საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.04.2004
საქმის ნომერი
2კ-99დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 99-დად 20 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა ი. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.ც-ს საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ი. კ-ის საჩივარი და ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს განყოფილების ---ის _ ო.ხ-ის 2003წ. 8 სექტემბრის დადგენილება ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 20 აგვისტოს მოქალაქე ი. კ-მ განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსს, რომელშიც მიუთითა, რომ იმავე წლის 19 აგვისტოს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ. გ-მა, წაართვა ხელჩანთა და გაანადგურა მასში არსებული რელიგიური ლიტერატურა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ი.კ-იმ ითხოვა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

2003წ. 8 სექტემბერს შს სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე ო.ხ-მა გამოიტანა დადგენილება ბ.გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მოქალაქე ი.კ-კი, არ დაეთანხმა რა აღნიშნულ დადგენილებას, მისი გაუქმების თაობაზე საჩივრით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2003წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 8 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადვოკატ მ.ც-ას საჩივარი, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის დადგენილება მოქალაქე ი. კ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილებით მოქალაქე ი. კ-ის უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილის _ ო.ხ-ის 2003წ. 8 სექტემბრის დადგენილება ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.

ი.კ-კი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.ც-ია საჩივრით ითხოვენ ბ.გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების 2003წ. 8 სექტემბრისა და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილებების გაუქმებას და მასალების ხელახალი შემოწმებისთვის პროკურატურისთვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ბ.გ-ის მიერ სსკ-ის 150-ე, 151-ე, 156-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. ითხოვენ, სსსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად, პროკურატურას მიეთითოს, სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით, ფაქტების ხელახალი შემოწმებითა და საერთო სიტუაციის გათვალისწინებით გადაწყვიტოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი მოცემულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

ი.კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ.კ-ლი მხარს უჭერს წარდგენილ საჩივრს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

პროკურორი ზ.ლ-ლი არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ.გ-ის მიერ სსკ-ის 150-ე (იძულება), 151-ე (მუქარა), 156-ე (დევნა) და 125-ე (ცემა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო შემოწმების ¹--/-- აქტის დასკვნის თანახმად, ი.კ-ს სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხოლო როგორც ი.კ-ის თანმხლები პირის ტ.გ-ის სასამართლოსთვის მიცემული განმარტებით ირკვევა, ბ.გ-მა ი.კ-ის ერთხელ დაარტყა მუშტი თავში, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცემად.

საქმეზე შეკრებილი მასალებით ასევე არ დასტურდება ბ.გ-ის მხრიდან ი.კამენსკის იძულების, მუქარის, დევნისა და მისი კუთვნილი ქონების განადგურების ფაქტი. ბ.გ-ის ქმედება, რომ მან ი.კამენსკის ხელიდან ჩანთა გამოსტაცა და მოისროლა, არ მოიცავს სსკ-ის 150-ე, 151-ე და 156-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობას.

ამასთან, საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ ბ.გ-ნი რამდენჯერმე მონაწილეობდა “---ეების” ცემა-შეურაცხყოფასა და პირადი ნივთების წართმევაში და რომ ამ ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ მოკვლევას, ვერ გახდება მოცემულ ფაქტზე ბ.გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი დადგენილების გაუქმების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ი.კ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილის _ ო.ხ-ის 2003წ. 8 სექტემბრის დადგენილება ბ.გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ი. კ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილის _ ო.ხ-ის 2003წ. 8 სექტემბრის დადგენილება ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.