დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 32-აპ 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენით გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილითა და 272-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღვეთა საერთოO რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2001წ. 9 თებერვალს, დაახლოებით 21 საათზე, მთვრალი გ. კ მივიდა თავისი ნაცნობის, აწ გარდაცვლილ ს. მ-ს მამის _ ა. მ-ს ბინაში ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹38-ში, სადაც ა. მ-ს უთხრა, რომ მისი შვილიშვილის, ... წელს დაბადებულ ა. მ-ს წაყვანა უნდოდა აბანოში. მას შემდეგ, რაც ა. მ-მ ამის თაობაზე უარი განუცხადა, გ. კ-მ დაუწყო ჩხუბი, უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინება და ა. მ-ს შეაფურთხა სახეში. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ლანძღავდა და იწევდა ა. მ-საკენ საცემრად. ჩხუბის ხმაზე შეგროვდნენ მეზობლები. გ. კ-ს ასეთი მოქმედება გაგრძელდა 20-30 წუთის განმავლობაში.
გ. კ 2001წ. 12 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალი კვლავ მივიდა ა.მ-ს ბინაში. ა. მ-მ, გაიგო რა კ-ს მისვლა, ჩაკეტა საცხოვრებელი ბინის კარი და შვილიშვილთან ერთად დაიმალა. გ.კ ხელ-ფეხს ურტყამდა კარს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, თან ა. მ-ს აგინებდა და ითხოვდა კარის გაღებას. ვინაიდან მას კარი არ გაუღეს, სარაჯიშვილის ქუჩის მხრიდან ქვით ჩაამტვრია საძინებელი ოთახის ფანჯრის მინა და წავიდა.
2001წ. 23 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, იგი, მთვრალი, კვლავ მივიდა ა. მ-ს ბინაში, სადაც კარი ჩაკეტილი დახვდა. მან ფიზიკური ძალის გამოყენებით შეამტვრია კარის საკეტი (ღირებული 15 ლარად) და შეიჭრა ბინაში, სადაც ხის, 7 ლარად ღირებული სკამი ესროლა ა. მ-ს, დაუწყო ლანძღვა-გინება და ცემა, რის შედეგადაც ა. მ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ ... და ... ქუჩის მცხოვრებლები _ 10-15 კაცი. მათ ვერ შეძლეს გ. კ-ს გაჩერება და გამოიძახეს პოლიციის მორიგე ჯგუფი. მიუხედავად პოლიციელთა შემთხვევის ადგილზე მისვლისა, გ.კ-მ კვალავ გააგრძელა ჩხუბი და ლანძღვა-გინება. იგი პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს და ჩამოსვეს ქალაქის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საიდანაც ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, დაბრუნდა ... ქუჩაზე, მივიდა ა. მ-სთან, კვლავ დაუწყო ლანძღვა-გინება და ცდილობდა მის ბინაში შესვლას. შემთხვევის ადგილზე ისევ შეგროვდნენ მეზობლები, რომლებმაც მოუწოდეს მას წესრიგისაკენ, მაგრამ გ. კ არ უსმენდა მათ, კვლავ განაგრძობდა ლანძღვა-გინებას და მიიწევდა ა. მ-საკენ დასარტყმელად. მეზობლებმა აქტიური ჩარევით აღკვეთეს მისი ხულიგნური მოქმედება.
ამ ქმედებით გ. კ-მ ა. მ-ს მიაყენა 34 ლარის მატერიალური ზიანი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. გ. კ-ს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და 2001წ. 7 ივლისს საქმე საბრალდებო დასკვნით გაიგზავნა რაიონულ სასამართლოში.
2001წ. 23 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათზე, გ. კ, მივიდა დაზარალებულ ა. მ-სთან სახლში, სადაც მას შესთავაზა, რომ სასამართლო პროცესზე შეეცვალა ჩვენება მის სასარგებლოდ და ეთქვა, რომ წინასწარ გამოძიებაში მან ჩვენებები მისცა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის გამო. უარის თქმის შემთხვევაში დაემუქრა მოკვლით. ა. მ გ. კ-ს არ დაეთანხმა, რის შემდეგაც გ. კ-მ დაუწყო მას ჩხუბი, ლანძღვა-გინება და ცემა, კერძოდ, მუცელში ამოარტყა ხელი და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ცემის დროს გ. კ-მ, როცა კვლავ ამოუქნია ფეხი, ა. მ-მ ხელით დაუჭირა, რომ არ მოხვედროდა, რის გამოც გ. კ ძირს დაეცა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ცემის დროს იგი კვლავ მოითხოვდა დაზარალებულ ა. მ-საგან სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლას. გ. კ-ს ლანძღვა-გინების ხმაზე შემთხვევის ადგილზე კვლავ შეიკრიბნენ ა. მ-ს მეზობლები.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. კ ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ მას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია. კასატორის განმარტებით, იგი, მართალია, იყო ა. მ-სთან მისული, მაგრამ იგი არც გაულანძღავს და არც რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. მას სურდა მხოლოდ ბავშვისათვის სიკეთის გაკეთება, მისი ნახვა, აბანოში წაყვანა და, ზოგადად, ბავშვისათვის ყურადღების მიქცევა. კასატორის განმარტებით, მართალია, მოწმეები ადასტურებენ, რომ იგი ეჩხუბებოდა ა. მ-ს, მაგრამ ეს არასწორია. მოწმეები მოსყიდულები არიან. კასატორის განმარტებით, მისი მსჯავრდება პოლიციის მიზანი იყო, ვინაიდან მას პოლიცია ედავებოდა ქურდობის ჩადენაში, რაშიც იგი სასამართლო პროცესზე გამართლდა.
პროკურორმა დ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ დ. მ-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. გ. კ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დადგენილია დაზარალებულ ა. მ-ს წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ 2001წ. 9 თებერვალს, 21 საათზე, მასთან მივიდა მთვრალი გ. კ, რომელსაც უნდოდა, რომ მისი შვილიშვილი, მცირეწლოვანი ა. მ აბანოში წაეყვანა. უარის მიღების შემდეგ გ. კ-მ დაუწყო ლანძღვა-გინება, შეაფურთხა სახეში და გაიწია საცემრად, მაგრამ მეზობლების დახმარებით იგი გაიყვანეს. იმავე წლის 23 თებერვალს მთვრალი გ. კ კვლავ მივიდა მასთან სახლში, შეამტვრია კარი, ესროლა სკამი და დაუწყო ცემა. მსჯავრდებული პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, თუმცა დაახლოებით 23 საათზე იგი კვლავ დაბრუნდა და დაუწყო მას ლანძღვა. იგი მეზობლების დახმარებით იქნა გაყვანილი.
დაზარალებულის ჩვენების სარწმუნობა დადგენილია მოწმე გ. მ-ს ჩვენებით, სადაც მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ 9 თებერვალს გ. კ-მ ლანძღა და აგინა ა. მ-ს, ხოლო 23 თებერვალს სახლის კარი შეუმტვრია და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რადგან სხვაგვარად მისი დაწყნარება ვერ მოხერხდა, გამოიძახეს პოლიცია. აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოწმეების _ ს. ზ-სა და გ. ჯ-ს ჩვენებებითაც, სადაც ისინი განმარტავენ, რომ გ. კ-მ ა. მ-ს 9 და 23 თებერვალს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო 23 თებერვალს გამოძახებულ იქნა პოლიცია; მოწმე ც. ზ. ძის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 9 თებერვალს გ. კ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა. მ-ს და იწევდა მის საცემრად, რა დროსაც თვითონ ჩადგა მათ შორის და გ. კ-ს არ მისცა დარტყმის შესაძლებლობა. მოწმე მ. ყ ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა. მ-ს ბინაში იმყოფებოდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც ლანძღავდა და აგინებდა ამ უკანასკნელს. ეს უცნობი აღმოჩნდა გ. კ. ა. მ-მ სთხოვა მას, იგი ბინიდან გაეყვანა. მოწმე თ. თ-მ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ 23 თებერვალს გ. კ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ამტვრევდა ა. მ-ს ბინის კარს. მოწმეები _ ე. ფ და მ. ლ ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 23 თებერვალს, ღამით, გ. კ-მ შეამტვრია ა. მ-ს სახლის კარი და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. მოწმე ფ. ა-ს ჩვენებების შესაბამისად, 23 თებერვალს მას შემოესმა ხმაური ა. მ-ს ბინიდან, გავიდა გარეთ და დაინახა ერთად თავშეყრილი მეზობლები და იმავდროულად მოსული პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ა. მ-ს ბინიდან გამოჰყავდათ გ. კ.
ის ფაქტი, რომ 2001წ. 23 აგვისტოს, საღამოს, გ. კ კვლავ მივიდა ა. მ-სთან, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა მას, შეეცვალა თავისი ჩვენებები, დადგენილია დაზარალებულ ა. მ-ს წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, სადაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ გ. კ მას მოკვლით ემუქრებოდა, თუ არ შეცვლიდა მის მიერ მიცემულ ჩვენებებს, რა დროსაც მიაყენა კიდეც სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. დაზარალებულის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მოწმე გ. მ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ 23 აგვისტოს გ. კ აგინებდა და სცემდა ა. მ-ს. გ. კ მეზობლებმა აიძულეს, წასულიყო. როგორც შემდეგ ა. მ-საგან გახდა მისთვის ცნობილი, გ. კ მოითხოვდა მისგან ჩვენების შეცვლას. მოწმეებმა _ ს. ზ-მ, გ. ჯ-მ, შ. ფ-მ ასევე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 23 აგვისტოს გ. კ სცემდა ა. მ-ს და ლანძღავდა. მოგვიანებით კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ გ. კ ა. მ-საგან ითხოვდა სასამართლოზე ჩვენების შეცვლას.
გ. კ-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია ასევე ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმით, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ა. მ-ს ბინიდან ამოღებული სკამი და კარის საკეტი დამტვრეულია და შეიმჩნევა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა. მ-ს ბინიდან ამოღებულ საკეტზე შეიმჩნევა ზემოქმედების კვალი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ 2001წ. 23 თებერვალს, ასევე 2001წ. 23 აგვისტოს ა. მ-ს მიყენებული ჰქონდა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენი გ. კ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენი გ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.