საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.11.2005
საქმის ნომერი
2კ-425დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 425-დად 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პა“ლატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ რ. ზ-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ხ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ზ-ას უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მესტიის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 იანვრის განაჩენით რ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I და II ნაწილებით, 135-ე და 212-ე მუხლებით, რისთვისაც მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული რ. ზ. სასჯელს იხდის 1998წ. 19 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ¹7 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ რ. ზ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹7 დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ რ. ზ-ას უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებულ რ. ზ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ. ხ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ სასჯელის 3/4 მოიხადა 2005წ. 19 აგვისტოს, ამჟამად დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ რ. ზ-ს ადვოკატმა ხ. ხ-მ მხარი დაუირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ და მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ზ-ას ვადაზე ადრე განთავისუფლება.

პროკურორი ო. რ-ა არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ რ. ზ-ას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მსჯავრდებულ რ. ზ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რის გამოც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 567-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილება რ. ზ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.