საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 301-აპ 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განაჩენი გ. მ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნიფთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ, 2004წ. 2 აგვისტოს, 23 საათსა და 30 წუთზე, წინასწარი განზრახვით, ხარაგაულის რაიონის სოფ. ბორითში ხის ჭიშკრის გავლით შეაღწია სოფლის სასაფლაოს შიდა ტერიტორიაზე, მივიდა თ. გ-სა და მ. ლ-ს საფლავზე, სადაც საფლავის მიწისზედა ნაგებობას, წინასწარ მომზადებული ქანჩის დამჭერების გამოყენებით, ახსნა ალუმინის 20 ცალი სხმულა, ჩაიტანა დაბლა და ჩაალაგა “მერსედესის” მარკის ავტომანქანის საბარგულში, რომელსჩაც თავად მართავდა და წაიღო ქ. ხაშურში, დედის _ ნ. შ-ს სახლში. მეორე დღეს ალუმინის სხმულები აღნიშნული ავტომანქანით მიიტანა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიჰყიდა მისთვის უცნობ პირს 95 ლარად, ფული კი გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ნ. ჩ-ს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამ ქმედებისათვის გ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ე” ქვეპუნქტებით.
2004წ. 1 დეკემბრიდან სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 1821-ე მუხლი, რის გამოც 2004წ. 7 დეკემბერს სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოადგინა ბრალდების ახალი ფორმულირება, რომლის თანახმადაც, გ. მ-ს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ე” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
გ.მ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ.მ-მა 2004წ. 2 აგვისტოს, 23 საათსა და 30 წუთზე, წინასწარი განზრახვით, ხარაგაულის რაიონის სოფ. ... ხის ჭიშკრის გავლით შეაღწია სოფლის სასაფლაოს შიდა ტერიტორიაზე, სადაც საფლავის მიწისზედა ნაგებობას, წინასწარ მომზადებული ქანჩის დამჭერის გამოყენებით, ახსნა ალუმინის 20 ცალი სხმული, ჩაიტანა დაბლა და ჩაალაგა “მერსედესის” მარკის ავტომანქანის საბარგულში და წაიღო ქ. ხაშურში, დედამისის _ ნ. შ-ს სახლში. მეორე დღეს აღნიშნული ავტომანქანით ალუმინის სხმულები მიიტანა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიჰყიდა მისთვის უცნობ პირს 95 ლარად, ფული კი გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ნ. ჩ-ს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამ ქმედებისათვის გ. მ.განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებით მიცემულ იქნა სამართალში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.
მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხილს სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ არ არის გაცემული პასუხები იმ საკითხებზე, რომლებიც დაყენებული იყო სააპელაციო სასამართლოს წინაშე; ასევე არასწორად არის წარდგენილი 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიც, რადგან არ არის დადგენილი მიყენებული ზიანის რაოდენობა; არ არის ამოღებული ნივთმტკიცება; არ არის ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა; არ არის გაანგარიშებული და მითითებული, როგორ დაადგინა გამოძიებამ, იყო თუ არა ალუმინის სხმულები და რა რაოდენობის; აღნიშნულის შესახებ პასუხი ვერ გასცა დაზარალებულმაც.
პროკურორი გ. ქ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.მ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.ა. ითხოვს, მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადააკვალიფიცირა გ.მ-ს დანაშაულებრივი ქმედება სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ე” ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე. ადვოკატის პოზიცია გ.მ-ს დანაშაულებრივი ქმედების სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე არასწორია, რამდენადაც აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის დამნაშავის მიზანს საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისას უნდა წარმოადგენდეს მიცვალებულის უპატივცემულობა. ასეთი რამ სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისას არ დაუდგენია. ამდენად, გ.მანჩიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ: ხარაგაულის რაიონის სოფ. ბორითში არსებული სასაფლაოს შიდა ტერიტორიაზე, მიწისზედა ნაგებობიდან, წინასწარ მომზადებული ქანჩის დამჭერის გამოყენებით, ალუმინის 20 ცალი სხმულის ახსნა და თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულით ქ. ხაშურში გადატანა, ასევე, მისი რეალიზაცია 95 ლარად, რითაც დაზარალებულ ნ. ჩ-ს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, სწორად არის გადაკვალიფიცირებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ მსჯავრდებული გ. მ. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად, არის ახალგაზრდა, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, კმაყოფაზე ჰყავს დედა, ასევე იმას, რომ გ.მ-ს სასამართლოს მიერ დავალებული აქვს თ.გ-სა და მ.ლ-ს საფლავის ღობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, რასაც თავისუფლების აღკვეთის პერიოდში ის ვერ შეძლებს, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ.მანჩიკაშვილის მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.
ამდენად, პალატა თვლის, რომ განაჩენში გ. მ-ს მიმართ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება: დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენში გ. მ-ს მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. მ-ს შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი. პირობით მსჯავრდებულ გ. მ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ გ. მ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.