განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 23.06.2005
საქმის ნომერი
2კ-183დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 183-დად 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 16 ნოემბერს აჭარის ა/რ პროკურორს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართა ნ. მ-მ და მოითხოვა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის _ გ. ც-სა და წამყვანი სპეციალისტის _ თ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 131-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 120-ე მუხლით. ნ. მ განცხადებით ასევე ითხოვდა, რომ იგი ცნობილი ყოფილიყო დაზარალებულად, ხოლო დამნაშავე პირები კი _ მოპასუხეებად.

განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შესამოწმებლად გაიგზავნა ბათუმის საქალაქო პროკურატურაში. მოკვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი გარემოებები: 2003წ. 27 ოქტომბერს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, კონტროლის პალატის მუშაკებმა _ ა. მ-მ და თ. მ-მ, ასევე ხულოს ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსმა ზ. ბ-მ ხულოს რაიონის სოფ. დანისპარაულში შეამოწმეს სახელმწიფო ქონების - ხე-ტყის ჭრისა და რეალიზაციის კანონიერება. შემოწმებით დადგინდა, რომ 75 მ3 დახერხილი ხე-ტყით დატვირთული იყო შპს “-------” კუთვნილი ა/მანქანა, რომელსაც არ გააჩნდა სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებული. მათ ხე-ტყე გადაზიდეს ქ. ბათუმში და შესანახად ჩააბარეს ქ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საწყობს. აღნიშნულის გამო ჯერ კონტროლის პალატის თანამშრომლებმა, შემდეგ კი საგადასახადო სამსახურმა შეამოწმა შპს “-----” საქმიანობა სახელმწიფო ქონების მიღების კანონიერებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხე-ტყის გაცემის ორდერში არ იყო მითითებული მოჭრილი ხის ნომრები, ხე-ტყის დამზადებაზე არ არსებობდა შესაბამისი ლიცენზია, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სატრანსპორტო ზედდებულები, არ არსებობდა საბუღალტრო დოკუმენტები. ასევე გამოვლინდა სხვა დარღვევებიც. ბათუმის საქალაქო პროკურატურამ კონტროლის პალატის შესახებ კანონის მე-5 მუხლის “გ” პუნქტისა და მე-7 მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც კონტროლის პალატა აკონტროლებს სახელმწიფო საკუთრების გამოყენების ეფექტურობასა და მიზანშეწონილობას, გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატის მუშაკებს უფლება ჰქონდათ, შეემოწმებინათ შპს “-------” საქმიანობა ხე-ტყის მოპოვების, დამზადებისა და ტრანსპორტირების კანონიერებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზე 2005წ. 10 იანვარს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საქალაქო პროკურატურის აღნიშნული დადგენილება დატოვა უცვლელად.

დაინტერესებული პირი ნ. მ საკასაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებული დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების გენერალური პროკურატურისათვის გადაცემას სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის. ნ. მ-ს განმარტებით, მის განცხადებაში მითითებული ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ ბათუმის საქალაქო პროკურატურამ სრულყოფილად არ მოიკვლია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება ემყარება მხოლოდ ვარაუდებს და შეუმოწმებელ ინფორმაციას. ნ. მ-ს მითითებით, მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ კონტროლის პალატას უფლება არ ჰქონდა, მეწარმის საქმიანობა შეემოწმებინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, მაგრამ საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ ამ გარემოებას და აღნიშნა, რომ ეს არ არის არსებითი ხასიათის დარღვევა.

ნ. მ-ს ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა დ. შ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო პროკურატურისა და საქალაქო სასამართლოს დადგენილებების გაუქმება და საქმის გენერალური პროკურატურისათვის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. ადვოკატის მითითებით, საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი მთელ რიგ ისეთ საკითხებზე, რომელთა გამოკვლევასაც დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მოითხოვდა განმცხადებელი.

პროკურორმა ი. დ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მოკვლევა სრულყოფილად არ ჩატარებულა და დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას არ გამოკვლეულა განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, დაინტერესებულ პირს _ ნ. მ-ძეს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ დ. შ-ს, პროკურორ ი. დ-ს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ, მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2005წ. 25 მარტის კანონით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა ამავე წლის 3 მაისიდან, კანონი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინსტიტუტს და, შესაბამისად, აღარ არსებობს მისი გასაჩივრების წესი, მაგრამ, ვინაიდან ნ. მ-ს 2005წ. 3 მაისამდე, ე.ი. საპროცესო ცვლილებების ძალაში შესვლამდე ჰქონდა საჩივარი შეტანილი სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილებაზე, აქედან გამომდინარე, საჩივარი განხილულ უნდა იქნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, 2002წ. 23 იანვარს აჭარის ა/რესპუბლიკის მეთაურის ¹7 განკარგულებით, აჭარის ა/რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნა ხე-ტყის ჭრისა და გატანის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა აჭარის ა/რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარე, როგორც სახელმწიფო ქონების მართვის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი. 2003წ. 27 ოქტომბერს აჭარის ა/რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ გასცა ბრძანება შპს “----” ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში შემოწმების ჩატარების თაობაზე, რომლის ჩატარებაც დაევალა თ. მ-სა და დ. მ-ს. შემოწმების ვადა განისაზღვრა 15 დღით. მათი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ იმავე დღეს გასცა ბრძანება შპს “------” სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების შესახებ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში. შემოწმების ჩატარება მოსამართლის ბრძანებით დაევალა კონტროლის პალატას. ამ ბრძანების საფუძველზე ხულოს რაიონში მივლინებულ იქნენ თ. მ-. და ა. მ-., რომლებმაც 75მ3 მასალით დატვირთული შპს “---” ა/მანქანა ჩამოიყვანეს ქ. ბათუმში და ხის მასალა საქმის გარკვევამდე შეინახეს ქ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. პარალელურად კი შპს “----” საქმიანობის სრულყოფილი შესწავლის მიზნით დაილუქა ხის სახერხი საამქრო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონტროლის პალატის მუშაკების შემოწმების საგანს წარმოადგენდა ხე-ტყის ჭრის, დამზადების, გადაზიდვის და რეალიზაციის კანონიერება. სასამართლომ აღნიშნული დასკვნა გააკეთა ა. მ-..ის, გ. ც-.სა და თ. მ-.ს განმარტებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისადაც, ხე-ტყე წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას და შპს “----” შემოწმებაც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ქონების განკარგვის კანონიერების დადგენას.

საქალაქო სასამართლომ გამოიკვლიაკონტროლის პალატის მუშაკთა მიერ შპს “----” საქმიანობის შემოწმების 2003წ. 20 ნოემბრის აქტი, იმსჯელა მასზე და მიიჩნია შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტის დასაწყისში მითითებულია: “-----” ჩატარდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ 1998წ. 1 იანვრიდან 2003წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდის თემატური შემოწმება”, ამ აქტში არ არის ასახული მისი ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, დეკლარაციების, ბალანსის დროულად წარდგენის ან გადასახადების სწორად გადახდის საკითხები. აქტში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ სად შეიძინა აღნიშნულმა ორგანიზაციამ მასალები, რა გადაიხადა მასში, სად გადაზიდა ისინი, აქვს თუ არა თანხები სრულყოფილად გადახდილი და ა. შ. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებულ აქტში მსჯელობის ძირითადი საგანი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხის გარკვევა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგანაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმება კონტროლის პალატის ფუნქციაში არ შედის. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორედ ამის გამო, 2003წ. 25 ნოემბერს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ მიმართა ქ. ბათუმის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას, რათა შეემოწმებინათ შპს "--------” საქმიანობა.

პალატა თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დადგენილებაში ერთი და იმავე მასალების საფუძველზე აკეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს. იგი შეფასებას აძლევს კონტროლის პალატის მიერ შედგენილ შპს “----” საქმიანობის შემოწმების აქტს და ერთ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ ამ აქტში მსჯელობის ძირითადი საგანი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხის გარკვევა არ ყოფილა და იქვე უთითებს, რომ ვერც იქნებოდა, ვინაიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმება კონტროლის პალატის ფუნქციაში არ შედის, მაგრამ იქვე აკეთებს ასევე დასკვნას, რომ კონტროლის პალატის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრძანებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხის შემოწმება დაავალა კონტროლის პალატას, რომელმაც ამ ბრძანების საფუძველზე შეამოწმა შპს “-----” საქმიანობა.

პალატა თვლის, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, არ გამოკვლეულა და შეფასება არ მისცემია იმ საკითხებს, რომლებსაც განმცხადებელი აყენებს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში, კერძოდ, არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003წ. 27 ოქტომბრის ბრძანება, რომლითაც მან გასცა განკარგულება, შემოწმებულიყო შპს “--------------” საქმიანობა ბიუჯეტთან ანგარისწორების ნაწილში. ბრძანების შესრულებას იგი ავალებს კონტროლის პალატის თანამშრომლებს, რისთვისაც განსაზღვრავს 15 დღიან ვადას. ასევე არ გამოკვლეულა საწარმოს დალუქვის კანონიერების საკითხი და სხვა საკითხებიც, რომელთა შესახებაც განმცხადებელი უთითებს განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის რაიონული პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნტით, 243-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის რაიონული პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.