საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 133-კოლ 27 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 ივლისის განაჩენზე დ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 ივლისის განაჩენით დ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 369-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა: სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, სსკ-ის 369-ე მუხლის მეორე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით დ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
დ. გ მუშაობდა ... დეპარტამენტის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში ... თანამდებობაზე.
2003წ. 24 მაისს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს ოდესა-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრი თ. კ, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 7 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა გ. ს-მ აღნიშნული მასალების მოკვლევა დაავალა დ. გ-ს.
თ. კ დაკავების დღესვე, 2004წ. 24 მაისს, მოთავსებულ იქნა სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორში. მეორე დღეს, 25 მაისს, იგი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც 26 მაისს გარდაიცვალა.
დ. გ-მ, იმ მოტივით, რომ მის მიერ საქმეზე ჩატარებული უხარისხო მოკვლევა მიეჩქმალა და ხელმძღვანელობის წინაშე თავისი საქმიანობა დადებითად წარმოეჩინა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და სხვა დოკუმენტები გააყალბა, რითაც არსებითად დაარღვია ეჭვმიტანილის უფლებები, კერძოდ, დ. გ-მ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილების ბოლოში სიტყვები: “გავეცანი დადგენილებას და ჩამბარდა ასლი” _ თ. კ-ს სახელით თვითონ შეასრულა.
თ. კ-ს ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილების ბოლოში სიტყვები: “და დადგენილება ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ” დ. გ-მ ჩაამატა ყალბად. მანვე ეჭვმიტანილის უფლებათა ნუსხის ბოლო გრაფაში სიტყვების: “ნუსხის პირი მივიღე” _ გასწვრივ ხელმოწერა თ. კ-ს სახელით ყალბად შეასრულებინა გამოძიებით დაუდგენელ პირს.
ამასთან, დ. გ-მ საქართველოს სსსკ-ის 138-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ეჭვმიტანილ თ. კ-ს დაკავების შესახებ არ შეატყობინა მისი ოჯახის წევრებს, რითაც არსებითად დაირღვა თ. კ-ს უფლებები.
საკასაციო საჩივარში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. ს ითხოვს დ. გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. ს და მისი ადვოკატი მ. ჩ მხარს უჭერენ საჩივრის მოთხოვნას, რასაც ასაბუთებენ იმით, რომ, გარდა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რაც ბრალად შეერაცხა დ. გ-ს, მის მიერ ჩადენილია უფრო მძიმე დანაშაულიც _ თ. კ-ს განზრახ მკვლელობა.
მსჯავრდებულმა დ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ვ-მ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი მსჯავრდებულ დ. გ-ს მიერ განაჩენით მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ დ. გ-ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა კანონიერი განაჩენი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ი. ს-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრება დ. გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას ჩადენილი აქვს უფრო მძიმე დანაშაულიც, ვერ გახდება საკასაციო პალატის განხილვის საგანი, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილი არ არის, გასცდეს საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით დ. გ-სათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შეუძლია, ამ საკითხზე საჩივრით მიმართოს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 ივლისის განაჩენი დ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.