საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.07.2004
საქმის ნომერი
2კ-278დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 278-დად 29 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორის _ ო. რ-ას კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. ქ-ლი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რეგიონის სამხედრო სასამართლოს 1995წ. 24 აგვისტოს განაჩენით გ. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის I ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილით, 240-ე მუხლის II და III ნაწილებით, 238-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით, 154-ე მუხლი I ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV და V ქვეპუნქტებით, 141-ე მუხლით, მე-100 მუხლის II ნაწილით, 96-ე მუხლის II ნაწილის IV და VI პუნქტებით, 91-ე მუხლის II ნაწილით, 17,104-ე მუხლის I, VII, IX ქვეპუნქტებით, 104-ე მუხლის I ქვეპუნქტით და საბოლოოდ შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ გ. ქ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1993წ. 27 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის განკარგულებით გ. ქ-ლი შეწყალებულ იქნა და სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუმცირდა 1 წლით.

2004წ. 29 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. ქ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთვისუფლების თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული გ. ქ-ლი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი ო. რ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის იმ მოტივებით, რომ გ. ქ-ლი გასამართლებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; სასჯელის მოხდის პერიოდში მას გაეწია შეღავათი და საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის განკარგულების საფუძველზე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუმცირდა 1 წლით; მისი განთავისუფლება 3 წლით, 5 თვითა და 18 დღით ადრე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის, ასევე, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასწორი და ნაადრევია.

პროკურორი ო. რ-ა მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. ქ-ლს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა 1993წ. 27 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის განკარგულებით გ. ქ-ლს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა 1 წლით. მან დანიშნული სასჯელიდან მოიხადა 11 წელი, 6 თვე და 12 დღე და მოსახდელი დარჩა 3 წელი, 5 თვე და 18 დღე.

ამდენად, გ. ქ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია გ. ქ-ლს ახასიათებს დადებითად. იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2001წ. 1 დეკემბრიდან. ადმინისტრაციის მიერ წახალისებული იყო 3-ჯერ. წარდგინების თანახმად იგი ადგას გამოსწორების გზას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. კარგი ურთიერთობა აქვს და მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის დადგენილება მსჯავრდებულ გ. ქ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული გ. ქ-ლი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.