საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.06.2005
საქმის ნომერი
2კ-228დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 228-დად 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ი. Gგ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 15 დეკემბრის განაჩენით ი. Gგ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV, V ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის II ნაწილით, 157-ე მუხლის I ნაწილით, 205-ე მუხლის III ნაწილით, 238-ე მუხლის I, II, III, IV ნაწილებით, 240-ე მუხლის III ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ ი. Gგ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996წ. 26 აპრილს.

2005წ. 25 აპრილს გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ი. Gგ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული ი. Gგ. არ გათავისუფლდა პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებული ი. გ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელის 3/4 მოიხადა 2005წ. 22 აპრილს.

პროკურორი ი.დ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ი. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდის 1996წ. 26 აპრილიდან. მართალია, მას დანიშნული სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

ი.გ. მსჯავრდებულია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია 19-ჯერ. მოსახდელი დარჩა კიდევ 2 წელი, 10 თვე და 17 დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ი. Gგ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ი. გ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.