საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.04.2005
საქმის ნომერი
2კ-102აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 102-აპ 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ფ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რასაც მოჰყვა დაზარალებულთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები, რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით ბ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 27 აპრილს პოლიციის აკადემიის კურსანტი ბ. ფ. მართავდა რა თავისი მეგობრის ა. ს-ს კუთვნილ “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანას, ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მოძრაობისას დაარღვია “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის მოთხოვნები, ყოველგვარი ხელის შემშლელი პირობების გარეშე გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, ამოტრიალდა და ასეთ მდგომარეობაში შეეჯახა თავის სავალ გზაზე მოძრავ “ვაზ 2105” მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მძღოლი ი. მ., რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, მისმა მგზავრებმა: თ. მ-მ _ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, დ. მ-მ _ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მ. ჟ. _ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება”.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ბ. ფ-ს დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-მ და დაზარალებულების _ ი. მ-ს, თ. მ-ს, დ. მ-ს, მ. ჟ-ს დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა სააპელაციო საჩივრებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

მსჯავრდებულის დამცველი თავისი საჩივრით ითხოვდა ბ. ფ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ ბ. ფ-ს არ ჩაუდენია დანაშაული.

დაზარალებულთა დამცველი თავისი საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შებრუნებას მსჯავრდებულისათვის საუარესოდ, კერძოდ, მის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

სააპელაციო პალატამ შეტანილი საჩივრები განიხილა მხარეთა მონაწილეობით და 2004წ. 29 დეკემბრის განაჩენით, არ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა, მსჯავრდებულ ბ. ფ-ს მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 3 აგვისტოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ბ. ფ-ს დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს, მსჯავრდებულს დაენიშნოს სასჯელის ისეთი ღონისძიება, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

დაზარალებულებმა: ი., თ. და დ. მ-ებმა და მ. ჟ-მა საკასაციო საჩივარზე შეიტანეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ, რომ მსჯავრდებულ ბ. ფ-სა და მის დამცველს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ბ. ფ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებულებმა და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა განაცხადა, რომ ისინი შეურიგდნენ მსჯავრდებულს, რომელმაც აანაზღაურა დანაშაულით მათთვის მიყენებული ზიანი, რის გამოც ისინი ხსნიან შესაგებელში წარმოდგენილ მოთხოვნას და აღარ ითხოვენ შ. ფ-ს მკაცრად დასჯას.

პროცესში მონაწილე პროკურორმა არ. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და დაზარალებულთა მოთხოვნას იმ მოტივით, რომ წინათ შ. ფ. არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ზარალი არ იყო მის მიერ დროულად და სრულად ანაზღაურებული, არ აღმოუჩინა ქმედითი დახმარება დაშავებულებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე. პროკურორი ითხოვს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები შ. ფ-ს ბრალდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში მისი ბრალდების საქმის განხილვისას ბ. ფ-მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. დაზარალებულებს ამ დროისათვის ნებაყოფლობით უკვე მთლიანად აუნაზღაურა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანი. ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბ. ფ. პირველადაა სამართალში და წარსულში ხასიათდება დადებითად. მას ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული გაუფრთხილებლობით, ამასთან, დანაშაული ჩადენილია შემთხვევით გარემოებათა გამო. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. სასჯელის ისეთი მკაცრი ზომის გამოყენების მიზანს, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, წარმოადგენს საშიში დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის აღკვეთა და გამასწორებელი ღონისძიებებით ინტენსიური ზემოქმედება მის გამოსასწორებლად. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლებიდან და ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სრულიად აშკარაა, რომ ბ. ფ-ს მიმართ მსგავსი სასჯელის მკაცრი ზომების გამოყენება ოჯახისა და საზოგადოებისაგან იზოლაციის პირობებში, მოკლებულია მიზანშეწონილობას, რადგან იგი ფაქტობრივად უკვე გამოსწორებულია. გასათვალისწინებელი და საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებმა ბ. ფ-ს აპატიეს ჩადენილი დანაშაული და შეურიგდნენ მას. მითითებულ გარემოებათა გამო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ ბ. ფ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რისთვისაც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ფ-ს დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ბ. ფ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით _ ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

პირობით მსჯავრდებულის ბ. ფ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.