საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 455-დად 9 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ გ. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ბ. ბ-ს 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილება ვ. პ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 24 თებერვალს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ. ჯ-ს საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანების ფაქტზე _ სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2004წ. 5 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა ბ. ბ-მა გამოიტანა დადგენილება ვ. პ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული დადგენილება ე. ჯ-მა გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება, წინასწარი გამოძიების განახლება და ვ. პ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა. საჩივარში ე. ჯ-ელი მიუთითებდა, რომ ვ. პ-მა, თავისი ოჯახის წევრების სასაფლაოს გადიდების მიზნით, 2002წ. ივლისში დაუნგრია შვილის _ მ. ჯ-ს სასაფლაოს ზედაპირი. მისი აზრით, ვ. პ-ს ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 258-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ მის მიმართ უსაფუძვლოდ არ აღძრა სისხლისსამართლებრივი დევნა და უკანონოდ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 29 ოქტომბერს დააკმაყოფილა ე. ჯ-ს საჩივარი და გააუქმა გამომძიებელ ბ. ბ-ს 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილება ვ. პ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. კ-ძე ითხოვს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებას და გამომძიებელ ბ. ბ-ს 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას. პროკურორი თვლის, რომ სასამართლომ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე გააუქმა გამომძიებლის დადგენილება ვ. პ-შვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად; გამოძიების პროცესში არ გამოიკვეთა სსკ-ის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც საფუძველი ვ. პ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი გახდებოდა. პროკურორი თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. პ-ს მიცვალებულისადმი უპატივცემულობა არ გამოუჩენია _ მისი ქმედებები მიზნად ისახავდა საფლავის რეკონსტრუქციას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. კ-ძემ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ე. ჯ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-ძემ პროკურორ გ. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და მოითხოვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა თვლის, რომ სასამართლოს დადგენილებაში მითითებული გარემოებები: ვ. პ-მა პირდაპირი განზრახვით დააზიანა თუ არა მ. ჯ-ს საფლავის მიწისზედა ნაგებობა, არის თუ არა მის ქმედებაში სსკ-ის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და, ასეთის დადგენის შემთხვევაში, გასულია თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები, დამატებით შემოწმებას და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. წინასწარი გამოძიების დროს საჭიროა ასევე გაირკვეს, მ. ჯ-ს საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანების შედეგად, კონკრეტულად, რა ზიანი განიცადა ე. ჯ-მა. პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს პროკურატურის გამომძიებელ ბ. ბ-ს 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილება ვ. პ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.