დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.06.2005
საქმის ნომერი
2კ-191დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 191-დად 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა პროკურორ კ. Bბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული ჯ. ხ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლაგოდეხის რაიონის სასამართლოს 1996წ. 29 აპრილის განაჩენით ჯ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 206-ე, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 26 ივნისის განჩინებით ჯ. ხ. განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 206-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ჯ. ხ. სასჯელს იხდის 1995წ. 8 ივლისიდან, სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005წ. 8 აპრილს. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებდა 2008წ. 8 ივლისს.

2005წ. 12 აპრილს ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის სასჯელის მოხდისაგან პრობით ვადამდე განთავისუფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2005წ. 18 აპრილის დადგენილებით წარდგინება დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივრით საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი კ. Bბ. ითხოვს ჯ. ხ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ ჯ. ხ. გასამართლებულია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და შეფარდებული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 3 წელზე მეტი.

პროკურორი ი. Dდ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ჯ. ხ-ს მისჯილი ჰქონდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 1995წ. 8 ივლისიდან. დანიშნული სასჯელიდან სამი მეოთხედი _ თითქმის ათი წელი _ მოიხადა 2005წ. 8 აპრილს. აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად.

სასჯელაღსრულების ¹1 დაწესებულების ადმინისტრაცია ჯ. ხ. ახასიათებს დადებითად. იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 1996წ. 7 დეკემბრიდან. დახასიათების მიხედვით, ჯ. ხ. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა; აღმზრდელობით ღონისძიებებზე დადებითად რეაგირებდა; მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან; ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; თავისი ყოფაქცევით დაამტკიცა, რომ დგას გამოსწორების გზაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებული ჯ. ხ. პირობით ვადამდე გაათავისუფლა დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ჯ. ხ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.