საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.09.2005
საქმის ნომერი
2კ-406დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 406-დად 21 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც მ. მ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის განაჩენით მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით, 127-ე და 254-ე მუხლებით, რისთვისაც მიესაჯა 3 წლით თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული მ. მ. სასჯელს იხდის 2004 წლის 19 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ მ. მ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ მ. მ-ვს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული მ. მ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 1/2 მოიხადა 2005 წლის 19 ივლისს, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.

პროკურორი ო. რ. არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ მ. მ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 1/2, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მსჯავრდებულ მ. მ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 აგვისტოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 567-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 აგვისტოს დადგენილება მ. მ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.