საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 185-დად 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილებაზე მ. Gგ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება და მსჯავრდებული მ. გ. გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, 2 წლით, 11 თვითა და 11 დღით ადრე.
მ. გ-ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1997წ. 28 იანვრის განაჩენით 1960წ. სსკ-ის 105-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით, 203-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1996წ. 29 მარტიდან.
კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი დ. მ ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ მოუხდელი სასჯელის აღსრულებას. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაათავისუფლა მსჯავრდებული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისაგან, რადგან არ გაითვალისწინა მისი წარსული ნასამართლობა, აგრეთვე ის, რომ ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. დ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან და მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, რომ მ. გ. სასჯელს იხდიდა 1996წ. 29 მარტიდან. მან სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2005წ. 29 მარტს. მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულება ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი ინანიებს დანაშაულს, მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე, დაავადებულია ტუბერკულოზით.
პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში გააჩნდა საკმარისი საფუძველი მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილება მ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, კერძო საკასაციო საჩივარი კი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია და ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული, არ არის სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძველი
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილება მ. Gგ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.