საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 27.07.2004
საქმის ნომერი
2კ-212დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 212-დად 27 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატ ვ.გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული შ. მ-ძე 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თურქმენეთის რესპუბლიკის აშხაბადის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 3 სექტემბრის განაჩენით შ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქმენეთის სსკ-ის 274-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 293-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

თურქმენეთის პრეზიდენტის 1999წ. 14 იანვრის ¹2748 განკარგულებით შ.მ-ეს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 25 წლით თავისუფლების აღკვეთით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის დადგენილებით შ. მ-ის მიმართ განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლსა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილთან და სასჯელის მოხდა განესაზღვრა საქართველოში, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 22 ივლისის განჩინებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ შ. მ-ეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 12 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

შ.მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998წ. 4 თებერვლიდან. 2004წ. 8 მაისიდან იგი მოთავსებულ იქნა რუსთავის ¹1 დაწესებულებაში.

2004წ. 13 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შ.კ-ემ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შ.მ-ის შედარებით მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და შ. მ-ძე 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.

მსჯავრდებულ შ.-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ.გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს შ.მაისურაძის მიმართ სასამართლო დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულის რუსთავის ¹1 დაწესებულებაში დაბრუნებას.

პროკურორი ო.რ-ია მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მსჯავრდებულ შ.მაისურაძისთვის საპყრობილის რეჟიმის 8 თვემდე შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შ. მ-ძე სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ ბანდიტიზმის _ ჩადენისათვის, ასევე ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

როგორც მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, შ. მ-ძე რუსთავის ¹1 დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2004წ. 8 მაისიდან. 2004წ. 11 მაისს იგი უნებართვოდ გადავიდა ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, რის გამოც გამოეცხადა საყვედური. მანამდე, სასჯელის მოხდის პერიოდში, იგი დასჯილ იქნა 7-ჯერ, მაგრამ აღნიშნული სახდელები ხანდაზმულობის გამო გაქარწყლებული აქვს.

დაწესებულების ადმინისტრაცია შ.მ-ეს ახასიათებს უარყოფითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ იგი აყვანილია ოპერატიულ აღრიცხვაზე, როგორც ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი და ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი მიდრეკილების მქონე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის _ შ.კ-ის 2004წ. 13 მაისის ¹-- ბრძანებით შ.მაისურაძე გადაყვანილ იქნა თბილისის ¹-- საპყრობილეში. 2004წ. 14 მაისს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შ.მაისურაძის შედარებით მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

წარდგინების მიხედვით, შ.მაისურაძე არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს, თავისი ქმედებებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია, რის გამოც მისი იქ ყოფნა საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ შ.მაისურაძის საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე კანონიერია.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საპყრობილეში მსჯავრდებული არ შეიძლება მოთავსდეს ერთ წელზე მეტი ვადით; ითვალისწინებს იმასაც, რომ საპყრობილის პირობები, სხვა რეჟიმის დაწესებულებასთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრია; ასევე, მხედველობაში იღებს შ.მ-ის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის ხასიათს და თვლის, რომ მას საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 10 თვე _ უნდა შეუმცირდეს 4 თვემდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული შ. მ-ძე 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: შ. მ-ეს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 10 თვე _ შეუმცირდეს 4 თვემდე.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.