განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 315-აპ 15 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა ადვოკატ ვ. ლ-ის, მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით 2002წ. 15 იანვარს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ნ. ჭ-ლი, გ. კ-ძე და დ. თ-ვა მივიდნენ ქ. თბილისში მდებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს მეათე სართულზე არსებულ უროლოგიის განყოფილებაში, სადაც ექიმ ა. ხ-ეს, მორიგე მედდის _ მ. მ-ის თანდასწრებით, ძალადობის მუქარით გამოართვეს და მიისაკუთრეს ნარკოტიკული საშუალება “---ის” ერთპროცენტიანი, ერთი გრამი მოცულობის სამი ცალი ამპულა. ეს ქმედება განხორციელდა შემდეგ ვითარებაში: ნ. ჭ-მა ქურთუკის შიგნიდან ამოიღო სუვენირული ხანჯალი, ყელზე მიადო ექიმ ა. ხ-ეს და მოკვლის მუქარით მოსთხოვა “---”. დ. თხილავა და გ. კ-ძე ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აიძულებდნენ ა. ხ-ეს ნარკოტიკული საშუალების მათზე უკანონო გადაცემას.
ნ. ჭ-ის, დ. თ-სა და გ. კ-ის მუქარით შეშინებული ა. ხ-ძე იძულებული გახდა, მათთვის მიეტანა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი და სამი ამპულა “---”, რის შემდეგაც გ. კ-ემ პირადად გაიკეთა ერთი ამპულა “---”, ხოლო ორი ამპულა, დ. თ-ას მოთხოვნით, ამ უკანასკნელს გაუკეთა თვითონ ექიმმა ა. ხ-ემ. იმის გამო, რომ ა. ხ-ეს მეტი აღარ ჰქონდა “---”, ნ. ჭ-ლი დარჩა ნარკოტიკის გარეშე, თუმცა ამის თაობაზე შელაპარაკება მოუხდა დ. თ-სა და გ. კ-სთან.
მომხდარი ფაქტის შესახებ ა. ხ-ემ ტელეფონით შეატყობინა თავისი განყოფილების გამგეს _ პროფესორ დ. ქ-ლს, რომელმაც ამის თაობაზე ტელეფონით აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსს.
2002წ. 16 იანვარს, შუადღისას, ნ. ჭ-ლი და დ. თ-ვა პოლიციის მუშაკებმა დააკავეს იმავე საავადმყოფოს მეათე სართულზე არსებულ ბუფეტში, გ. კ-ძე კი დაკავებულ იქნა 2002წ. 2 თებერვალს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ ცვლილებები შეიტანა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენში და ნ. ჭ-ლს საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით დ. თ-ას მიუსაჯა ოთხი წლით, ხოლო გ. კ-ეს _ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. თ-სა და მისი ადვოკატის _ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ამის საფუძვლად მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:
1. იმ დანაშაულის თაობაზე, რაც ბრალად შეერაცხათ დ. თ-ა და ნ. ჭ-ლს, 2002წ. 15 იანვარს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში არავითარი შეტყობინება _ წერილობითი ან სატელეფონო _ არ შესულა. ზემოაღნიშნული პირები დაკავებულ იქნენ 2002წ. 16 იანვარს, დაახლოებით 12 საათზე. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი, ე.ი. დაზარალებულის განცხადება დანაშაულის ფაქტზე შედგენილ იქნა დ. თ-სა და ნ. ჭ-ის დაკავების შემდეგ, ანუ იმავე დღის 17 საათზე. ამდენად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკანონოდ. საქართველოს სსსკ-ის მეშვიდე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ უკანონო საპროცესო აქტი უნდა გაუქმდეს და, აქედან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება უნდა ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად, რომელთაც იურიდიული ძალა აღარ აქვთ;
2. პოლიციის ოპერატიულ მუშაკებსა და გამომძიებელს შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ და რაიმე ნივთიერი მტკიცებულება არ ამოუღიათ;
3. სასამართლომ არ უზრუნველყო საავადმყოფოდან პასუხისმგებელი მორიგის, ნარკოტიკების ჩაბარება-გადაბარებისა და ავადმყოფების მიერ მოხმარებული ნარკოტიკების აღრიცხვის ჟურნალების გამოთხოვა;
4. სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო გამოძიების მიერ მოპოვებული მთელი რიგი მტკიცებულებანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იგნორირება გაუკეთა კანონს, სასამართლო სხდომებზე ბრალმდებლის ფუნქცია იკისრა და საბოლოოდ მიიღო სამართლებრივად უკანონო გადაწყვეტილება _ უსაფუძვლოდ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი;
5. სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საეჭვო გარემოებები არ გადაუწყვეტია განსასჯელთა სასარგებლოდ;
6. სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო რიგი მტკიცებულებანი, მაშინ, როცა ისინი გამოძიებამ მოიპოვა კანონის დარღვევით, მაგალითად, სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ, როგორც ნ. ჭ-ის, ასევე დ. თ-ას გამოკვლევა ჩაატარა ერთმა და იმავე ექსპერტმა.
კანონის დარღვევით მოხდა საქმეზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების _ ხანჯლის ამოცნობაც.
საკასაციო საჩივარი მიუთითებს გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დაშვებულ სხვა რიგ დარღვევებზე.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ. ლ-ემ წარმოადგინა დ. თ-ას ახლობლების, მეზობლებისა და ნაცნობების ახსნა-განმარტებები, რომელთა მიხედვით ის (დ. თ-ვა) 2002წ. 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ე.ი. იმ დროს, როცა მას ბრალი ედება რესპუბლიკურ საავადმყოფოში დანაშაულის ჩადენაში, იმყოფებოდა თავის სახლში _ ქ. თბილისში, --- ქუჩაზე.
მსჯავრდებულ ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად და საპროცესო ნორმების დარღვევით, მისგან გამოძალულ იქნა აღიარებითი და სხვათა განთქმითი ჩვენებები, სასამართლომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა უკანონო განაჩენი. აღნიშნულის გამო ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს წარმოდგენილ საჩივართა დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა დაზარალებულ ა. ხ-ის ადვოკატმა კ. გ-მა და პროკურორმა მ. ჯ-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივართა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ნ. ჭ-ის სასიკეთოდ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივართა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ არის აღძრული და ამის გამო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა აღარ აქვთ.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ექიმმა ა. ხ-ემ მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის ფაქტი დაუყოვნებლივ ტელეფონით აცნობა თავის განყოფილების გამგეს _ დ. ქ-ლს, ამ უკანასკნელმა კი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის ბიუროს უფროს ა. ტ-ეს.
ა. ტ-ის დავალებით იმავე საღამოს საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც გაესაუბრნენ ა. ხ-ეს და ვინაიდან ის იმ ღამეს მორიგე იყო საავადმყოფოში, შეუთანხმდნენ, რომ მეორე დღეს მისულიყო განყოფილებაში. მეორე დღეს, ე.ი. 2002წ. 16 იანვარს, ვიდრე ა. ხ-ძე მივიდოდა პოლიციის პირველ ქვეგანყოფილებაში და წარადგენდა წერილობით განცხადებას, მან კვლავ შენიშნა საავადმყოფოში მისული ნ. ჭ-ლი და დ. თ-ვა, რის შესახებაც დ. ქ-ის მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციის განყოფილებას.E
ნ. ჭ-ისა და დ. თ-ას პოლიციის განყოფილებაში წარდგენისთანავე იქ გამოცხადდა ა. ხ-ძე და მომხდარი დანაშაულის შესახებ წარადგინა წერილობითი განცხადება.
საქართველოს სსსკ-ის 24-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღძრან საჯარო ბრალდების საქმე და მიიღონ ზომები დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად. ამრიგად, საკასაციო საჩივართა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა. ხ-ს მიერ წერილობითი განცხადების შეტანამდე საქმის აღძვრა და საეჭვო პირთა პოლიციაში წარდგენა უკანონო იყო, უსაფუძვლოა. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2002წ. 15 იანვარს, საღამოს საათებში, ექიმ ა. ხ-ისაგან ნარკოტიკული საშუალების უკანონო გამოძალვის ფაქტი ტელეფონის საშუალებით იმავე საღამოს ეცნობა პოლიციის შესაბამის სამსახურს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოთხოვნა განაჩენის გაუქმების, საქმის აღძვრის დადგენილების უკანონოდ ცნობის, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად მიჩნევისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ.
პალატა თვლის, რომ ამჟამად საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძვლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის გარემოება, რომ თავის დროზე (2001წ. იანვარში) ოპერატიული სამსახურის მუშაკებისა და გამომძიებლის მიერ არ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთმტკიცების ამოღება. გამოძიების მიერ დაშვებული ამ ხარვეზის გამოსწორება დამატებითი გამოძიებით შეუძლებელია.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების საფუძველს არ იძლევა საკასაციო საჩივრებში მითითებული სხვა გარემოებებიც. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, შეკრებილ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კანონიერად დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი სამივე მსჯავრდებულის მიმართ.
ამასთან, მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ნ. ჭ-ის წარსული ყოფაქცევის, დადებითი დახასიათების, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში მათ სასიკეთოდ შეტანილ იქნეს ცვლილება. ასეთსავე ცვლილებას მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ პალატა მიზანშეუწონლად თვლის იმის გამო, რომ ის დღემდე მიმალვაში იმყოფება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 565-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ვ. ლ-ის, მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულთა სასიკეთოდ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ნ. ჭ-ს გასაჩივრებული განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს ორი წლით და მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. თ-ას შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს ორი წლით და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. თ-ას პატიმრობასა და შინაპატიმრობაში ყოფნის დრო _ 2002წ. 16 იანვრიდან 2003წ. 12 თებერვლამდე (ერთი წელი და 27 დღე) ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში. დარჩენილი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განმეორებითი დაპატიმრების დღიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.