განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 05.10.2004
საქმის ნომერი
2კ-245აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 245-აპ 5 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ დ. უ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის განაჩენი დ. უ-ას მიმართ დარჩა უცვლელად. აღნიშნული განაჩენით დ. უ-ბა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:

დ. უ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მთვრალი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. იგი 2003წ. 7 იანვარს, დაახლოებიოთ 19 საათზე, ქ. ქუთაისში, ---ისა და ---ის ქუჩების გადაკვეთიდან ---ის გამზირის მიმართულებით, ნაცვლად დადგენილი 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისა, დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით მთვრალი მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ არსებული “ვაზ-2121” მოდელის ავტომანქანით და დაეჯახა იმავე მიმართულებით, იმავე ზოლში, დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ კ. პ-ის მართვის ქვეშ არსებულ “გაზ-3110” მოდელის ავტომანქანას. მოსალოდნელი აშკარა საფრთხისა და კვლავ შეჯახების თავიდან ასაცილებლად კ. პ-ძე იძულებული გახდა, საპირისპირო სავალი ნაწილი გადაეკვეთა და გზა დაუთმო დ. უ-ას. ამ უკანასკნელმა უხეშად დაარღვია რა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 20,9 და 29,1 მუხლების მოთხოვნები, არ გაითვალისწინა სიბნელის გამო ხილვადობის შეზღუდულობა მოძრაობის მიმართულებით და მისი ინტენსიურობა, მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რის შემჩნევაც მას შეეძლო, არ მიიღო ზომები ავტომანქანის სრულ გაჩერებამდე სიჩქარის შესამცირებლად და დადგენილი 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გადაჭარბებული 80-90 კმ/სთ სიჩქარეზე სწრაფად განაგრძო რა მოძრაობა, დაახლოებით 100-ოდე მეტრის გავლის შემდეგ ---ის გამზირზე მდებარე შპს “---ის” ბენზინგასამართ სადგურამდე 50 მეტრში მარცხენა წინა ნაწილით მარჯვენა უკანა ნაწილში ძლიერად დაეჯახა თავის მოძრაობის ზოლში გზის მიმართულებით ირიბად გაჩერებულ თ. რ-ს “მერსედესის” მოდელის მიკროავტობუსს. აღნიშნული მიკროავტობუსის წინა მარცხენა მხარე წინა ნაწილით ამ მომენტისათვის მიჯახებული იყო მანამდე ადმინისტრაციული წესების დარღვევით მოძრავი მ. კ-ის “---” მოდელის ავტომანქანას. დაჯახების შედეგად “მოკროავტობუსი” მარჯვნიდან მარცხნივ გაიტყორცნა და მარცხენა უკანა მხრით მარჯვენა გვერდში დაეჯახა მასა და “ლუაზის” მოდელის ავტომანქანის შეჯახებით ამ ავტომანქანათა შორის სამკუთხედად წარმოქმნილ სიცარიელეში მდგომ, მ. კ-ის თანმხლებ გ. ჭ-ლს, რომელიც თავის მხრივ მარცხენა გვერდით იქვე გაჩერებულ “ლუაზის” მოდელის ავტომანქანის მარჯვენა ნაწილს მიენარცხა.

დ. უ-ს კანონსაწინააღმდეგო ქმედებითა და ამით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ. ჭ-ლს ხერხემლის უკანა ხაზზე გაუტყდა მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნეკნი, რითაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო თხემ-საფეთქლის არეში მარცხნივ თავის ტვინში სისხლჩაქცევებითა და დაჟეჟილობით ქალა- ტვინის ბლაგვი დახურული ტრავმის სახით განუვითარდა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც გონება დაკარგა და ასფალტზე დაეცა. დაშავებული გ. ჭ-ლი შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მოათავსეს გამვლელი, მოქალაქე მ. ვ-ის მართვის ქვეშ არსებული “ვაზ-21011” მოდელის ავტომანქანაში და გადაიყვანეს ქ. ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში, მაგრამ გზაში მსვლელობისას გ. ჭ-ლს დაუბრუნდა ცნობიერება და უარი განაცხადა საავადმყოფოში დაწვენაზე. მისი თხოვნით მძღოლმა იგი ისევ შემთხვევის ადგილთან ახლოს, ---ის გამზირისა და ზ. ---ის ქუჩის გადაკვეთასთან ჩამოსვა, საიდანაც გ. ჭეიშვილი შემთხვევითYშეხვედრილი ნათესავის _ ე. კ-ის თანხლებით მივიდა სახლამდე. შინ მისვლის შემდეგ გ. ჭ-ს ჯანმრთელობა გაურთულდა, რის გამოც იგი, 8 იანვარს, 03 საათსა და 20 წუთზე, კომატიზურ და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, გადაყვანილ იქნა ქუთაისის ¹1 საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ, მიუხედავად გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა, თავის არეში მიღებული სხეულის მძიმე ხარისხის ზემოთ ხსენებული დაზიანებით განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი დახურული ტრავმის შედეგად, 2003წ. 14 იანვარს გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ დ. უ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ხ-ია საკასაციო საჩივრით (ასევე დამატებითი საკასაციო საჩივრით) ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის განაჩენისა და ამავე პალატის 31 მაისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეამოწმა საქმის გარემოებები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სრული საფუძველი, სასამართლოს განეახლებინა სასამართლო გამოძიება, მიუხედავად ამისა უსაფუძვლოდ უარი თქვა სასამართლო გამოძიების განახლებაზე. ამასთან, დაადგინა უკანონო განაჩენი, რადგან საქმეში არსებული წინააღმდეგობები და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო საკითხები სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული.

დაზარალებულ ნ. ჭ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ-ლი თავისი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს ადვოკატ რ. ხ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა რ. ხ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო და დამატებით საკასაციო საჩივართა მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებული დ. უ-ბა დაეთანხმა ადვოკატ რ. ხ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჭ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა რ. ქ-ამ კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ. უ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. ადვოკატმა რ. ქ-ამ ასევე აღნიშნა, რომ, დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან შეთანხმებით, მათ მოხსნეს ადვოკატ ვ. მ-ის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჭ-მა კანონიერად მიიჩნია დ. უ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა დ. ხ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულ დ. უ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნაA უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად გამოკვლევის თაობაზე, მას ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაერკვია ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული დ. უ-ბა მოძრაობდა გადაჭარბებული _ დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც დაარღვია მოძრაობის წესების მოთხოვნები: ჯერ შეეჯახა კ. პ-ის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანა “გაზ-3110-ს”, სახელმწიფო ნომრით _ “დვვ-454”, შემდეგ კი შეეჯახა მიკროავტობუს “მერსედესს”. პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია. მოწმე კ. პ-ძე მიუთითებდა, რომ დ. უ-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ნივა” მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, ჯერ დაეჯახა მის კუთვნილ ავტომანქანა “გაზ-3110-ს”, სახელმწიფო ნომრით _ “დვვ-454”, დაუზიანა ავტომანქანის უკანა “პანელი” და პოლიეთილენის უკანა სანომრე, რომელიც დამსხვრეული წარუდგინა წინასწარ გამოძიებას. ამ საკითხთან დაკავშირებითY დაცვის მხარემ საკასაციო პალატას წარუდგინა ქუთაისის საგზაო პოლიციის განყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველოს მიერ გაცემული ცნობები იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ნომერი “--” არ არის გაცემული და “დვვ” სერიით სახელმწიფო ნომრები საერთოდ არ გაცემულა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია ასევე ფოტოილუსტრაცია, რომლის მიხედვით ავტომანქანა “ნივის” წინა ე.წ. “შიტოკი” საერთოდ არ მოდის კონტაქტში ავტომანქანა “გაზ-3110-ის” უკანა სანომრე ნიშანთან.

პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხი საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისას დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული, კერძოდ: უნდა დაიკითხოს მოწმე დ. ჯ-ძე. სათანადო სპეციალისტების დაკითხვით უნდა გაირკვეს, ავტომანქანა “ნივისა” და “გაზ-3110-ის” კონტაქტი შესაძლებელია თუ არა ისეთ პირობებში, როგორც ამაზე მიუთითებს მოწმე კ. პ-ძე. ამ საკითხების შემოწმებას მნიშვნელობა აქვს მოწმე კ. პ-ის ჩვენების რეალობის გასარკვევად, რადგან სასამართლომ ძირითადად მისი ჩვენების მიხედვით მიიჩნია დადგენილად, რომ მსჯავრდებული დ. უ-ბა მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას ეს საკითხი დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული.

პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ განაახლა საქმეზე სასამართლო გამოძიება, როცა დაცვის მხარემ წარმოადგინა დამატებითი მასალები და მოითხოვა მათი სასამართლო სხდომაზე გამოკვლევა. ამით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს, უარი უთხრას მხარეს მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში მხარემ წარადგინა შპს “---ის” სადისპეტჩერო წიგნის ქსეროასლი, საიდანაც ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე თ. რ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “მერსედესი” ¹--, 2003წ. 20 თებერვლიდან გასული იყო თავის სამარშრუტო ხაზზე და რეგულარულად ასრულებდა რეისებს იანვარ-თებერვლის თვეებში. ამასთან, ექსპერტი კ. გ-ძე მის მიერ 2003წ. 5 მარტს შედგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე “მერსედესის” ფირმის მიკროავტობუსი დათვალიერებულ იქნა ავტომშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის შენობის წინ. მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ჩამსხვრეულია წინა მარცხენა მაშუქის მინა და მისი ბუდე, გატეხილია წინა მარცხენა ბამპერის მარცხენა კუთხე, დეფორმირებულია წინა მარცხენა ლითონის დისკო. მექანიკური დაზიანებების კვლები აღენიშნება კარის მარცხენა კუთხეში, მარცხენა გვერდით ნაწილსა და მარჯვენა უკანა კუთხეში. დაცვის მხარის მტკიცებით, ექსპერტი კ. გ-ძე მიკროავტობუს “მერსედესს” 5 მარტს დაზიანებებს ვერ უნახავდა, რადგან იგი ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის უკვე აღდგენილი და გასული იყო რეისში, მით უმეტეს, თვით დ. უ-ამ 2003წ. 25 იანვარს მიკროავტობუსს გადაუღო ფოტოსურათები, საიდანაც ჩანს, რომ რ-ის მიკროავტობუსი არის აღდგენილი. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ექსპერტ კ. გ-ის მიერ გაცემული დასკვნა არის ყალბი, იგი არ შეიძლებოდა განაჩენის დადგენის საფუძველი ყოფილიყო.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას ეს საკითხი სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და მისცეს სათანადო შეფასება, რადაგან დ. უ-ს ბრალის ერთ-ერთ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა კ. გ-ის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, უნდა აიხსნას, თუ მიკროავტობუსი “მერსედესი” 2003წ. 5 მარტისათვის უკვე აღდგენილი იყო, როგორ მოახერხა ექსპერტმა მისი დათვალიერება და ექსპერტიზის დასკვნის გაცემა. ამ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას გარკვეული მნიშვნელობა აქვს დ. უ-ას ბრალეულობის საკითხის გადასაწვეტად.

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იყო აწ გარდაცვლილ გ. ჭ-ის სხეულის დაზიანების მიყენების მექანიზმი, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომანქანების _ “ლუაზისა” და “მერსედესის” ურთიერთკონტაქტის (პირველადი შედარება) დროს ავტომობილ “ლუაზში” მსხდომ პირებზე იმოქმედებდა ინერციის ძალები, მიმართულებით _ უკნიდან წინ და მარცხნიდან მარჯვნივ. ასეთ პირობებში წინა მარჯვენა სავარძელში მჯდომი გ. ჭ-ლი ვერ მიიღებდა თავის მარცხენა ნახევარში მიყენებულ დაზიანებებს.

ავტომანქანა “ნივის” შეჯახების შედეგად ავტომანქანა “მერსედესი” უკანა მარცხენა ნაწილით დაიწყებდა ბრუნვას საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით და ასევე გადაადგილდებოდა წინ. ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ ავტომანქანებს _ “ლუაზსა” და “მერსედესს” შორის შექმნილ სივრცეში მდგომ გ. ჭ-ლს, მათ შორის მოხვედრისა და შემდეგ ასფალტის საფარზე ვარდნის შედეგად მიეღო ის დაზიანებები, რაც სხეულზე აღენიშნებოდა.

ექსპერტიზის რეალობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ლ. ჩ-ამ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით დაცვის მხარემ ჩაატარა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაში მითითებულია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომანქანა “ლუაზის” მგზავრ გ. ჭ-ზე, რომელიც იჯდა წინა მარჯვენა საჯდომზე, ავტომანქანების _ “ლუაზისა” და “მერსედესის” შეჯახების შედეგად იმოქმედებდა ინერციის ძალები, რომლებიც მიმართული იყო უკნიდან წინ და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო ურთიერთდაშორებისას კი _ მარცხნიდან მარჯვნივ. აქედან გამომდინარე, გ. ჭ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია, განვითარებულიყო ზემოაღნიშნული შეჯახების შედეგად. გ. ჭ-ის სხეულზე მარცხენა მხარეს არსებული დაზიანებების, კერძოდ, შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში სისხლნაჟღენთის (ზომით _ 13X14 სმ) და მარცხნივ, სხეულის უკანა ზედაპირზე VII, VIII, IX ნეკნების მოტეხილობის განვითარება ასფალტის საფარზე ვარდნის შედეგად, ექსპერტიზას შეუძლებლად მიაჩნია.

ექსპერტმა ბ. მ-ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა ალტერნატიული დასკვნის რეალობა.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რითაც არ შეასრულა საქართველოს სსსკ-ის 364-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო წესით უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ჩატარდეს საკომისიო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა აღმოიფხვრას ექსპერტიზის დასკვნებს შორის არსებული წინააღმდეგობა. ასეთი ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია იმიტომაც, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ორივე ექსპერტიზა ჩატარებულია სხვადასხვა ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო შედეგები კი სრულიად განსხვავებულია.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტ კ. გ-ემ ჩაატარა კომპლექსური ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა.

ამავე საკითხზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ იქნა ალტერნატიული ექსპერტიზა. ორივე ექსპერტიზის დასკვნა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაშიც გაიზიარა მხოლოდ ექსპერტ კ. გ-ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა დატოვა შეფასების გარეშე, მით უმეტეს, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე ექსპერტი თ. ჭ-ძე სააპელაციო სასამართლომ დაკითხა და მან დაადასტურა ალტერნატიული ექსპერტიზის რეალობა; ასევეAდაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტ თ. ჭ-ის წერილობითი განმარტება ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს გარემოებაც დატოვა შეფასების გარეშე.

პალატა თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ექსპერტ კ. გ-ის დასკვნის რეალობა, კომისიური წესით უნდა ჩატარდეს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხოლო მიღებულ შედეგს მიეცეს შეფასება, კერძოდ, სრულყოფილად უნდა გაირკვეს ავტომანქანის _ “ლუაზისა” და მიკროავტობუს “მერსედესის” მძღოლებსაც ხომ არა აქვთ დარღვეული მოძრაობის წესების მოთხოვნები, როგორ უნდა ემოქმედათ მათ ერთმანეთთან შეჯახების შემდეგ და ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს პირთა ბრალეულობის საკითხი.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, უნდა შემოწმდეს საკასაციო საჩივარში და საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მიღებული შედეგები შეფასდეს საქმის ერთობლივ მასალებთან ერთად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 560-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2004წ. 31 მაისის განჩინება დ. უკლებას მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

აღკვეთის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.