საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 202-აპ 27 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ღ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 დეკემბრის განაჩენით გ. ღ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით _ 6 წლითა და 6 თვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენით ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 დეკემბრის განაჩენი გ. ღ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ.ღ-ს მსჯავრი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 8 ნოემბერს გ. ღ-მ, მოძრაობდა რა სოფ. ... ცაგერის მიმართულებით, სოფ. ... გადასასვლელზე მოძრაობის დროს, დაარღვია “გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 20.4 და 29.1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: “სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გასვლის წინ, მგზავრობისას, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის... არ იმოძრაოს მუშა-სამუხრუჭო სისტემის საჭის მექანიზმის გაუმართაობისას, გზაში სხვა გაუმართაობის წარმოშობისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი და წაიყვანოს სატრანსპორტო სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით... მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას მართავს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, ითვალისწინებს მოძრაობის ინტენსიურობას, სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის თავისებურებებს და მდგომარეობას, საგზაო და მეტეოროლოგიურ პირობებს მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რომლის შენიშვნა მძღოლს შეუძლია, ის იღებს შესაძლო ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით”. მიუხედავად აღნიშნულისა, მან დაარღვია ზემოთ მითითებული მოთხოვნები, რის გამოც ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვის სწორი ორიენტაცია, გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და გადავარდა კლდეზე, 80 მეტრის მანძილზე. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომობილში მყოფმა კ. ა-მა, ხოლო კ. და ჯ. მ-ებმა მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები და იმავე დღეს გარდაიცვალნენ ცაგერის რაიონის საავადმყოფოში.
მსჯავრდებული გ.ღ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიკურ გაჭირვებას, დაზარალებულები არ ითხოვენ მის მკაცრად დასჯას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც.ზ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ჯ.კ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.ღვინიანიძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით დადგენილია, რომ გ.ღ-მ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნულს არც კასატორი ხდის სადავოდ და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ გ.ღ-სთვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, კერძოდ ის, რომ გულწრფელად აღიარებს და ინინიებს ჩადენილ დანაშაულს; მისი ოჯახი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში; მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არა აქვს და გ.ღვინიანიძეს განუსაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენი გ.ღვინიანიძის მიმართ კანონიერია, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენი გ.ღვინიანიძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენი გ. ღ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.