შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.02.2005
საქმის ნომერი
2კ-400აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 400-აპ 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განაჩენით:

ი. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის I ნაწილით, 177-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004წ. 3 აპრილს, დაახლოებით 14.00 საათზე, ა. მ., ი. ო. და გ. ქ. შეთანხმდნენ, ფარულად დაუფლებოდნენ სოფ. ... მცხოვრებ ნ. ყ-ს კუთვნილ ქონებას.

ი. ო-მა არასრულწლოვანი, .......წ. ........ დაბადებული ა. მ. დაიყოლია ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე. შეთანხმებისამებრ, ისინი იმავე დღეს, დაახლოებით 23.00 საათზე, მივიდნენ ნ. ყ-ს საცხოვრებელ ბინასთან. ა. მ-ს მიერ გადაჭრილი გისოსიდან გ. ქ. შევიდა ბინაში, ი. ოსმანოვი კი დარჩა გარეთ.

ნ. ყ-ს ბინიდან მოპარული ნივთები მეორე დღეს გ. ქ-მა და ი. ო-მა გაყიდეს 320 ლარად. ნაწილი ფულისა დახარჯეს, ხოლო ნაწილი კი, კერძოდ 255 ლარი, სამმა გაიყო თანაბრად, თითოეულს შეხვდა 85 ლარი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ო. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. მ. ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ი. ო. ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ასევე _ მეორე ჯგუფის ინვალიდი ძმა.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. მ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის შეფარდებას იმ საფუძვლით, რომ იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგნებული აქვს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ასევე _ ინვალიდი ძმა.

პროკურორმა გ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ გ. ქ-ს, ადვოკატ შ. მ-ს, მსჯავრდებულ ი. ო-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ ი. ო-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩანადენს, როგორც წინასწარ, ასევე სასამართლო გამოძიებისას ხელი შეუწყო საქმის წარმოების სწრაფად დამთავრებას, ხასიათდება დადებითად, პირველადაა სამართალში, დანაშაული ჩაიდინა უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების პირობებში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ძმა და ასევე მეორე ჯგუფის ინვალიდი დედა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, მამამ 1986 წლიდან მიატოვა ისინი. მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და არ არის დაინტერესებული, რომ იგი მკაცრად დაისაჯოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებითა და ჩადენილი ქმედების, დამდგარი შედეგისა და მიყენებული ზიანის მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი ი. ო-ს მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ და შეფარდებული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 4 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. ო-ს მიმართ შეიცვალოს მის სასიკეთოდ:

ი. ო-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.