საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.10.2005
საქმის ნომერი
2კ-244აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 244-აპ 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ს. ფ-სა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა წალკის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენი თ. ჩ-ს მიმართ. აღნიშნული განაჩენით თ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 3 აგვისტოდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

თ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობითა და უმწეობის გამოყენებით. სახელდობრ: 2003 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, წალკის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა თ. ჩ-მა თავის თანასოფლელს _ ..... წელს დაბადებულ (15 წლის) ა. შ-იანს შესთავაზა, რომ მოტოციკლეტით მიიყვანდა სახლამდე, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. თ. ჩათანჯოვი იმის ნაცვლად, რომ ა. შ-იანი სახლში მიეყვანა, გავიდა ცენტრალურ ტრასაზე და გაემგზავრა მანგლისის მიმართულებით. ორი კილომეტრის გავლის შემდეგ თ. ჩ-მა გადაუხვია სოფ. ... მიმდებარედ არსებულ მინდორში და გააჩერა მოტოციკლი. ამის შემდეგ წააქცია ა. შ-იანი და დაუწყო გაუპატიურება. ა. შ-იანის წინააღმდეგობის მიუხედავად, თ. ჩ-მა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, რა დროსაც ა. შ-იანს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ს. ფ ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას მსჯავრდებულ თ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის აშკარა სიმსუბუქის მოტივით. იგი მიუთითებს, რომ თ. ჩ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც არ აღიარა და არ მოინანია.

ადვოკატი ბ. ნ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას თ. ჩ-ს მიმართ და საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით. იგი მიუთითებს, რომ სქესობრივი კავშირი მოხდა ნებაყოფლობით, მაგრამ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დაზარალებულის დაკითხვა, რომელიც ნათელს მოჰფენდა ამ საკითხს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა პროკურორ ს. ფ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება. მანვე აღნიშნა, რომ საქმის შეწყვეტის არავითარი საფუძველი არ მოიპოვება.

ადვოკატებმა ბ. ნ-მ და მ. ა-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ აღნიშნეს, რომ საქმეში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თ. ჩ-მ არასრულწლოვანი ა. შ-იანი გააუპატიურა. მათ იშუამდგომლეს განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ თ. ჩ-ს ქმედება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 140-ე მუხლზე, სასჯელად ეკმაროს პატიმრობაში გატარებული დრო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი თ. ჩ-ს მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ თ. ჩ-ის მიერ არასრულწლოვან ა. შ-იანის გაუპატიურების ფაქტი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დაზარალებულად ცნობილი ა. შ-ს ჩვენებებითა და მისი თ. ჩ-ნ დაპირისპირების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თვით მსჯავრდებული თ. ჩ-ც არ უარყოფდა არასრულწლოვან ა. შ-სთან სქესობრივ კავშირს, მხოლოდ უარყოფდა ძალადობისა და ძალადობის გამოყენების მუქარას.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

სასამართლომ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულ თ. ჩ-ს პიროვნების მახასიათებელი მონაცემები და ამის მიხედვით განუსაზღვრა სასჯელი. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა დაზარალებულის მამობილისა და დედის განცხადება, რომელშიც ისინი მიუთითებენ, რომ თ. ჩ-ს მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და სასამართლოს სთხოვენ ჰუმანურობის გამოჩენას სასჯელის ზომის განსაზღვრისას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

ასევე არ არსებობს ადვოკატ ბ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში არ მოიპოვება მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ქმედების სსკ-ის 140-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის განაჩენი თ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.