საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.10.2004
საქმის ნომერი
2კ-251აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 251-აპ 12 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ოქტომბრის განაჩენით რ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. იმავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. წ-ის სარჩელი და რ. ბ-ეს დაზარალებულ ს. წ-ის მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად დაეკისრა 8002 ლარისა და 52 თეთრის, ხოლო მორალური ზიანის მიყენებისათვის _ 100 ლარის გადახდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით რ. ბ-ეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2002წ. 12 იანვარს, დაახლოებით 11 საათსა და 45 წუთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთის 94კმ-სა და 500 მეტრზე, ხაშურიდან გორის მიმართულებით, 52 კმ\სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა რა “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსს, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, მის წინ მოძრავი “იკარუსის” მარკის ავტობუსის გასწრებისას გადაკვეთა ღერძულა ხაზი, რა დროსაც შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომანქანა “ვაზ-2121-ს”, რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ. ლ-ძე. ამის შედეგად ავტომანქანა “ნივა” შეეჯახა მოსაცდელის ბოძს, შემდგომ უკანა ნაწილით შევარდა მოსაცდელში და იქ მყოფ სოგრატ წაველიძეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

დაზარალებულის შესაგებელი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ. ბ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-მა ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულის წარმომადგენელმა ნ. წ-ემ და პროკურორმა რ. ს-მ მხარი არ დაუჭირეს საჩივარს და იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოება, რაც მსჯავრდებულს განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა. საჩივრის არც ერთი მოტივი სასამართლომ არ მიიჩნია რ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად, რასაც მთლიანად ეთანხმება საკასაციო პალატა. საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამოძიების პროცესში დაშვებულია არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევები, ხოლო სასამართლო ორგანოებმა არასრულყოფილად გამოიკვლიეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებანი და დაადგინეს უკანონო განაჩენი, საქმის მასალებით არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის განაჩენი რ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.