საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.07.2005
საქმის ნომერი
2კ-73კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 73-კოლ 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განაჩენზე ლ. კ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განაჩენით ლ. კ, _ დაბადებული ..... წელს, ქართველი, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საბრალდებო დასკვნით ლ. კ-ს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რაც ჩაიდინა ძალადობითა და ასეთის გამოყენების მუქარით. მისი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ლ. კ, რომელიც იმყოფებოდა შს სამინისტროს კადრების განკარგულებაში, 2004წ. 17 სექტემბერს მეგობრებათან ერთად თავისი კუთვნილი ავტომანქანა “ოპელ-ვექტრათი” დიდი სიჩქარით მოძრაობდა ვარაზის ხევიდან ვაკის მიმართულებით. მოძრაობის დროს მან შექმნა ავარიული სიტუაცია, რაც შენიშნეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა _ ზ. უ-მ და რ. ხ-მ, რომლებიც საპატრულო მანქანით გაეკიდნენ ლ. კ-ს ავტომანქანას. შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების გადაკვეთაზე ისინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დროს საპატრულო ავტომანქანიდან გადმოვიდა ზ. უ და გაემართა ლ. კ-ს მიმართულებით. ამ უკანასკნელმა შეშინების მიზნით მისკენ დაძრა ავტომანქანა, შემდეგ კი უკუსვლით გაეცალა იქაურობას. ზ. უ ავტომანქანით გაეკიდა მას. ლ. კ მიმალვის მიზნით ჩავიდა მტკვრის სანაპიროზე და გააგრძელა გზა ორთაჭალის მიმართულებით. თბილისის ¹1 საპყრობილის წინ, მოედანზე, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის სწორი მართვა და ბორდიურთან შეჯახების შედეგად ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ზ. უ-მ იგი გადმოიყვანა ავტომანქანიდან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაუწია წინააღმდეგობა ხელის კვრით და არ მისცა საშუალება, განეხორციელებინა კანონით მინიჭებული უფლება. ზ. უ-მ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რას მის დასახმარებლად მივიდნენ საპატრულო პოლიციელები, რომლებმაც ლ. კ დააკავეს და წარადგინეს პოლიციაში.

საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. მ ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას. პროკურორი თვლის, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებაში. მისი აზრით, საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულება ლ. კ- ბრალდების დასადასტურებლად.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ს-მ პალატის სხდომაზე საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ლ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-მ საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის მასალები და ლ. კ-ს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები. სასამართლო კოლეგიამ დადასტურებულად ცნო საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნასვამი ლ. კ არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას, არ გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და შეეცადა გაქცევას, რა დროსაც ავტომანქანა ამოტრიალდა. ამ ფაქტით გაღიზიანებულმა ლ. კ-მ ხელი ჰკრა საპატრულო პოლიციელ ზ. უ-ს და მუქარის ტონით უთხრა: “ბიჭო, სად უნდა წამიყვანოო”. ამის შემდეგ კი დაემორჩილა მათ და ნებაყოფლობით გაჰყვა პოლიციაში. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ლ. კ-ს ქმედება შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და არა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ იგი სავსებით სწორად გაამართლა სსკ-ის 353-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განაჩენი ლ. კ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განაჩენი ლ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.