საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 76-კოლ 22 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების უფროსი პროკურორის _ ი. დ-ას საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის გამამართლებელ განაჩენზე ზ. კ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 12 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზ. კ-ის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და რადგან გამოძიებით დადგინდა გ. გ-ის თვითმკვლელობის ფაქტი, 2004წ. 17 თებერვალს შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 108-ე მუხლით და ზ. კ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ. კ-ნს ბრალად ედებოდა შემდეგი დანაშაულის ჩადენა: ზ. კ-ნი მუშაობდა გუდაუთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის უფროს ინსპექტორად. 2003წ. 12 დეკემბერს თანამშრომლებთან: პოლიციის უფროს ლეიტენანტ გ. გ-თან, უბნის ინსპექტორებთან _ ზ. გ-სა და ზ. ც-სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შს ორგანოების გაძლიერებულ რეჟიმზე ყოფნისას მორიგეობდა გუდაუთის შს რაიგანყოფილებაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, --- დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე ზ.კ-მა ბუდიდან ამოიღო მასზე რიცხული არატაბელური “მაკაროვის” სისტემის ¹-- პისტოლეტი, დადო სამუშაო ოთახში რკინის სეიფის თავზე და იქ მყოფ თანამშრომლებს _ ზ.გ-ას, ზ.ც-სა და გ.გ-ნს სთხოვა, ყურადღება მიექციათ იარაღისათვის, თვითონ კი ოთახიდან გავიდა. აღნიშნულით ზ.კ-მა დაარღვია “იარაღის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალების საიმედო დაცვა. ასეთი დარღვევით შენახული იარაღი აიღო გ.გულბანმა, ორჯერ გადატენა, მიიდო საფეთქელთან და გაისროლა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამდენად, ზ.კ-მა თავისი მოქმედებით, ტარებისა და შენახვის უფლებით მასზე განპიროვნებული “მაკაროვის” სისტემის ¹-- პისტოლეტის დაუდევრად შენახვით, შექმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის განაჩენით ზ. კ-ნი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ გაუქმდა. ზ.კ-ნი მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისთანავე მოცემული საქმე განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს.
აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების უფროსი პროკურორი ი. დ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის იმ მოტივებით, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას არასწორად გამოიყენა როგორც სისხლის სამართლის საპროცესო, ისე მატერიალური სამართლის ნორმები, რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია; ზ.კ-ის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებისას მიცემული მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელთა უტყუარობაც მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
პროკურორი ს. ფ-ია მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
გამართლებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ია შესაგებლით ითხოვს ზ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
გამართლებული ზ. კ-ნი ეთანხმება თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ზ.კ-ის მიერ სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ.კ-მა ტყვიებით სავსე ცეცხლსასროლი იარაღი დატოვა თავის სამუშაო ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები: ზ.გ-ია, ზ.ც-ვა და გ.გ-ნი, რომლებსაც არ ჰქონდათ ამ კონკრეტული იარაღის შენახვის უფლება და დაუბარა მათ, რომ იარაღისთვის ყურადღება მიექციათ. გ.გ-მა გადატენა დატოვებული პისტოლეტი, მიიდო საფეთქელთან და გაისროლა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედებით ზ.კ-მა დაარღვია “პოლიციის შესახებ” კანონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1994წ. 3 მაისის ¹-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი საბრძოლო მასალის შეძენის, გადაზიდვის, შენახვისა და გამოყენების, ბასრი იარაღის დამზადების, სასროლი ტირების, სასროლეთების, სასროლო-სამონადირო სტენდების, იარაღის შესაკეთებელი სახელოსნოების გახსნის, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და სამონადირო დანებით ვაჭრობის წესების შესახებ ინსტრუქციით დადგენილი ნორმები. თუმცა, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ზ.კ-მა ცეცხლსასროლი იარაღი დაუტოვა და ჩააბარა არა უცხო პირებს, არამედ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და სარგებლობის უფლება.
მართალია, ზ.კ-მა განახორციელა სსკ-ის 238-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედება, რაც გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, მაგრამ დამდგარი მძიმე შედეგი _ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა _ მას არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ზ.კ-ნი არ შეიძლება პერსონალურად გაიკიცხოს სრულწლოვანი, შერაცხადი პირის მიერ განხორციელებული თვითმკვლელობისათვის, რომელიც იყო პოლიციის მუშაკი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმკვლელობა განხორციელდა ზ.კ-ის მიერ იარაღის დაუდევრად შენახვის შედეგად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის: სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ.კ-ის ქმედება არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და იგი სწორად გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვის წესების დარღვევისათვის ზ.კ-ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსჯადობით გადაუგზავნა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს.
პალატას მიაჩნია, რომ ზ.კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლოს არ დაურღვევია სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური ნორმები. ამდენად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის განაჩენი ზ.კ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის გამამართლებელ განაჩენი ზ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.