საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 379-აპ 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. კა-ს დამცველების _ ი. შ-ს და თ. ნ-ს, დაზარალებულების _ ზ. გ-ს და გ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის _ განზრახ მკვლელობის ჩადენის გამო, რისთვისაც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით, ი. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: იგი 2002წ. 4 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. თბილისში, ზემო ვეძისის ტერიტორიაზე, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, ქუჩაში შეხვდა თავის ნათესავ ნ. გ-ს, რომელიც მიიხმო სასაუბროდ. იყო რა განაწყენებული მათ შორის ადრე არსებული კონფლიქტის თაობაზე, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ურთიერთჩხუბში, რა დროსაც ი. კ-მ ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ნ. გ-ს კისრის არეში მიაყენა დაზიანება. ჩხუბს შეესწრნენ ნ. გ-ს ნაცნობები _ ჯ. ს-ი და ვ. გ , რომელთა დახმარებით ნ. გ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, მაგრამ იგი იქ მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ი. კ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მეორე დღეს გამოცხადდა პოლიციაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. კ-ს ადვოკატმა ს. ი-მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა მსჯავრდებულის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ი. კ და, თავის მხრივ, მოითხოვა საქმის არსებითი განხილვა.
დაზარალებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ თავის შესაგებელში მოითხოვა საქმის არსებითი განხილვა.
პროცესში მონაწილე პროკურორმა მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლომ, მოუსმინა რა მხარეებს, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს ადვოკატ ს. ი-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც 2004წ. 18 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით უცვლელად დატოვა ი. კ-ს მიმართ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. კ-ს დამცველმა ადვოკატებმა _ თ. ნა-მ და ი. შ-მ, აგრეთვე დაზარალებულებმა _ ზ. გ-მ და გ. გ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატები თავიანთი საჩივრით ითხოვენ ი. კ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ განაჩენი ეყრდნობა არასაკმარის და კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. დაზარალებულები თავიანთი საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განხილვისა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების მიზნით.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ი. კ-მ და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ თ. ნ-მ და ი. შ-მ მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებულების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ, თავის მარწმუნებლებთან შეთანხმებით, მოხსნა დაზარალებულთა საკასაციო საჩივარი. დაზარალებულმა ზ. გ-მ, მისმა ადვოკატმა ნ. მ-მ მხარი არ დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. ჯ-მ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განაჩენი მსაჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ი. კ-ს ბრალდების საქმის მასალებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ იგი დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა განზრახ, ამასთან, სიცოცხლისათვის სახიფათო ცივი იარაღის გამოყენებით, რის შედეგადაც დადგა სწორედ ის მძიმე შედეგი, რომელიც ბრალად შეერაცხა ი. კ-ს. დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია, რომლის მიხედვით, ი. კ-ს საფრთხე ემუქრებოდა აწ გარდაცვლილ ნ. გ-სგან, რის გამოც იგი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში და იძულებული იყო, მის წინააღმდეგ დანა ეხმარა, არ დასტურდება ობიექტური და უტყუარი მტკიცებულებებით, ამიტომ იგი ვერ იქნება სარწმუნოდ მიღებული. პალატის აზრით, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა სწორად დაადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც ისინი ეყრდნობიან საპროცესო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად მოპოვებულ მტკიცებულებებს, დაცულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები დანაშაულის ფაქტის გამოკვლევისას და ამავე დროს ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა, აგრეთვე, სამართლიანად თვლის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომას, რადგან იგი სავსებით შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და თვით მსჯავრდებულ ი. კ-ს პიროვნებას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 18 ოქტომბერს მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. კ-ს დამცველების, ადვოკატების _ თ. ნ-სა და ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.