საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 367-აპ 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის უფროსი თანაშემწის _ გ. ც-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის განაჩენი ჯ. ტ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის განაჩენით ჯ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 სექტემბრის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ჯ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 63-ე, 65-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
განაჩენით ჯ. ტ-ს მსჯავრი დაედო არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ. ტ-მ 2003წ. 17 აგვისტოს დაზარალებულ კ. თ-ს ავტომანქანიდან ფარულად გასტაცა 25 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი “ერიქსონ-ტ-18", რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საკასაციო საჩივრით გ. ც ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით.
პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ჯ. ტ არ იმსახურებს სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით, ვინაიდან იგი წარსულში ნასამართლევია და ამნისტიისა და შეწყალების აქტის საფუძველზე ორჯერ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით. მიუხედავად ამისა, იგი არ გამოსწორდა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ც-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჯ. ტ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმების შესახებ. სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თვისი ზომითა და სახით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
მსჯავრდებული ჯ. ტ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია და გადაადგილება ყავარჯნების გარეშე არ შეუძლია, მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, საქმეში წარმოდგენი.დაზარალებულ კ. თ-ს განცხადება იმის შესახებ, რომ მას ტელეფონი დაუბრუნეს და მსჯავრდებულთან პრეტენზია აღარ გააჩნია. “ღვთის შვილთა კავშირის" პრეზიდენტი ზ. ს ჯ. ტს ახასიათებს დადებითად და ითხოვს მსჯავრდებულისათვის შეღავათების გავრცელებას. საყურადღებოა ისიც, რომ ჯ. ტ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელზე მეტ ხანს. პალატა თვლის, რომ ასეთ პირობებში მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს მიმართ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და მისი პირობითად ჩათვლა _ 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსუბუქად და აშკარად უსამართლოდ.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 სექტემბრის განაჩენი ჯ. ტ-ს მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 სექტემბრის განაჩენი ჯ. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.