საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 362-აპ 2 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულების _ ჟ. და ჰ. მ-ების საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 დეკემბრის განაჩენი ჰ. და ჟ. მ-ების მიმართ.
აღნიშნული განაჩენით ჰ. მ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ჟ. მ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებთი შეეცვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მსჯავრდებულებს _ ჰ. და ჟ. მ-ებს დაზარალებულ ხ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ გადაუდებელი ოპერაციისათვის საჭირო თანხის _ 2017 ლარისა და 90 თეთრის ანაზღაურება. მათვე დაეკისრათ დაზარალებულ ხ. ბ-ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდა.
დაზარალებულ ხ. ბ-ეს შეუნარჩუნდა უფლება, 3880 ლარის და ქ. მოსკოვში ჩატარებული ოპერაციისათვის საჭირო თანხის _ 5000 აშშ დოლარის ანაზღაურებისათვის მოთხოვნა განახორციელოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილია, რომ ჩხუბის დროს, ჰ. მ-ემ დაზარალებულ ხ. ბ-ეს კეფის არეში მკვრივი საგნის (ბელტის ქვის) დარტყმით მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ჟ. მ-ემ სახის არეში ქვის დარტყმით მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ჟ. მ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამართლებას, მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ არის მსჯავრდებული.
მსჯავრდებული ჰ. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 121-ე მუხლზე, შეეფარდოს არასაპატიმრო ღონისძიება, ხოლო სამოქალაქო სარჩელი დარჩეს განუხილველად, საჭირო მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ჟ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა ჟ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფლება.
მსჯავრდებულ ჰ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მაია ტალახაძემ მხარი დაუჭირა ჰ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა ხ. ბა-ემ უკან გამოითხოვა თავისი საკასაციო საჩივარი, პალატის წინაშე იშუამდგომლა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
პროკურორმა ნ. ნ-მ კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულების -ჰ. და ჟ. მ-ბის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულების - ჰ. და ჟ. მ-ების მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია დაზარალებულ ხ. ბ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ჰ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სავსებით კანონიერადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიმართ განსაზღვრული სასჯელიც არის კანონიერი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლომ ასევე სავსებით კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულ ჟ. მ-ის ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიმართ განსაზღვრული სასჯელიც კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განაჩენი ჰ. და ჟ. მ-ების მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.