საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 305-დად 1 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია, ი. ბიბილაშვილი,განიხილა ბრალდებულ გ. ე-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ, ა. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 27 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საქართველოს გენერალური პროკურორის 2005წ. 12 აპრილის დადგენილება გ. ე-ს ექსტრადიციის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის 1993წ. 22 იანვრის კონვენციის მე-60 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, 2005წ. 23 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, ქარელის რაიონის სოფ. დირბში 1960 წელს დაბადებული გ. ე.
გ. ე-ს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მესამე ნაწილით (ყაჩაღობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2005წ. 22 იანვარს რუსეთის ფედერაციის ქ. ნიჟნი-ნოვგოროდის კანავინის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება გ. ე-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ და გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და მასზე გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი.
გ. ე-ს 2005წ. 4 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ¹192 ბრძანებულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით.
2005წ. 12 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზ. ა-მ მიიღო დადგენილება ბრალდებულ გ. ე-ს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ.
გენერალური პროკურორის ზემოაღნიშნული დადგენილება ბრალდებულ გ. ე-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
საჩივარი კოლეგიის მოსამართლემ განიხილა 2005წ. 27 მაისს და თავისი დადგენილებით არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ა. კ ითხოვს, რომ ბრალდებული გ. ე დატოვებულ იქნეს საქართველოში. ადვოკატი მიუთითებს, რომ გ. ე-მ რუსეთის ფედერაციის პასპორტი მიიღო ყალბი საბუთების საფუძველზე; ამასთან, დაუდგენელმა პირებმა გ. ე-ს მიაყენეს მძიმე დაზიანება, ის ცნობი.დაზარალებულად და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. კ-მ მიმოიხილა მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
ბრალდებულმა გ. ე-მ აღნიშნა, რომ მას საქართველოში ჰყავს ოჯახი და ცხოვრობდა ქარელის რაიონის სოფ. დირბში. ბრალდებულმა იშუამდგომლა, რომ დატოვებულ იქნეს საქართველოში.
პროკურორმა ლ. დ-მ აღნიშნა, რომ გ. ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე; ამიტომ მისი რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემა არის სავსებით კანონიერი და იშუამდგომლა მოსამართლის 2005წ. 27 მაისის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 27 მაისის დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ. ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მას საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი აქვს ბრალდება ყაჩაღობის ჩადენის თაობაზე. გამოცხადებული იყო მისი ძებნა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით არჩეული ჰქონდა დაპატიმრება. დაპატიმრების შემდეგ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაუგრძელა საპატიმრო ვადა საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ.
პალატა თვლის, რომ გენერალურმა პროკურორმა სავსებით კანონიერად დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობა ბრალდებულ გ. ე-ს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ, რადგან გ. ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა მას შეწყვეტილი აქვს.
აქედან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 27 მაისის დადგენილება ბრალდებულ გ. ე-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.