საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.10.2005
საქმის ნომერი
2კ-355აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 355-აპ 11 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ვ-ს და დაზარალებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივრები აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა შუახევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 აპრილის განაჩენი ნ. ვ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

შუახევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 აპრილის განაჩენით ნ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 2 წლის გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. სასამართლომ დააკმაყოფილა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ ნ. ვ-ს დაზარალებულ რ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.

განაჩენით ნ. ვ-ძე მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2004წ. 6 აგვისტოს, უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა, ფიწლით რ. შ-ს განზრახ მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ვ ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. მსჯავრდებული არ უარყოფს, რომ მან რ. შ-ს მიაყენა დაზიანება, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მან დაიცვა თავისი მეუღლის _ თ. ვ-ის ინტერესები, რომელსაც რ., ა. და მ. შ-ები სცემდნენ და ემუქრებოდნენ სიკვდილით.

საკასაციო საჩივრით დაზარალებული რ. შ- ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას. იგი აღნიშნავს, რომ მას სხეულის დაზიანება მიაყენა არა მსჯავრდებულმა, არამედ მისმა მეუღლემ _ თ. ვ-მ.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ი მოითხოვა ნ. ვ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ხ-მ მოითხოვა რ. შ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რ. შ. დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნ. საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ნ. ვ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლები, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლობის გამო. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ნ. ვ-ს მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. უსაფუძვლოა დაზარალებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც განაჩენის გაუქმების შესახებ. პალატა ვერ გაიზიარებს რ. შ-ს განცხადებას, რომ სხეულის დაზიანება მიაყენა არა მსჯავრდებულმა, არამედ მისმა მეუღლემ _ თ. ვ-მ, ვინაიდან ასეთი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ. ვ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

პალატა თვლის, რომ აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის განაჩენი ნ. ვ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის განაჩენი ნ. ვ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.