საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 325-აპ 21 დეკემბერი. 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 მარტის განაჩენით ზ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ზ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 31 ოქტომბერს ზ. ბ-ს ახმეტის რაიონული სასამართლოს მიერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკული საშუალების არასამედიცინო მოხმარებისათვის. 2003წ. 24 იანვარს იგი შს ახმეტის რაიგანყოფილების მუშაკებმა შესამოწმებლად გადაიყვანეს შპს “თელავის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში”, სადაც შემოწმების შედეგად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
მსჯავრდებული ზ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა თავად მსჯავრდებულიც.
პროკურორმა დ. ბ-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული უდავოდაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ჩადენილი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, იგი თავს ცნობს დამნაშავედ და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ ზ. ბ-ს სასჯელი განსაზღვრული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით. მან გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად. პალატა თვლის, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ზ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განაჩენი ზ. ბაღაკაშვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.