განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 291-აპ 19 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 მარტის განაჩენი გ. ს-ის მიმართ. აღნიშნული განაჩენით გ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა 15 დღიური ანაზღაურების ოდენობით, დღიური ანაზღაურების 2 ლარზე გაანგარიშებით, _ სულ 30 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ს-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო თვითნებობისათვის, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გამოყენებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი 2002წ. 31 ივლისს, დღის საათებში, გარდაცვლილი შვილის _ დ. ს-ის ცხედრის დასვენების მომიზეზებით თვითნებურად შევიდა ქ. ქუთაისში, --- მდებარე მისი პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, გარდაცვლილი შვილის განქორწინებული მეუღლის, დაზარალებულ ი. თ-სა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელ ორ ოთახში, საიდანაც თვითნებურად გაიტანა დაზარალებულის საყოფაცხოვრებო ნივთები _ სულ 1391 ლარის ღირებულების ქონება. გადაზიდა იგი და შეინახა წყალტუბოს რაიონის სოფ. ---ში თავის (მსჯავრდეულის) საავტოფარეხე სათავსში, რითაც ი. თ-სა და თავის შვილებს აღუკვეთა სცხოვრებელი ფართისა და ქონების ფლობის უფლება და გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობა და რამაც დაზარალებულის მიმართ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდეგნილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ს-ძე ითხოვს დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, რომელიც არ სცილდება სამოქალაქო დავის ფარგლებს.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პროკურორი შ. ვ-ძე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია გ. ს-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გ. ს-ის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს მსჯავრდებულ გ. ს-ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ დაზარალებული ი. თ-ძე 1992 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მსჯავრდებულის აწ გარდაცვლილ ვაჟთან _ დ. ს-სთან, ცხოვრობდა მათთან, ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და შეეძინა ორი შვილი. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ი. თ-ძე თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, --- მდებარე გ. ს-ის საცხოვრებელ სახლში და სარგებლობდა სახლის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახითა და სამზარეულოთი.
საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ გ. ს-ემ ი. თ-სა და მისი მცირეწლოვანი შვილების ნივთები ოჯახიდან გაიტანა თვითნებურად და მათ უკნონოდ აღუკვეთა საცხოვრებელი ფართობითა და ქონებით სარგებლობის უფლება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამასთან, პალატა თვლის, რომ დანაშაულის ჩადენის დღიდან გასულია ორ წელზე მეტი, თვით მსჯავრდებული გ. ს-ძე 74 წელს გადაცილებული მოხუცია, ფაქტობრივად, ვითარების შეცვლის შედეგად მის მიერ ჩადენილი ქმედება აღარ არის საშიში, რის გამოც გ. ს-ის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველიოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის განაჩენი გ. ს-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.