განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 23.09.2004
საქმის ნომერი
2კ-108კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 108-კოლ 23 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. შ-ისა და თ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. შ-ლი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ე.ი. სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასამართლომ სასჯელის ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

იმავე განაჩენით თ. შ-ლი მსჯავრდებულ იქნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით ზ. და თ. შ-ების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ქობულეთის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ ზ. და თ. შ-ებსა და რეზო გ-ეს შორის დაახლოებით 2000 წლიდან მიმდინარეობდა დავა “ნაპერევალას” უბანზე კაკლის ხეებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ფლობის თაობაზე. აღნიშნული სადავო საკითხი გახდა მიზეზი იმისა, რომ გვარებს შორის რამდენჯერმე შედგა მოლაპარაკება. ერთ-ერთი შეკრების დროს, კერძოდ, 2001წ. 17 სექტემბერს, სადავო საკითხი გადაწყდა გ-ების სასარგებლოდ, რის შესახებაც გაფორმდა ხელწერილი, რომელსაც 13 დამსწრესთან ერთად ხელი ძმებმა შ-ებმაც მოაწერეს.

2003წ. 14 სექტემბერს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, “ნაპერევალას” უბანში, თავიანთ მიწის ნაკვეთზე კაკლის ასაკრეფად იმყოფებოდნენ ძმები _ ზ. და თ. შ-ები, რა დროსაც მათ მომიჯნავე სადავო მიწის ნაკვეთში მივიდნენ ვ. გ-ძე და მ. გ-ძე. მათ დანახვაზე მისასალმებლად მივიდა ზ. შ-ლი. ცოტა მოგვიანებით იქ მივიდა ვ. გ-ის მამა _ რ. გ-ძე, რომელსაც გზად შ-ების ძაღლებმა შეუღრინეს. აღნიშნულით გაღიზიანებულმა რ. გ-ემ დაინახა რა ზ. შ-ლი თავისი მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, არ გაარკვია ამ უკანასკნელის იქ ყოფნის მიზეზი და შეელაპარაკა მას. შელაპარაკებისას რ. და ვ. გ-ებმა ზ. შ-ლს მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულის გამო თ. შ-მა, რომელიც იქვე იმყოფებოდა და თვალს ადევნებდა ჩხუბს, აიღო თავისი სანადირო, ორლულიანი თოფი “იჟ-26" ¹--, მივიდა ინციდენტის ადგილზე, დაუმიზნა თოფი გ-ებს და დაემუქრა მათ: “გაეთრიეთ აქედან, თორემ მოგკლავთო”. თავისი მუქარა მან რამდენჯერმე გაიმეორა, რის გამოც ვ., რ. და მ. გ-ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შელაპარაკების დროს ვ. გ-ემ წაართვა თ. შ-ლს სანადირო თოფი, რის შემდეგაც მამა-შვილმა გ-ებმა სცემეს მას და მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

თ. შ-თან ჩხუბის დამთავრების შემდეგ რ. და ვ. გ-ები მიბრუნდნენ იმ ადგილზე, სადაც დარჩა მ. გ-ძე, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.

აღნიშნული შელაპარაკებისა და ჩხუბის გამო განაწყენებულმა ზ. შ-ლმა რ. და ვ. გ-ების განზრახ მოკვლის მიზნით თავისი ორლულიანი სანადირო თოფით, მათზე პირდაპირი დამიზნებით, 25-30 მეტრის მანძილიდან, განახორციელა ზედიზედ სამი გასროლა, რითაც საფრთხე შეუქმნა აგრეთვე იქვე, ორი მეტრის მოშორებით მდგომ მ. გ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელმაც მოასწრო მიწაზე დაწოლა და შემდეგ გაქცევა შემთხვევის ადგილიდან. მაგრამ ზ. შ-მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, რადგან მიღებული სხეულის დაზიანებათა შედეგად რ. გ-ძე, მართალია, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მაგრამ ვ. გ-ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მას სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ ზ. და თ. შ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ივნისის განაჩენის გაუქმებას თემურაზ შ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ თ. შ-ის მიერ ქმედება ჩადენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების, კერძოდ, აუცილებელი მოგერიების არსებობის ვითარებაში.

კასატორი საჩივრით აგრეთვე ითხოვს იმავე განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ზ. შ-ის ბრალდების ნაწილში, რომლის მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით, უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ე.ი. როგორც ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიწვია დამნაშავისა და მისი ახლო ნათესავის (ძმის) მიმართ მსხვერპლთა მხრივ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, და სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

პალატის სხდომაზე განხილვისას ადვოკატმა დ. თ-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებულ ვ. გ-სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. -ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პროცესში მონაწილე პროკურორმა დ. ჭ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, რადგან უსაფუძვლოდ მიიჩნია იგი და ითხოვა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ზ. და თ. შ-ების მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სრულიად უდავოა, რომ კონფლიქტის ინიციატორები იყვნენ რ. და ვ. გ-ები, რომლებმაც ზ. შ-ის მიმართ განახორციელეს მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, კერძოდ, სცემდნენ მას და მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ასეთ ვითარებაში ზ. შ-ის ძმამ _ თ. შ-მა, რომელსაც საფუძველი გააჩნდა იმის ვარაუდისათვის, რომ ჩხუბის დროს რ. და ვ. გ-ების მოქმედებით შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შექმნოდა მისი ძმის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მის ხელთ არსებული სანადირო იარაღის გამოყენების მუქარით, ისე, რომ თოფი არ გაუსვრია, აიძულა თავდამსხმელები, შეეწყვიტათ მართლსაწინააღმდეგო ძალადობა ზ. შ-ის მიმართ. იმ მომენტში თ. შ-ლს სხვა საშუალება არ გააჩნდა მოძალადეთა შესაჩერებლად, ხოლო მისი მხრივ ასეთი საშუალების გამოყენების აუცილებლობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ რ. და ვ. გ-ებმა შემდეგ თავისი აგრესიული ქმედება მიმართეს თვით თ. შ-ის მიმართ, რომელსაც წაართვეს თოფი და სცემეს.

განხილულ ეპიზოდში თ. შ-ის მიერ გ-ების მიმართ განხორციელებული ქმედება, მართალია, შეიცავს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას (მუქარა), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში იგი ვერ იქნება მიჩნეული მართლსაწინააღმდეგოდ, რადგან წარმოადგენდა მისი ძმის წინააღმდეგ მიმართული ისეთი არამართლზომიერი ფიზიკური ძალადობის აღკვეთის ერთადერთ და აუცილებელ საშუალებას, რომელსაც შესაძლოა, დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

აღნიშნული გარემოება, სახელდობრ, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარით პირის იძულება, შეწყვიტოს მართლსაწინააღმდეგო ფიზიკური ძალადობა სხვა პირის მიმართ, ისეთ ვითარებაში, როდესაც საამისოდ სხვა შესაძლებლობა და საშუალება არ არსებობს, სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი უნდა ჩაითვალოს ისეთ გარემოებად, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს ჩადენილი ქმედების მართლზომიერების პირობებს, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლისა.

ამრიგად, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა თ. შ-ის ქმედებას, რის შედეგადაც უსაფუძვლოდ ცნო იგი ბრალეულად დანაშაულის ჩადენაში, ამიტომ სასამართლო კოლეგიის განაჩენი ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს თ. შ-ის მიმართ მარეაბილიტირებელი საფუძვლით, რომელიც მითითებულია საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტში. ამის გათვალისწინებით, ხსენებული განაჩენი უნდა გაუქმდეს იმ ნაწილშიც, რომელიც ადგენს თ. შ-ის კუთვნილი სანადირო თოფისა და ვაზნების საპროცესო კონფისკაციას.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ. შ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებიდან 111-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ძმებ შ-ებსა და მამა-შვილ გ-ებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიმდინარეობისას, მისი დაწყებიდან დამთავრებამდე, არ იკვეთება ისეთ გარემოებათა კუმულაცია, რაც, კანონის თანახმად, საფუძველს ქმნის დასკნვისათვის ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობის არსებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. შ-თან მიმართებაში სახეზეა ძლიერი სულიერი აღელვებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი, მთლიანობაში ისინი აშკარად არასაკმარისია მის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 111-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის. ამავე დროს, პალატის აზრით, არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. შ-ლს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი მის მიმართ როგორც ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილებში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ზ. შ-ისა და თ. შ-ის დამცველის, ადვოკატ დ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

იგივე განაჩენი თ. შ-ის მსჯავრდების ნაწილში გაუქმდეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე ქმედების მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო;

იგივე განაჩენი თ. შ-ის კუთვნილი “იჟ-26” მარკის, ¹--, 12-კალიბრიანი სანადირო თოფისა და 12-კალიბრიანი 40 ცალი ვაზნის საპროცესო კონფისკაციის ნაწილში გაუქმდეს, ხოლო აღნიშნული სანადირო თოფი და ვაზნები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეს.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.