შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.06.2004
საქმის ნომერი
2კ-183დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.06.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 183-დად 29 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 17 თებერვლის განაჩენით ჯ. ვ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სსკ-ის 781-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 10 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ჯ.ვ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997წ. 25 სექტემბრიდან. 2004წ. 28 თებერვლიდან იგი მოთავსებულ იქნა ქსნის ¹7 დაწესებულებაში.

2004წ. 23 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შ.კ-ემ წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ჯ.ვ-ის შედარებით მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და ჯ. ვ-ლი 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.

მსჯავრდებული ჯ.ვ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ სასამართლო დადგენილების შეცვლას და საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის ვადის შემცირებას იმ მოტივით, რომ მას ადმინისტრაციის შინაგანაწესი არ დაურღვევია.

პროკურორი ო.როდონაია მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მსჯავრდებულ ჯ.ვ-სთვის საპყრობილის მკაცრი რეჟიმის 3 თვემდე შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, ჯ. ვ-ლი ქსნის ¹-- დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2004წ. 28 თებერვლიდან. სასჯელის მოხდის პერიოდში 2-ჯერ, 2004წ. 22 მარტს და 1 აპრილს, სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევებისთვის დასჯილი და მოთავსებული იქნა კარცერში 10-10 დღე-ღამით.

დაწესებულების ადმინისტრაციის დახასიათების თანახმად, მსჯავრდებულ ჯ.ვ-ლს დაძაბული ურთიერთობა აქვს დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა გარკვეულ წრესთან, რის გამოც იგი მოთავსებულ იქნა კარცერში; ჯ.ვ-ლი არ დგას გამოსწორების გზაზე და თავისი ქმედებებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში.

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის _ შ.კ-ის 2004წ. 23 აპრილის ბრძანებით ჯ.ვ-ლი გადაყვანილ იქნა თბილისის ¹1 საპყრობილეში.

2004წ. 23 აპრილს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შ.კ-ემ წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ჯ.ვ-ის შედარებით მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

წარდგინიების მიხედვით, ჯ.ვ-ლი არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს, თავისი ქმედებებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია, რის გამოც მისი იქ ყოფნა საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ჯ.ვ-ის საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე კანონიერია.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საპყრობილეში მსჯავრდებული არ შეიძლება მოთავსდეს ერთ წელზე მეტი ვადით; ითვალისწინებს იმასაც, რომ საპყრობილის პირობები, სხვა რეჟიმის დაწესებულებასთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრია; ასევე, მხედველობაში იღებს ჯ.ვ-ის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევათა ხასიათს და თვლის, რომ მას საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 10 თვე _ უნდა შეუმცირდეს 3 თვემდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ჯ. ვ-ლი 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ჯ. ვ-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 10 თვე _ შეუმცირდეს 3 თვემდე.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.