განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 237-აპ 7 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენით ე. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით და 381-ე მუხლით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება იმავე ვადით.
განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ჩ-ძე 1996 წლიდან მუშაობდა ქუთაისის რკინიგზის პოლიკლინიკის მთავარ ექიმად. 1999 წლიდან აღნიშნული პოლიკლინიკა გარდაიქმნა შპს ქუთაისის რკინიგზის მრავალდარგოვან პოლიკლინიკად, სადაც ე. ჩ-ემ მუშაობა გააგრძელა დირექტორად. თ. ჩ-ძე ამავე დროს იყო პოლიკლინიკის სადაზღვევო ნებაყოფლობითი კომპანიის ხელმძღვანელი. 1996წ. 26 მარტს ე. ჩ-ეს ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ. ქ-მა გადასცა შს ქუთაისის რეგიონული სატრანსპორტო პოლიციიდან სამედიცინო მომსახურებისათვის შემოსული ნებაყოფლობითი სადაზღვევო თანხა 159 ლარის ოდენობით, რომელიც ე. ჩ-ემ არ შეიტანა პოლიკლინიკის ანგარიშზე, არ გაატარებინა ბუღალტერიაში და მიითვისა.
1998-99 წლებში ე. ჩ-ძე მუშაობდა სახაზინო დაწესებულება რკინიგზის ქუთაისის საკვანძო პოლიკლინიკის მთავარ ექიმად. მან 1998წ. 22 ივლისს პოლიკლინიკის ანგარიშზე რიცხული თანხიდან საგადასახადო დავალება ¹--ით უკანონოდ გადარიცხა 500 ლარი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისი შვილის _ ლ. ნ-ას სწავლის ქირის დავალიანების დასაფარავად, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა რკინიგზის ქუთაისის საკვანძო პოლიკლინიკას.
ე.ჩ-ემ 1998წ. 20 ივლისს პირადი მოტივით, საგადასახადო დავალება ¹--ის საფუძველზე, პოლიკლინიკის ანგარიშზე არსებული თანხა _ 90 ლარი უკანონოდ გადარიცხა გ. ტ-ს სტამბაში ჯ. გ-ას სასარგებლოდ. თანხა სტამბის შემოსავალში აღებული არ ყოფილა და გატარებულია ხარჯებში.
ე. ჩ-ემ 1998-99 წლებში პირადი მოტივით 5-ჯერ, კერძოდ: 1998წ. 2 ივლისის @¹-- წერილით, 1998წ. 5 ნოემბრის ¹-- წერილით, 1999წ. 19 აპრილის ¹-- წერილით, 1999წ. 28 ივნისის @19 წერილითა და 1999წ. 26 აგვისტოს @¹-- წერილით მიმართა საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ფილიალის უფროსს _ ი. ა-ნს, რათა მოეხდინა რკინიგზის პოლიკლინიკაზე ამავე ორგანიზაციიდან გადმოსარიცხი თანხებიდან პოლიკლინიკის ექიმ დ. კ-ას პირად (ბინის) ტელეფონზე რიცხული დავალიანების დაფარვა, რის საფუძველზეც პოლიკლინიკის კუთვნილი თანხებით დაიფარა დავალიანება _ 405 ლარი და 95 თეთრი, კერძოდ: 1998წ. ივლისში _ 96 ლარი და 31 თეთრი, 1998წ. ნოემბერში _ 63 ლარი და 4 თეთრი, 1998წ. აპრილში _ 172 ლარი და 60 თეთრი, 1999წ. ივნისში _ 39 ლარი, 1999წ. აგვისტოში _ 35 ლარი. ე. ჩ-ის ამ ქმედების შედეგად პოლიკლინიკამ ვერ მიიღო საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ორგანიზაციიდან დებიტორული დავალიანების კუთვნილი თანხა _ 405 ლარისა და 95 თეთრის ოდენობით, რითაც პოლიკლინიკას მიადგა მატერიალური ზარალი.
ე. ჩ-ემ 1999წ. 28 ივნისს ¹35 წერილით კვლავ მიმართა საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის უფროსს _ ი. ა-ნს, რათა მას დაეფარა მისი პირადი (ბინის) ტელეფონის დადგმის ღირებულება 32 ლარის ოდენობით; ასევე ამავე პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტრის _ ნ. ჩ-სა და ხელფასის ბუღალტერ ბ-ის პირადი (ბინის) ტელეფონების 25-25 ლარის დავალიანება.
ე. ჩ-ის ქმედების შედეგად შპს ---ის თანამშრომლებზე არ გაცემულა ხელფასები 297 ლარის ოდენობით და შვებულების თანხა _ 217 ლარი, რის შედეგადაც პოლიკლინიკას მიადგა მატერიალური ზარალი _ 1077 ლარი და 95 თეთრი.
ე. ჩ-ემ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნა დაუწყო ამავე პოლიკლინიკაში მომუშავე პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილეს _ ექიმ ნ. ჯ-სა და ექიმ მ. ა-ლს. დევნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ნ. ჯ-ია და მ. ა-ლი არ ეთანხმებოდნენ პოლიკლინიკის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას, ასევე არ ეთანხმებოდნენ პოლიკლინიკის დირექტორ ე. ჩ-ის გადაწყვეტილებას, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენდა მათთვის სამუშაო ხელშეკრულების გაგრძელება და ამის თაობაზე გააჩნდათ საწინააღმდეგო მოსაზრებები.
ე. ჩ-ემ 2000წ. 7 აგვისტოს ¹-- ბრძანებით უკანონოდ გამოუცხადა საყვედური მ. ა-ლს, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, მაშინ, როდესაც მ. ა-ლი იმყოფებოდა ავადმყოფობის ფურცელზე. იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება ¹-- სამსახურიდან მისი მოსალოდენლი განთავისუფლების შესახებ, ხოლო 2000წ. 18 აგვისტოს ¹-- ბრძანებით აუკრძალა სამსახურებრივი პროფესიული მოვალეობის შესრულება, რის შემდგომ ფაქტობრივად იგი არ დაუშვა სამუშაოზე.
ე. ჩ-ემ 2000წ. 7 აგვისტოს ¹-- ბრძანებით უკანონოდ გამოუცხადა საყვედური ექიმ ნ. ჯ-ას, სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ იგი იმყოფებოდა ავადმყოფობის ფურცელზე. მან იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება და ბრძანების ამონაწერი ¹@--, -- ნ. ჯ-ას სამსახურიდან მისი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, სადაც მას ბრალს სდებდა შრომის დისციპლინის, საექიმო ეთიკის დარღვევასა და პრივატიზაციის საკითხების თაობაზე სუბიექტური მოსაზრების გამოთქმაში, რის გამოც ფაქტობრივად აუკრძალა პროფესიული მოვალეობის შესრულება.
დირექტორ ე. ჩ-ის უკანონო ბრძანების გაუქმების თაობაზე ექიმების _ ნ. ჯ-სა და მ. ა-ის მოთხოვნა ე. ჩ-ემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის ბრძანებები და შეტყობინებები ნ. ჯ-სა და მ. ა-ის მოსალოდნელი გადაყენების თაობაზე პროფესიული საქმიანობის აკრძალვისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ გაუქმდა და დირექტორ ე. ჩ-ეს დაევალა ექიმების _ ნ. ჯ-ასა და მ. ა-ის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა. მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისა, რომელიც ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას, ე. ჩ-ემ გააგრძელა მათი დევნა და არ აღადგინა ისინი თავიანთ პირვანდელ თანამდებობაზე, რითაც შეზღუდა მათი პროფესიული საქმიანობის უფლება. ე. ჩ-ის არაკანონიერი ქმედებების შედეგად ნ. ჯ-ას, რომელიც მუშაობდა მთავარი ექიმის მოადგილედ, დაზღვევის თანხებიდან მიუღებელი აქვს 1998წ. მაისიდან 2001წ. ივლისამდე, 38 თვეზე გაანგარიშებით _ 228 ლარი.
კასატორი ე. ჩ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და უკანონოა. კასატორის განმარტებით, მართალია, შს ქუთაისის სატრანსპორტო პოლიციასა და საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ქუთაისის საკვანძო პოლიკლინიკას შორის დაიდო ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, მაგრამ მისთვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე რაიმე თანხა მ. ქ-ლს, ქ. ჩ-ის თანდასწრებით, არ გადაუცია. ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა. კასატორის განმარტებით, მოწმეთა მიერ ასეთი ჩვენების მიცემა განაპირობა იმან, რომ ისინი მასზე განაწყენებული არიან. კასატორის მითითებით, მართალია, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიკლინიკის ანგარიშზე რიცხული თანხიდან გადაირიცხა 500 ლარი თავისი შვილის _ ლ. ნ-ას სწავლის ქირის დავალიანების დასაფარავად, მაგრამ თანხის გადარიცხვას წინ უსწრებდა მისი განცხადება და პროფკავშირების თანხმობა თანხის გადარიცხვაზე. კასატორის მითითებით, მართალია, მან ჯ. გ-ას გაუწია სპონსორობა და გ. ტ-ის სახელობის სტამბაში პოლიკლინიკის ანგარიშიდან გადარიცხა 90 ლარი, მაგრამ ეს თანხა არ მიუსაკუთრებია და მისი გადარიცხვით არც სახელმწიფოსათვის მიუყენებია არსებითი ზიანი. კასატორის განმარტებით, ამ თანხით გამოიცა წიგნი ქუთაისის რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმთა შესახებ. კასატორის განმარტებით, მართალია, 1998-99 წლებში წერილით მიმართა საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ფილიალის უფროსს _ ი. ა-ნს, რათა მოეხდინა რკინიგზის პოლიკლინიკაზე ამავე ორგანიზაციიდან გადმოსარიცხი თანხებიდან პოლიკლინიკის ექიმ დ. კ-ას პირად (ბინის) ტელეფონზე რიცხული დავალიანების დაფარვა, რის საფუძველზეც პოლიკლინიკის კუთვნილი თანხებით დაიფარა დავალიანება _ 405 ლარი და 95 თეთრი, ასევე, მართალია, მიმართა საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის უფროსს _ ი. ა-ნს, რათა მას დაეფარა მისი პირადი (ბინის) ტელეფონის დადგმის ღირებულება 32 ლარის ოდენობით და ამავე პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტრის _ ნ. ჩ-სა და ხელფასის ბუღალტერ ბ-ის პირადი (ბინის) ტელეფონების 25-25 ლარის დავალიანება, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მის თანამშრომლებს ეკონომიკურად უჭირდათ, არ ჰქონდათ იმ დროისათვის ამ თანხების დაფარვის საშუალება და მათ დროებით გაუწია დახმარება, დღეისათვის ეს თანხები ანაზღაურებულია. კასატორის განმარტებით, მას ეს თანხები არ მიუთვისებია.
კასატორის მითითებით, მართალია, მან 2000წ. 7 აგვისტოს გამოუცხადა საყვედური მ. ა-ლს, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, და იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება სამსახურიდან მისი მოსალოდენლი განთავისუფლების შესახებ, მაგრამ მან არ იცოდა, რომ მ. ა-ლი იმყოფებოდა ავადმყოფობის ფურცელზე.
ასევე, მართალია, მან 2000წ. 7 აგვისტოს გამოუცხადა საყვედური ექიმ ნ. ჯ-ას სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო და იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება და ბრძანების ამონაწერი სამსახურიდან მისი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, მაგრამ მან ასევე არ იცოდა, რომ ნ. ჯ-ია იმყოფებოდა ავადმყოფობის ფურცელზე.
კასატორის მითითებით, მართალია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი ბრძანებები და შეტყობინებები ნ. ჯ-ასა და მ. ა-ის მოსალოდნელი გადაყენების თაობაზე პროფესიული საქმიანობის აკრძალვისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ გაუქმდა და მას დაევალა ექიმების _ ნ. ჯ-სა და მ. ა-ის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მაგრამ იგი ამ გადაწყვეტილებას ვერ შეასრულებდა, ვინაიდან ნ. ჯ-ია და მ. ა-ლი არ ყოფილან სამსახურიდან გათავისუფლებულები. კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მან გამოსცა ¹ -- და ¹ -- ბრძანებები, სადაც მიუთითა, რომ მ. ა-მა და ნ. ჯ-ამ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. კასატორის განმარტებით, იგი მათ სამუშაოზე აღდგენის ბრძანებას ვერ გამოსცემდა, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ ყოფილა გათავისუფლებული თანამდებობიდან.
პროკურორმა გ. ჩ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორ ე. ჩ-ეს, პროკურორ გ. ჩ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი შს ქუთაისის რეგიონული სატრანსპორტო პოლიციის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის 159 ლარის ოდენობით გადახდილი ნებაყოფლობით სადაზღვევო თანხის ე. ჩ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დატაცების ეპიზოდში ემყარება მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს, კერძოდ: შს ქუთაისის პოლიციის სატრანსპორტო თანამშრომლების _ ვ. კ-ს, ზ. ბ-ის, ე. ლ-ს, გ. ყ-ის, კანცელარიის მდივნის _ ი. მ-ის ჩვენებებს, რომ სამედიცინო დაზღვევის შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე პოლიციის 53 მუშაკმა შეაგროვა 159 ლარი, რომელიც, პოლიციის უფროს მ. შ-ას მითითებით, ხელზე გადაეცა ექიმ მ. ქ-ლს. მ. ქ-ის და პოლიციის მუშაკ ქ. ჩ-ს ჩვენებების თანახმად, ეს თანხა 1996წ. 15 თებერვალს მ. ქ-მა გადასცა ე. -ეს. სხვა რაიმე მტკიცებულება, კერძოდ, რაიმე წერილობითი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ თანხა რეალურად გადაეცა ე. ჩ-ეს, საქმეში არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მ. ქ-სა და ქ. ჩ-ის ჩვენებები არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ე. ჩ-ეს ეს თანხა რეალურად გადაეცა და მან ეს თანხა დაიტაცა. მითითებულ მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებს ის გარემოება, რომ მ. ქ-ლს კონფლიქტი აქვს ა. ჩ-სთან პოლიკლინიკის პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს მისი არაერთი განცხადება კონტროლის პალატის სახელზე და ასევე ფაქტი იმისა, რომ მ. ქ-მა ა. ჩ-ისათვის 159 ლარის გადაცემისა და მის მიერ ამ თანხის დატაცების თაობაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც დაიწყო დავა პოლიკლინიკის პრივატიზაციის საკითხებზე, კერძოდ _ 2000 წელს, ე.ი. დაახლოებით ოთხიწ. შემდეგ იქიდან, როდესაც, მისივე განმარტებით, მან თანხა ხელზე გადასცა ა. ჩ-ეს. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ა. ჩ-ეს გადაეცა 159 ლარი და მან ეს თანხა მიითვისა, ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების ამ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმე ე. ჩ-ის მიმართ უნდა შეწყდეს.
მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ჩ-ემ 1998წ. 22 ივლისს პოლიკლინიკის ანგარიშზე რიცხული თანხიდან საგადასახადო დავალება ¹--ით გადარიცხა 500 ლარი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისი შვილის _ ლ. ნ-ას სწავლის ქირის დავალიანების დასაფარავად, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ჩ-ემ თანხის გადარიცხვის თხოვნით 1998წ. პირველ ივლისს განცხადებით მიმართა რკინიგზის საკვანძო პოლიკლინიკის პროფკავშირის თავმჯდომარეს და პროფკომიტეტს, რომლებმაც ეს საკითხი განიხილეს იმავეწ. 16 ივლისს პროფკომიტეტის წევრთა სხდომაზე და თხოვნა დააკმაყოფილეს. პალატა თვლის, რომ ჩ-ს ამ მოქმედებით არ განხორციელებულა სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე და 186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მითითებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტურიEშემადგენლობის ელემენტს წარმოადგენს განზრახვა. ე. ჩ-ეს მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა სურვილი, რომ თავისი შვილის _ ლ. ნ-ას სწავლის ქირის დავალიანება დაფარულიყო წარმოების მოგების ფონდიდან, რასაც ადასტურებს მისი განცხადება პროფკავშირების სახელზე, მაგრამ ე. ჩ-ეს არ ჰქონია მისი ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება, ე. ჩხაიძე ფიქრობდა და დარწმუნებული იყო, რომ ის მოქმედებდა კანონიერად, როდესაც მან ფინანსური გაჭირვების გამო განცხადებით დასახმარებლად მიმართა პროფკავშირებს, რასაც ადასტურებს თვით პროფკავშირების წევრთა სხდომის ოქმი, რომლის შესაბამისადაც, დაკმაყოფილდა ე. ჩ-ის თხოვნა თანხის გადარიცხვაზე. მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ე. ჩ-ის აღნიშნული ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე და 186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. საკითხი, ჰქონდა თუ არა ე. ჩ-ეს პროფკავშირების თანხმობით, 500 ლარის სწავლის ქირის დაფარვის მიზნით, უნივერსიტეტში გადარიცხვის უფლება, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების დავის საგანს.
პალატა თვლის, რომ, მართალია, ე. ჩ-ემ 1998წ. 20 ივლისს საგადასახადო დავალება ¹36-ის საფუძველზე პოლიკლინიკის ანგარიშზე არსებული თანხა _ 90 ლარი გადარიცხა გ. ტ-ის სტამბაში ჯ. გ-ას სასარგებლოდ, რომელიც სტამბის შემოსავალში აღებული არ ყოფილა და გატარებულია ხარჯებში, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ ამ ქმედების განხორციელებისას ე. ჩ-ეს არ ჰქონია განზრახვა, გაეტაცებინა 90 ლარი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს თანხა გადაირიცხა სტამბაში, რის შედეგადაც გამოიცა წიგნი პოლიკლინიკის ექიმთა შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში ე. ჩ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად მიიჩნია, რომ ე. ჩ-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ქონების გატაცება. კერძოდ, მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ჩ-ემ 1998-99 წლებში წერილით მიმართა საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ფილიალის უფროსს _ ი. ა-ნს, რათა მოეხდინა რკინიგზის პოლიკლინიკაზე ამავე ორგანიზაციიდან გადმოსარიცხი თანხებიდან პოლიკლინიკის ექიმ დ. კ-ას პირად (ბინის) ტელეფონზე რიცხული დავალიანების დაფარვა, რის საფუძველზეც პოლიკლინიკის კუთვნილი თანხებით დაიფარა დავალიანება _ 405 ლარი და 95 თეთრი, ასევე, მართალია, ე. ჩ-ემ მიმართა საქართველოს ელექტროკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის უფროსს _ ი. ა-ნს, რათა მას დაეფარა მისი პირადი (ბინის) ტელეფონის დადგმის ღირებულება _ 32 ლარის ოდენობით და ამავე პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტრის _ ნ. ჩ-სა და ხელფასის ბუღალტერ ბრეგვაძის პირადი (ბინის) ტელეფონების 25-25 ლარის დავალიანება, მაგრამ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტს _ განზრახვას. თვით ქმედებიდან და მისი შედეგებიდან გამომდინარე, ე. ჩ-მ ეს ქმედება განახორციელა იმ მიზნით, რომ დახმარებოდა ეკონომიკურად გაჭირვებულ თანამშრომლებს, რომლებსაც იმ დროისათვის არ შეეძლოთ ამ დავალიანებების დაფარვა და რომლებიც ამ თანხების დაბრუნებას აპირებდნენ პოლიკლინიკისათვის, რაც მოგვიანებით დააბრუნეს კიდეც. ე. ჩ-ეს ამ ქმედების განხორციელებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის მიეყენებინა არსებითი ზიანი ან დაეტაცებინა ეს თანხები, ე.ი. ე. ჩ-ეს არ ჰქონია გათვითცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, მან ეს ქმედება განახორციელა იმიტომ, რომ თავის თანამშრომლებს იმ პერიოდისათვის ეკონომიკურად უჭირდათ, იმ დროს არ ჰქონდათ ამ თანხების დაფარვის საშუალება და მათ დროებით გაუწია დახმარება, დღეისათვის ეს თანხები ანაზღაურებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმე ე. ჩ-ის მიმართ ბრალდების ამ ეპიზოდში უნდა შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ე. ჩ-ემ 2000წ. 7 აგვისტოს ¹-- ბრძანებით გამოუცხადა საყვედური მ. ა-ლს, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, მაშინ, როდესაც მ. ა-ლი იმყოფებოდა ავადმყოფობის ფურცელზე, იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება ¹-- სამსახურიდან მისი მოსალოდენლი განთავისუფლების შესახებ, ხოლო 2000წ. 18 აგვისტოს ¹-- ბრძანებით აუკრძალა სამსახურებრივი პროფესიული მოვალეობის შესრულება; სააპელაციო პალატამ ასევე არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებებს, რომ ე. ჩ-ემ 2000წ. 7 აგვისტოს გამოუცხადა საყვედური ¹-- ბრძანებით ექიმ ნ. ჯ-იას, სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ავადმყოფობის ფურცელზე, იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება და ბრძანების ამონაწერი ¹--, ¹-- ნ. ჯ-ას სამსახურიდან მისი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ; პალატა თვლის რომ ე. ჩ-ის ამ მოქმედებით არ განხორციელებულა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ექიმების _ მ. ა-სა და ნ. ჯ-ას პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნა. სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დევნა გულისხმობს არა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას, არამედ _ ეს არის სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მოხელის მიერ განხორციელებული დევნა იმ პირისა, რომლის პროფესიული საქმიანობაც ეწინააღმდეგება არასწორად გაგებულ სახელმწიფოს ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში ე. ჩ-ის მიერ მ. ა-ისა და ნ. ჯ-ას მიმართ შრომის დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით გამოცხადებული საყვედური და შეტყობინება მათი მოსალოდნელი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ არ ნიშნავს მ. ა-ისა და ნ. ჯ-ს დევნას მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ე. ჩ-ეს საყვედური იმიტომ კი არ გამოუცხადებია, რომ მ. ა-ლი და ნ. ჯ-ა ეწეოდნენ ისეთ პროფესიულ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა არასწორად გაგებულ სახელმწიფო ინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ე. ჩ-ეს მიაჩნდა, რომ მ. ა-მა და ნ. ჯ-ამ დაარღვიეს შრომის დისციპლინა. აღნიშნული დავა მხარეებს შორის წარმოადგენდა შრომით დავას და გადაწყდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში საქმე ე. ჩ-ის მიმართ უნდა შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ე. ჩ-ემ არ შეასრულა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ჩ-ის ბრძანებები და შეტყობინებები ნ. ჯ-სა და მ. ა-ის მოსალოდნელი გადაყენების თაობაზე პროფესიული საქმიანობის აკრძალვისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ გაუქმდა და დირქტორ ე. ჩ-ეს დაევალა ექიმების _ ნ. ჯ-სა და მ. ა-ის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა.
საქმის მასალების მიხედვით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი ან ბრძანება იმის თაობაზე, რომ ე. ჩ-ემ ნ. ჯ-ია და მ. ა-ლი გაათავისუფლა სამსახურიდან, საქმეში არსებობს მხოლოდ ე. ჩ-ის 2000წ. 7 აგვისტოს ¹-- ბრძანება, როლითაც მან საყვედური გამოუცხადა მ. ა-ლს, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, ასევე _ შეტყობინება ¹-- მ. ა-ის სამსახურიდან მოსალოდენლი განთავისუფლების შესახებ; ასევე _ 2000წ. 18 აგვისტოს ¹-- ბრძანება, რომლითავ ე. ჩ-ძე უკრძალავს მ. ა-ლს სამსახურებრივი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, მაგრამ საქმეში არ არსებობს მ. ა-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება. ანალოგიურად საქმეში არსებობს ე. ჩ-ის 2000წ. 7 აგვისტოს ¹-- ბრძანება, რომლითაც მან გამოუცხადა საყვედური ექიმ ნ. ჯ-ას, სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო; ასევე _ შეტყობინება და ბრძანების ამონაწერი ¹--, ¹-- ნ. ჯ-ას სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, მაგრამ საქმეში არ არსებობს ნ. ჯ-ას სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება. საქმის მასალების მიხედვით, ე. ჩ-ემ მიიღო თუ არა სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, დაუყოვნებლივ, კერძოდ, 2000წ. 12 დეკემბერს გამოსცა ¹-- და ¹-- ბრძანებები, სადაც მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მ. ა-მა და ნ. ჯ-მ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა ექიმების _ ნ. ჯ-ასა და მ ა-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებები, შესაბამისად _ ე. ჩ-ძე ვერ გამოსცემდა სამუშაოზე მათი აღდგენის ბრძანებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ე. ჩ-ის იმ მოქმედებით, რომ მან არ გამოსცა ნ. ჯ-სა და მ ა-ის სამუშაოზე აღდგენის ბრძანებები, არ განხორციელებულა სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში საქმე ე. ჩ-ის მიმართ უნდა შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენი ე. ჩ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენი ე. ჩ-ის მიმართ და სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.