შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 09.09.2004
საქმის ნომერი
2კ-243აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 243-აპ 9 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ს-ლი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, კერძოდ, ნ. ს-ლი 1986 წელს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის (1960წ. რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 252-ე მუხლის მე-5 ნაწილით 1996 წელს ქ. რუსთავის სასამართლომ იგი გაასამართლა იმავე კოდექსის მე-17 მუხლითა და 165-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და აზერბაიჯანის სსკ-ის 226I მუხლის პირველი ნაწილით. 1994 წელს იგი ქ. რუსთავის სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1995 წელს ნ. ს-ლი ქ. რუსთავის სასამართლომ კვლავ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (1960წ. რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) და მიესაჯა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. 1999წ. 31 იანვარს იგი შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, გათავისუფლდა პატიმრობიდან და სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნულთაგან პირველი ორი ნასამართლობა გაქარწყლებულია.

2003წ. 7 მაისს ნ. ს-მა ლაგოდეხში ძიებითY დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---", რაც იმავე დღეს რუსთავ-ლაგოდეხის სამარშუტო მიკროავტობუსით უკანონოდ გადაზიდა ქ. რუსთავში. 2003წ. 9 მაისს, 10.30 საათზე, ქ. რუსთავში, ---, ¹8 ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, იგი დააკავეს ქ. რუსთავის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოიღეს 55 გრამი, ე.ი. დიდი ოდენობით ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ს-მა და მისმა ადვოკატმა ა. კ-მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე უფრო ნაკლები სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და 2004წ. 28 მაისის განაჩენით მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, შეუმცირა 1 წლით და მოსახდელად დაუტოვა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ს-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იმავე საფუძვლით, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ითხოვს მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის შემსუბუქებას სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ ნ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ე. ს-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ზ. ბ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, რადგან უსაფუძვლოდ მიიჩნია იგი და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მხედველობაში იღებს იმ შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომლებიც გააჩნია მსჯავრდებულ ნ. ს-ლს, კერძოდ იმას, რომ იგი დაკავების დღიდან აღიარებს და გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მისი პიროვნება ხასიათდება დადებითად, რაც დასტურდება ასევე თბილისის ¹-- საპყრობილის ადმინისტრაციის მიერ გაცემული დახასიათებით, რომლის მიხედვით მსჯავრდებული ნ. ს-ლი დგას გამოსწორების გზაზე.

გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც, სახელდობრ: ნ. ს-ლს დაეღუპა შვილი, აგრეთვე გარდაეცვალა სხვა უახლოესი ადამიანები _ მშობლები და ძმა, ფაქტობრივად, არის მარტოხელა. ყველაფერი ეს მოხდა იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა იყო, ხოლო ამის შედეგად წარმოქმნილმა მძიმე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ მას უბიძგა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისაკენ და იგი გახდა მათი სისტემატური მომხმარებელი. ნიშანდობლივია ისიც, რომ არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებით არის მოპოვებული რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნ. ს-ლის მიერ 55 გრამი “---ს" გასაღების მიზნით შეძენა და გადმოზიდვა. საქმის მასალებში არსებობს დასაბუთებული საფუძველი ნ. ს-ის აღიარებითი ჩვენების გასაზიარებლად, რომლის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან შეიძინა პირადი მოხმარებისათვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით, მსჯავრდებული ნ. ს-ლი დაავადებულია “ც" ჰეპატიტით რემისიის ფაზაში, რომელიც ჰეპატიტების ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა და არაჯეროვანი მკურნალობის შემთხვევაში ქრონიკულ სახეს იღებს.

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებები ერთობლიობაში ქმნიან საფუძველს მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოსაყენებლად და შეიძლება მას დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები ზომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ ნ. ს-ის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით _ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, შემცირდეს 3 წლით და საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.