საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 221-აპ 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ტ. ბ-.ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ბ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 1 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 214-ე მუხლითა და 93-ე მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების გასაღების, აგრეთვე, ყალბი დოკუმენტის შეძენისა და გამოყენების, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით თაღლითობის, ასევე, არაერთგზის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის გამოწვევითა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ტ. ბ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ტ. ბ-.ს საჩივარი და 2004წ. 21 მაისის განაჩენით უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
საბრალდებო დასკვნისა და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების მიხედვით, ტ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1993წ. 28 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფ. .....ი მცხოვრებ ა. კ-შვილის ოჯახზე თავდასხმის შედეგად გატაცებულ იქნა დაზარალებულის პირადი საკუთრების მსუბუქი ავტომანქანა, რის შემდეგაც დამნაშავე პირებმა ტ. ბ-სა და ზ. მ-ს შესთავაზეს მისი რეალიზება და თანხის ურთიერთშორის განაწილება. მათ (ტ. ბ-მ, ზ. მმ) შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს და წინასწარი შეცნობით დანაშაულის (ყაჩაღობის) გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონება (მსუბუქი ავტომანქანა) 1993წ. ნოემბრში, იმჟამად მოქმედი ვალუტის კურსით, ორი მილიონ ასი ათას რუსულ რუბლად გაასაღეს მარნეულის რაიონის სოფ. ლეჟბანდიანში მცხოვრებ რ. ო-ზე.
ტ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, გამოყენების მიზნით, შეიძინა წინასწარი შეცნობით ყალბი გამამართლებელი განაჩენი დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რაც 1999წ. 2 ივნისს წარადგინა თბილისის დიდბუ-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის მტკიცებულებად, და რის საფუძველზეც ტ. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი აღდგენილ იქნა პოლიციელის თანამდებობაზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა შრომის სტაჟში და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 264 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით. ე.ი. მოტყუებით დაეუფლა ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვანი ოდენობის ქონებას.
მანვე, 2000წ. 26 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მის მიმართ პროცესის მწარმოებელი პირებისათვის მორალური ზიანის _ 30 ათასი ლარის დაკისრების შესახებ. მან სარჩელის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგინა იგივე ყალბი გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ თავისი განზრახვის ბოლომდე მიყვანა და თაღლითობით, არაერთგზის, დიდი ოდენობით (ოცდაათი ათასი ლარი) სხვისი ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიღება ვერ შეძლო მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენადაც იგი მოცემული დანაშაულის (თაღლითობის) ჩადენის მცდელობის სტადიაზე იქნა მხილებული.
მსჯავრდებულმა ტ. ბ-მ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, რადგან მიაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ტ. ბ-მ, აგრეთვე, მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა ნ. ი-მ და ი. გ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ტ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც წინასწარი გამოძიებით, ისე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში ჩატარებული გამოძიებით მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მსჯავრდებულ ტ. ბ-ს ამხელენ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულებები სავსებით დამაჯერებლად ადასტურებენ დანაშაულის ჩადენაში მის მონაწილეობას. ფაქტები, რომლებიც წარმოდგენილია საქმის მასალებში და უდავოდ მიუთითებენ როგორც დანაშაულის არსებობაზე, ისე ტ. ბ-ს ბრალეულობაზე, ვერც სასამართლოებში საქმის განხილვისას და ვერც საქმის საკასაციო მოსმენის დროს გააბათილა დაცვის მხარემ საწინააღმდეგო არგუმენტებით ან გამამართლებელი გარემოებების დადასტურებით, რადგან ასეთს არ გააჩნია რეალური და დასაბუთებული საფუძველი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია უტყუარად, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 21 მაისს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ტ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.