საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 95-კოლ 12 ოქტომებრი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის განაჩენზე, რომლითაც: მ. შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და ერთობლივად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999წ. 14 დეკემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
მ. შ-მა, რომელსაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობა საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ქ. გორიდან, სატვირთო ავტომანქანების სადგომიდან, მოტყუებით წაეყვანა “კამაზის” ტიპის ავტომანქანა, ვითომდა ვაშლის წასაღებად რუსეთში, ქარელის რაიონის სოფ. ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეხდინათ მძღოლზე ყაჩაღური თავდასხმა, დაუფლებოდნენ ავტომანქანას, გაეყიდათ და თანხა გაენაწილებინათ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან და ძიებით დაუდგენელმა პირმა, ქ. გორის ავტომანქანის ბირჟიდან წაიყვანეს მ. შ-ის ნაცნობი მეზობელ დასახლებაში, ქ. რუსთავში, --- მცხოვრები ფ. მ-ლი თავისი კუთვნილი ავტომანქანა “კამაზით” და ჩაიყვანეს ქარელის რაიონის სოფ. ---ში. იმისათვის, რომ მძღოლ ფ. მენთეშაშვილს რაიმე ეჭვი არ აეღო, მ. შ-მა ავტომანქანა გააჩერებინა თავისი ნათესავის _ ზ. მ-ის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, თვითონ გადავიდა, ნახა თავისი ნათესავი და მოსთხოვა ფული, რომელიც სჭირდებოდა ვითომდა ვაშლის წასაღებად. ზ. მ-სთან ერთად სახლიდან გამოსულმა მ. შ-ლმა დაინახა, რომ ფ. მ-ლს ესაუბრებოდა ამ უკანასკნელის ნაცნობი, სოფ. ---ში მცხოვრები ჯ. გ-ვი. იგი ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად კვლავ ჩაუჯდა მძღოლს ავტომანქანაში და დაახლოებით დილის 9 საათზე გაიყვანეს იგი სოფ. ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში, სადაც წინასწარი შეთანხმებისამებრ, ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მძღოლ ფ. მენთეშაშვილზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა მისი პირადი ქონების დაუფლების მიზნით. მ. შ-ლმა და მისმა თანამზრახველმა მძღოლი ჩაიყვანეს მანქანიდან და ანგარებით, აღნიშნული ქონების დასაუფლებლად, დანაშაულის, ყაჩაღობის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით თავში მკვრივი ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს იგი. შემდეგ კი ფ. მ-ის გვამს წაუკიდეს ცეცხლი, რათა გვამის აღმოჩენის შემდეგ არ მომხდარიყო მისი ამოცნობა. თავიანთი განზრახვის _ ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ფ. მ-ის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის შემდეგ მ. შ-ლი დაჯდა ავტომანქანა “კამაზის” საჭესთან, რომლის ღირებულებაა 10474 აშშ დოლარი, და თავის თანამონაწილესთან ერთად კვლავ ჩავიდა სოფ. ქვენატკოცაში. ისინი მივიდნენ ზ. მ-ის ძმასთან _ ზ. მ-სთან, ჩაისვეს ავტომანქანაში და წავიდნენ ქარელის რაიონის სოფ. ---ში, ზ. მ-ს დის _ ლ. მ-ის ოჯახში. მან მესხიძეებს განუცხადა, რომ ავტომანქანა იყო მისი ბიძის საკუთრება.
დაახლოებით 12 საათზე ფ. მ-ის გვამი აღმოჩენილ იქნა. გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დადგინდა ავტომანქანის ადგილსამყოფელიც, რის შემდეგაც ქარელის შს რაიგანყოფილების თანამშრომლები მივიდნენ ლ. მ-ს ოჯახში, მაგრამ მ. შ-მა ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მოახერხა მიმალვა, ხოლო ავტომანქანა “კამაზი” ამოღებულ იქნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ-ლი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ის ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილზე (ძველი რედაქცია) და აღნიშნულის მიხედვით განესაზღვროს სასჯელის ზომა. იგი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ მ. შ-მა მონაწილეობა მიიღო ფ. მ-ის მკვლელობასა და Yყაჩაღობის ჩადენაში.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. მ-ლი შესაგებლით ითხოვს მ. შ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვებას. ამასთანავე ითხოვს, მ. შ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2002წ. 27 დეკემბრიდან, ნაცვლად 1999წ. 14 დეკემბრისა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ე. მ-მა, ნ. ხ-ემ და ლ. ო-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლემ _ ნ. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია მ. შ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ლს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2003წ. 27 დეკემბრიდან.
პროკურორმა რ. ს-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია მ. შ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მ. შ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს საქმის მასალებით არ იყოს დადგენილი მ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული. განაჩენში დეტალურადაა მითითებული იმ მტკიცებულებებზე, რომელთა ერთობლიობით სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია მ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა მ. შ-მა მონაწილეობა მიიღო ფ. მ-ზე ყაჩაღურ თავდასხმასა და მის განზრახ მკვლელობაში. სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში საკასაციო პალატას უფლება არა აქვს, შეიტანოს ეჭვი, მით უმეტეს, დადგენილია ის გარემოებაც, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მ. შ-ლი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, დიდი ხნის მანძილზე თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმალებოდა კ-ის გვარზე გაცემული გაყალბებული პასპორტით.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმის მიხედვით აქვს განსაზღვრული. ამასთან, სავსებით კანონიერად დაეწყო სასჯელის ათვლა 1999წ. 14 დეკემბრიდან, რის შესახებაც სასამართლო კოლეგიას ცალკე მიღებული აქვს განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის განაჩენი მ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.