საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 420-აპ 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მოსაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენზე მ. გოგიჩიძის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 ივნისის განაჩენით მ. გოგიჩიძეს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენით მ. გოგიჩიძეს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ისევ მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვინაიდან სასჯელი მოხდილი ჰქონდა, გათავისუფლდა პატიმრობიდან.
მ. გოგიჩიძეს მსჯავრი დაედო დეზერტირობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2001წ. 28 თებერვალს იგი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში რიგითად. 2001წ. 31 მარტს მან თვითნებურად მიატოვა ნაწილი და აღარ დაბრუნებულა.
საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. მოსაშვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას. პროკურორი თვლის, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პრკურორმა რ. სისაურმა საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებული მ. გოგიჩიძე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს. მან მოინანია ჩადენილი დანაშაული და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით მსჯავრდებულ მ. გოგიჩიძის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცმული.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის ლმობიერების მოტივით მ. გოგიჩიძის მიმართ განაჩენის გაუქმების შესახებ და თვლის, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი დადებითი დახასიათება, ბრალის აღიარება, მონანიება და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენი მ. გოგიჩიძის მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენი მ. გოგიჩიძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.