენაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.