დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 56I 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ პ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-სა და გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ი. წ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ პ. რ-მ შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა სსკ-ის მე-19-109-ე მუხლის “ა” და “ზ” პუნქტებით, 109-ე მუხლის “თ” და “ზ” პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მის მიმართ გამოიყენა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, კერძოდ, დაუნიშნა იძულებითი მკურნალობა ბ. ნ-ს სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაძლიერებული მეთვალყურეობით.
განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პ. რ-მ ჩაიდინა შემდეგი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება: პ. რ მუშაობდა მცხეთის შს სამმართველოს დაბა ზაჰესის განყოფილების უფროსის მოადგილედ _ კრიმინალური პოლიციის უფროსად. 2003წ. 23 მაისს, დილის 10 საათიდან 24 მაისის დილის 10 საათამდე დანიშნული იყო ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელად. 2003წ. 24 მაისს, ღამის 1 საათზე, იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ატარებდა შემოვლას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, მასთან ერთად ჯგუფში იყვნენ ზაჰესის შს განყოფილების თანამშრომლები _ ა. ლ, გ. კ, ე. ჩ და ა. ლ. ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობიდან მხოლოდ ერთს _ ა. ლ-ს ეცვა პოლიციის ფორმა, ხოლო დანარჩენებს _ სამოქალაქო ტანსაცმელი. ჯგუფის ხუთი წევრიდან სამი შეიარაღებული იყო, კერძოდ: გ.კ-ს ჰქონდა ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი და ავტომატური იარაღი, ა. ლ-ს _ ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი. ჯგუფის უფროს პ. რ-ს _ ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, პ. რ-ს, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ასევე ხელში ეჭირა თურქული წარმოების, სტანდარტული “სანსილმაზის” ფირმის მიერ ქარხნული წესით დამზადებული 12-კალიბრიანი, გლუვლულიანი თოფი. ტერიტორიის შემოვლის პროცესში, დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთზე, მათ შენიშნეს “ოპელის” მარკის თეთრი ფერის “...” ავტომანქანა, რომელიც შევიდა და გაჩერდა …. ¹2 სახლის მე-2 სადარბაზოს წინ. აღნიშნულ ავტომანქანაში იჯდა ორი პიროვნება: მძღოლი, ავტომანქანის მფლობელი _ მ. მ და ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს ოფიცერი _ ი. გ, რომელსაც ასევე ჰქონდა ტაბელური “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. ი. გ ჩამოვიდა ავტომანქანიდან და ავიდა თავის საცხოვრებელ სახლში ცოლ-შვილის მოსანახულებლად. მას ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი. ავტომანქანაში დარჩა საჭესთან მჯდომი მ. მ. რამდენიმე წუთში ი.გ ჩამოვიდა სახლიდან და ისევ ჩაჯდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით.
პ. რ-მ, რომელიც შემოვლას ატარებდა ოპერატიული ჯგუფის წევრის _ ა. ლ-ს კუთვნილი “ფორდსკორპიონის” მარკის ავტომანქანით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მ. მ და ი. გ მიიჩნია საეჭვო პირებად, ჯგუფის წევრებს უთხრა, რომ შეემოწმებინათ ხსენებული ავტომანქანა და მასში მსხდომი პირები. იგი ჯგუფის წევრებს _ ა. ლ-ს, ე. ჩ-სა და გ. კ-ს გაუძღვა ავტომანქანისაკენ, ხოლო ა. ლ დარჩა ავტომანქანაში. პ. რ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მისი აზრით, საეჭვო “ოპელის” მარკის ავტომანქანასთან მივიდა, მას ხელში ეჭირა თურქული წარმოების თოფი. მძღოლის მხარეს მივიდნენ პ. რ, ა. ლ და ე. ჩ, ხოლო მძღოლის გვერდით მჯდომი ი. გ-ს მხარეს _ გ. კ. ამ დროს ჯგუფის წევრებმა, მათ შორის _ პ. რ-მ შენიშნეს, რომ მძღოლის გვერდით მჯდომ ი. გ-ს ხელში ეჭირა პისტოლეტი. პ. რ-მ მიიჩნია, რომ საქმე ჰქონდა შეიარაღებულ დამნაშავეებთან, მძღოლის მხრიდან სალონში შეყო თოფის ლულა და ი. გ-ს, მოკვლის მიზნით, თავში დაუმიზნა. ამ დროს გ. კ-მ ი. გ-ს, რომელმაც უკვე ისროლა, პისტოლეტი წაართვა. მიუხედავად ამისა, პ. რ-მ განიარაღებულ ი. გ-ს, მისი მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს, თავის არეში ესროლა თოფი და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამის დანახვაზე მ. მ გადმოხტა მანქანიდან და შეეცადა გაქცევას. პ. რ-მ ისიც ჩათვალა ბოროტმოქმედ პირად და განიზრახა დამამძიმებელ გარემოებებში მოეკლა იგი. ამ მიზნით, თოფიდან მ. მ-ს ორჯერ ესროლა თავის არეში, ამ დროს მ. მ-ს მხარეს იდგა მისივე ჯგუფის წევრი ა. ლ. პ. რ-მ მ. მ-ს მიმართულებით ორჯერ ისროლა. სროლის შედეგად მ. მ-ს ტყვია მოხვდა თავის არეში, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა. ლ-ს _ გულმკერდის არეში, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივრით პ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების შეცვლას იმ მიმართებით, რომ განჩინება იძულებითი მკურნალობის შეფარდების ნაწილში დარჩეს უცვლელად; განჩინებაში პ. რ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ნაწილში შევიდეს ცვლილება, ვინაიდან შემთხვევის დღეს ადგილი ჰქონდა ტრაგიკულ კოლიზიას, რაც არაბრალეულ ქმედებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ იმ პერიოდში ქსნის კოლონიიდან გაქცეული იყვნენ პატიმრები და იყო საგანგებო მდგომარეობა. ასეთ პირობებში პ. რ-მ საეჭვოდ მიიჩნია ავტომანქანა და მასში მყოფი პირები. ადვოკატის განმარტებით, ავტომანქანაში მყოფებმაც ზ. რ და მასთან მყოფი პოლიციელებიც ყაჩაღებად მიიჩნიეს, რასაც შედეგად მოჰყვა ორივე მხრიდან სროლები და მსხვერპლი.
პროკურორმა ზ. ქ-მ მხარი არ დაუჭირა ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარს და თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სასამართლო კოლეგიის განჩინების შეცვლა, კერძოდ, პ. რ-ს მიმართ იძულებითი მკურნალობის გამოყენება მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგის, პ. რ-ს ფსიქიკური მდგომარეობისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ იგი შესაძლებელია, კვლავ აღმოჩნდეს ანალოგიურ ავადმყოფურ მდგომარეობაში. პროკურორის განმარტებით, პ. რ-მ გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შესაძლებელია განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნას როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა პირებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს, ადვოკატებს _ გ. გ-ს, ნ. გ-ს, პროკურორ ზ. ქ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ პ. რ-მ სსკ-ის გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში.
პ. რ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადგენი.მოწმე გ. კ-ს ჩვენებებით, რომელმაც დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პ. რ-ს შემთხვევის დღეს ჰქონდა თურქული წარმოების თოფი. მან ასევე დაადასტურა “ოპელის” მარკის ავტომანქანასთან მისვლის, ი. გ-ს მიერ წარმოებული გასროლის შემდეგ მისი განიარაღებისა და ამის შემდეგ პ. რ-ს მიერ თოფიდან გასროლის ფაქტი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმე კოლოტაურმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ი. გ-სათვის წართმეული იარაღის პ. რ-სათვის მიწოდების ფაქტი. პ. რ-ს ჩვენებათა სარწმუნობა დადგენი.მოწმე ე. ჩ-ს ჩვენებებით, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს პ. რ-ს ჰქონდა თოფი, მან ასევე დაადასტურა ა. ლ-სთან და პ. რ-სთან ერთად ა/მანქანასთან მისვლის და თოფიდან გასროლის ფაქტი. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: მოწმე ჩ-მ ასევე მიუთითა, რომ ი. გ-სათვის წართმეული იარაღი შემდეგ მოხვდა შემთხვევის ადგილზე მ. მ-ს გვამთან, რაც, მისი აზრით, პ. რ-ს უნდა გაეკეთებინა. მოწმე ა. ლ-ს ჩვენებებით, რომელმაც ასევე დაადასტურა შემთხვევის დღეს ჯერ პისტოლეტიდან ერთხელ გასროლის, შემდეგ კი თოფიდან ორჯერ გასროლის ფაქტი. ასევე, ფაქტი, რომ თოფი ჰქონდა პ. რ-ს. მოწმეების _ ზაჰესის შს განყოფილების პასუხისმგებელი მორიგის _ მ. ყ-ს და მორიგის თანაშემწის _ ზ. ქ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ პ. რ იყენებდა უცხოური წარმოების თოფს. შემთხვევის დღეს მას თან ჰქონდა უცხოური წარმოების თოფი. შემთხვევის ღამეს განყოფილებაში დარეკა პ. რ-მ და მისგან შეიტყვეს მომხდარი ფაქტის შესახებ; მანვე, როცა გვიან მივიდა, თან მიიტანა “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ¹..., რომელზეც განაცხადა, რომ ის წაართვეს, მისი წარმოდგენით, ყაჩაღს. ხსენებული იარაღი კი, როგორც შემდეგ გაიგეს, აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილ მ. მ-ს გვამთან.
მ. მ-სა და ა. ლ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ მ. მ-ს სიკვდილი გამოიწვია თავის ქალას სარქველის, ქალას ფუძისა და სახის ძვლების მოტეხილობამ თავის ტვინის დაზიანებით, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ზემოქმედებით.
ა. ლ-ს სიკვდილის მიზეზია გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, ფილტვის, მარჯვენა წინაგულისა და აორტის დაზიანება, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით.
ი. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით მარცხენა მხრიდან თავის არეში მიყენებული აქვს მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მცხეთის შს სამმართველოს დაბა ზაჰესის პოლიციის განყოფილების ეზოში, უკან, ყოფილი საქვაბის ოთახიდან ამოღებულია შავი ფერის, მოკლეტარიანი, უცხოური წარმოების ე. წ. “ვინჩესტერის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, წარმოადგენს თურქული წარმოების სტანდარტულ “სანსილმაზის” ფირმის მიერ ქარხნული წესით დამზადებულ 12-კალიბრიან, გლუვლულიან სანადირო თოფს.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2003წ. 2 ივლისის დასკვნით, პ. რ-ს ესაჭიროებოდა სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2003წ. 24 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, პ. რ-ს დაუდგინდა ფსიქიკური დაავადება, კერძოდ, მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტში, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). იზოლაციის შემდგომ მას განუვითარდა დროებითი ავადმყოფური მდგომარეობა რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინატორული სინდრომის სახით). ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პ. რ-ს ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ ბ. ნ-ს სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პირობებში. დასკვნას ხელს აწერენ მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტ-კლინიკის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ა. მ, განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ი. ს, ექსპერტ-ფსიქიატრი თ. გ, ექსპერტ-ფსიქიატრი თ. ხ.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2004წ. 9 აპრილის დასკვნის შესაბამისად,ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პერიოდში პ. რ-ს ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის და განეგო იგი (შეურაცხადობა). შემდგომ პერიოდში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება დროებითი ფსიქიკური აშლილობა რეაქტიული ფსიქოზის სახით _ ჰალუცინაციურ-ფობიკური სინდრომი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით პ.რ-ს ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ. დასკვნას ხელს აწერენ ს/ს მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტთან არსებული სტაციონარული და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომისიის თავმჯდომარე დ. მ, ს/ს მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გ. ნ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი ზ. ბ, ექსპერტ-ფსიქიატრი ზ. ჩ. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო – ფსიქიატრიული ექსპერტიზის ორი დასკვნა კატეგორიულად უთითებს, რომ პ. რ-ს ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ, რასაც ადასტურებენ და ხელს აწერენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ა. მ, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ი. ს, ექსპერტ-ფსიქიატრი თ. გ, ექსპერტ-ფსიქიატრი თ. ხ, ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტთან არსებული სტაციონარული და ექსპერტიზის კომისიის თავმჯდომარე დ. მ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გ. ნ, დოცენტი ზ. ბ, ექსპერტ-ფსიქიატრი ზ. ჩ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პ. რ-ს სწორად დაუნიშნა გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დადგენილად იქნა ცნობილი, რომ პ. რ-მ შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას დაენიშნა იძულებითი მკურნალობა ბ. ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაძლიერებული მეთვალყურეობით, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე, 101-ე, 104-ე მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 675-ე, 676-ე და 679-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დადგენილად იქნა ცნობილი, რომ პ. რ-მ შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას დაენიშნა იძულებითი მკურნალობა ბ. ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაძლიერებული მეთვალყურეობით, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.