განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 132-კოლ 18 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),ი. ბიბლაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 21 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 21 ივლისის განაჩენით შ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”', “დ” და “ე” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 127-ე და 119-ე მუხლებით და შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები.:
2003წ. 2 აპრილს ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, შ. გ დანაშაულებრივად დაუკავშირდა წინასწარი გამოძიებით დაუდგენელ, ვინმე “მ-ს” და “დ-ს”. ისინი წინასწარ შეთანხმდენენ, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹27-ში მდებარე, ყოფილი სს “თბილკონდიტერის” საწარმოდან ყაჩაღური გზით გაეტაცებინათ ძვირადღირებული ნედლეული _ ესენცია და მისი რეალიზაციით აღებული თანხა გაენაწილებინათ.
შეთანხმებისამებრ, 2003წ. 3 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, ისინიNMშეიკრიბნენ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ყაჩაღური გზით გატაცებული ნივთების გადასაზიდად მიიყვანეს თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა ჯ. დ, ხოლო ვინმე “მ-მ” და “დ-მ” კი მიიყვანეს ლურჯი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი, ვინმე “ზ.”.
2003წ. 4 აპრილს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, გადაჭრილი თოფით შეიარაღებული შ. გ, “მ”, “დ” და “ზ.” მივიდნენ ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე შოკოლადის ქარხანასთან. შ. გ და “მ” გადავიდნენ ღობეზე და შევიდნენ საწარმოს ეზოში, სადაც დარაჯად მომუშავე გ. თ-ს ჩაარტყეს თავში ბლაგვი საგანი, რომელმაც დარტყმის შედეგად დაკარგა გონება. გ. თ-მ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. შ. გ-მ ექსცესის მდგომარეობაში ძლიერად სცემა მეორე დარაჯ გ. ღ-ს და თავში ჩაარტყა გადაჭრილი თოფის კონდახი. ცემის შედეგად გ. ღ-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ხარისხის დაზიანება. შემდეგ კი ამსრულებლის ექსცესის მდგომარეობაში მყოფმა შ. გ-მ და “მ-მ” ორივე დარაჯს წებოვანი ლენტით გაუკრეს ხელები, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. აღნიშნული ქმედებით მათ გ. ღ ჩააყენეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ვინაიდან გ. ღ-ს შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად. ამის შემდეგ შ. გ-მ “მ” გაუშვა შემოსასვლელი ჭიშკრის გასაღებად, რათა ეზოში შესულიყვნენ მიკროავტობუსებით, თვითონ კი დარჩა დარაჯებთან. “მ-მ” გახსნა ქარხანაში შესასვლელი ჭიშკარი, საიდანაც მიკროავტობუსები შევიდნენ საწარმოს ტერიტორიაზე. “მ-მ”, “დ-მ” და “ზ-მ” გატეხეს საწარმოს სარდაფის კარი, უკანონოდ შეაღწიეს საცავში და იქიდან გამოიტანეს 99 ცალი 10-ლიტრიანი ბალონი, რომლებშიც მოთავსებული იყო 23760 ლარად ღირებული 782 კილოგრამი ესენცია. აღნიშნული ესენციები ჩატვირთეს მიკროავტობუსებში და მივიდნენ ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათ ელოდებოდათ შ. გ, რომელსაც ადმინისტრაციული შენობიდან გამოტანილი ჰქონდა 26 ცალი 10-ლიტრიანი ბალონი, რომლებშიც მოთავსებული იყო 208 კგ. ესენცია, _ ღირებული 6240 ლარად და ფერადი ტელევიზორი “გრუნტიკი”, _ ღირებული 800 ლარად. მათ აღნიშნული ნივთებიც ჩატვირთეს მიკროავტობუსებში და ჩამქრალი ფარებით დატოვეს საწარმოს ტერიტორია, ხოლო შემდეგ კი ისე, რომ დარაჯები _ ე. თ და გ. ღ დატოვეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, რომელთაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, გაემართნენ შ. გ-ს საცხოვრებელი ბინისაკენ, მდებარე ... ქ. ¹29-ში, მიკროავტობუსები შეიყვანეს ეზოში, ხოლო ნაყაჩაღარი ნივთები შეინახეს იქვე მდებარე სათონეში.
შ. გ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ვერ შეძლეს ნაყაჩაღარი ნედლეულის _ ესენციის რეალიზება. მათ ტელევიზიის მეშვეობით შეიტყვეს დარაჯ გ. ღ-ს გარდაცვალების შესახებ. ესენცია, თავიდან მოშორების მიზნით, ჩაასხეს ტუალეტში, ხოლო მინის ჭურჭელი კი დაამსხვრიეს და გადაყარეს.
კასატორი _ მსჯავრდებულ შ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. წ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლას, კერძოდ: შ. გ-ს გამართლებას მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებებში, მისი ქმედების სსკ-ის 375-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და აღნიშნული მუხლით მის მსჯავრდებას. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად დასდო მსჯავრი შ. გ-ს. კასატორის განმარტებით, შ. გ საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილზე. მას ნაცნობებმა სთხოვეს, რომ დახმარებოდა ესენციის შენახვაში, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, მით უფრო, იცოდა, რომ ეს პირები ბიზნესით იყვნენ დაკავებულები. კასატორის განმარტებით, სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ესენციით სავსე ბალონები შ. გ-ს სახლში. მეორე დღეს ტელევიზიით გახდა მისთვის ცნობილი შოკოლადის ქარხანაზე ყაჩაღური თავდასხმის თაობაზე და მიხვდა, რომ ეს ესენციები აღნიშნული ქარხნიდან იქნებოდა დატაცებული, შეეშინდა და გაანადგურა ისინი.
მსჯავრდებულმა შ. გ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა ვ. დ-მა მხარი არ დაუჭირა საკასციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. წ-ს, დაზარალებულ მ. უ-ს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ო. მ-ს, მსჯავრდებულ შ. გ-ს, პროკურორ ვ. დ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და არასწორად დასდო მსჯავრი შ. გ-ს ყაჩაღობის ჩადენასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ შ. გ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, რომ მას გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა მიუტანეს ესენციით სავსე ბალონები და სთხოვეს დროებით შეენახა და რომ შ. გ-ს მოქმედებით განხორციელდა სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
მსჯავრდებულ შ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილია წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ 2003წ. 3 აპრილს იგი ჯ. დარბაიძესა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან _ “მ”, “დ-სა” და “ზ-სთან” ერთად მივიდა შოკოლადის ქარხანასთან, სადაც ის და “მ” გადაძვრნენ ქარხნის ღობეზე, ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხნენ დარაჯებს, რომლებსაც მათ სცემეს. ცემის შემდეგ მან და “მ-მ” დარაჯები დააბეს წებოვანი ლენტებით, ამის შემდეგ კი გაიტაცეს ესენციით სავსე 26 ცალი 10-ლიტრიანი ქილა, ასევე _ ტელევიზორი, რომლებიც მიიტანეს მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბალონების გადმოცლაში მიეხმარა მეზობელი მ. ბ. მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებების სარწმუნობა დადგენილია ბრალდებულ ჯ. დ-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა შოკოლადის ქარხანასთან შ. გ-ს მისვლის, ქარხნის ეზოში შ. გ-ს შესვლის, შ. გ-ს თხოვნით მისი მიკროავტობუსით ქარხნის ტერიტორიაზე შესვლის, ბალონების ავტომანქანაში ჩატვირთვისა და შ. გ-ს საცხოვრებელ სახლში მიტანის ფაქტი.
შ. გ-ს ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია თვით მისი ჩვენებების ადგილზე შემოწმების ოქმებით, რომელთა შესაბამისადაც, შ. გ დეტალურად აღწერს დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს. იგი დაწვრილებით აღწერს განხორციელებული ქმედების ისეთ დეტალებს, რაც იმ დროისათვის ჯერ კიდევ გამოძიებისათვის უცნობი იყო. მსჯავრდებულ შ. გ-სა და ბრალდებულ ჯ. დ-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების თანახმად, ჯ. დ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან გააგზავნა შ. გ-მ, რასაც არც შ. გ უარყოფს. ჯ. დ-მ ასევე დაადასტურა, რომ იგი თავისი მიკროავტობუსით წარმოების ეზოში შევიდა, სადაც ჩატვირთეს ბალონები, რაც შემდეგ მიიტანეს საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იყო შ. გ. აღნიშნული ჩვენება საეჭვოს ხდის კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შ. გ-მ იცოდა, რომ მის ნაცნობებს ჰქონდათ ბიზნესი და მათი თხოვნით დროებით შეინახა ბალონები.
მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებების სარწმუნობა დადგენილია მოწმე მ. ბ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2003წ. აპრილის დასაწყისში, დაახლოებით ღამის 4 საათზე, თავის საცხოვრებელ ეზოში შ. გ 4 პირისთან ერთად თეთრი ფერის მიკროავტობუსიდან ბალონებს ტვირთავდა. იგი მათ, შ. გ-ს თხოვნით, ბალონების გადმოტანაში მიეხმარა.
მოწმე ლ. ლ-მ ჩვენებაში დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2003წ. 4 აპრილს ეზოში შენიშნა თეთრი ფერის მიკროავტობუსი. მოგვიანებით კი ეზოში არსებულ კარადაში ნახა 10 _ ლიტრიანი ქილა, საიდანაც გადმოასხა ესენცია და ყველი შეინახა. მეორე დღეს მანვე ეზოს სარდაფში ნახა ესენციით სავსე 10 _ ლიტრიანი ბალონები, რის თაობაზეც შ. გ-მ განუცხადა, რომ ეს ჭურჭელი მის ახლობლებს ეკუთვნოდა და მასთან დროებით იყო შესანახად. იმავე ღამეს შ. გ-ს მოაკითხეს უცხო პირებმა და გაიხმეს გარეთ, საიდანაც ისმოდა ხმაური და მანქანის ხმა. შ. გ-მ განუცხადა, რომ ესენციის ბალონები წაიღეს.
რამდენიმე კვირაში ის და შ. გ იძულებულები გახდნენ, საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ, მან თან წაიღო 10 _ ლიტრიანი ყველით სავსე ქილა. 2003წ. 22 ივნისს გამოძიებას წარუდგინა აღნიშნული მინის ქილა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ. გ-ს ქმედებას, დააკვალიფიცირა რა იგი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით; აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დადგა დარაჯის _ გ. ღ-ს სიკვდილი, მაგრამ საქმის მასალების შესაბამისად, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. ღ-ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა საფეთქელ-კეფა-თხემის ძვლების ნაკერების ტრავმული გახსნის, თავის ტვინის რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევებისა და თავის ტვინის დაჟეჟილობის სახით; გ. ღ-ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, სიკვდილის დადგომამდე მცირე ხნით ადრე, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად. ამდენად, გ. ღ-ს სიკვდილი დადგა დაზიანებათა მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ. აქედან გამომდინარე, გ. ღ-ს სიკვდილი არ გამოუწვევია მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ამდენად, გ. ღ-ს სიკვდილი უშუალო მიზეზობრივ კავშირშია არა მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან, არამედ მისთვის მიყენებულ დაზიანებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შ. გ-ს ქმედება არ უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული სსკ-ის 143-ე მუხლის 3-ე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ “გ“ “ზ“ “თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და არასწორად მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია შ. გ-ს სსკ-ის 119-ე მუხლით მსჯავრდებისათვის. პალატა თვლის, რომ სიხლის სამართლის საქმე ბრალდების იმ ეპიზოდში, რომ გარდაცლილ გ. ღ-ს ყველა დაზიანებანი აღმსრულებლის ექსცესის მდგომარეობაში მიაყენა მსჯავრდებულმა, არ არის სრულყოფილად გამოძიებული და საქმე ბრალდების ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალების შესაბამისად, პალატამ დასკვნა იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ გ. ღ-ს დაზიანებები მიაყენა მხოლოდ შ. გ-მ, გააკეთა ერთადერთი მტკიცებულების, თვით მსჯავრდებულ შ. გ-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების საფუძველზე. საქმეში სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა შ. გ-ს აღიარებითი ჩვენებებისა, რომ დაზიანებანი მხოლოდ მან მიაყენა გარდაცვლილს, არ არის, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. გ-სთან ერთად ქარხნის ეზოში შევიდა გამოძიებით დაუდგენელი პირი. დამატებითი გამოძიებისას დადგენილ უნდა იქნეს გ. ღ-სათვის დაზიანების მიყენების დროს რას აკეთებდა გამოძიებით დაუდგენელი პირი, ხომ არ მიაყენა მან დაზიანებანი გ. ღ-ს, რამეთუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გ. ღ-ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად. ე.ი. დაზიანებანი რამდენიმე საგნის მოქმედებითაც შეიძლება იყოს მიღებული. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განაჩენი შ. გ-ს სსკ-ის 119-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს და შ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე გ. ღ-ს სასიკვდილო შედეგით მძიმე დაზიანების მიყენების ნაწილში უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შ. გ-ს უნდა შეუმცირდეს მისთვის შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის“ბ“ “დ” ქვეპუნქტებით, 562-ე, 568-ეA მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 21 ივლისის განაჩენი შ. გ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოეხსნას.
შ. გ-ს მიმართ სსკ-ის 119-ე მუხლით ბრალდების ეპიზოდში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. შ. გ-ს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ შეეფარდოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.