შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 219-აპ 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის განაჩენით მ. ქ. (ნასამართლევი, ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2003წ. 26 ივლისს პრეზიდენტის შეწყალების აქტით) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004წ. 30 იანვარს ქ. ქუთაისში, ... საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ, მ. ქ-ს ჩაუტარდა პირადი ჩრეკა, ჩხრეკისას მისგან ამოღებულ იქნა 0,9 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”, რომელიც მ. ქ-ს გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ ჰქონდა შეძენილი.
საკასაციო საჩივრით მ. ქ. ითხოვს სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ იგი დაავადებულია ისეთი მძიმე და განუკურნებელი დაავადებებით, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და დაცვის მინისტრის 2003წ. ბრძანების საფუძველზე განეკუთვნება იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა კატეგორიას, რომლებიც სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ჰყავს ოთხი შვილი, აქედან ორი _ არასრულწლოვანი, ერთი კი _ პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და მკურნალობას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაეცვალა მცირეწლოვანი ობოლი შვილიშვილი, რომელიც მასთან იზრდებოდა.
მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 74-ე მუხლის გამოყენება და მისი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლება. ამასთან, დააყენა ალტერნატიული მოთხოვნა შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ. ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებული არის მძიმე ავადმყოფი, მრავალშვილიანი დედა, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ჰყავს მოხუცი, ინვალიდი მამა და ინვალიდი შვილი, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მოვლასა და ყურადღებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ხ. ა-მა და მ. ყ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ასევე _ ადვოკატ მ. მ-ს ალტერნატიულ მოთხოვნას.
მსჯავრდებულმა მ. ქ-მ მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ალტერნატიულ მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების ნაწილში.
პროკურორმა ჯ. კ-მა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ მ ქ-ს საკასაციო საჩივარს, მან მხარი დაუჭირა ქუთაისის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულ მ. ქ-სათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, მის პიროვნებას და ლმობიერია. პროკურორის განმარტებით, მ. ქ. წარსულში ნასამართლევია, მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულ მ. ქ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ მ. ყ-ს, ხ. ა-ს, თ. მ-ს, პროკურორ ჯ. კ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ მ. ქ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, რომ იგი აღიარებს და ინანიებს თავის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას; შეგნებული აქვს, რაც ჩაიდინა; ითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს შედეგებს და ნანობს ასეთი ქმედების ჩადენას, ხასიათდება დადებითად; არის 4 შვილის დედა, რომელთაგან ერთი _ 12 წლის _ არის I ჯგუფის ინვალიდი და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და მკურნალობას, და რომელსაც დედის გარდა სხვა მზრუნველი არა ჰყავს, კმაყოფაზე ჰყავს 80 წლის ინვალიდი მამა. ყოველივე აღნიშნულისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მ. ქ. არის ნარკოლოგიური საშუალების მომხმარებელი, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ასევე თვით ნარკოტიკული საშუალების ოდენობის მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ქ-ს შეფარდებული სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს 2 (ორ) წლამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის განაჩენი მ. ქ-ს მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 1 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ქ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 13 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლამდე.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.