განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 318-აპ 12 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ყ-ისა და ადვოკატ ე. ყ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ზ. ყ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იმავე განაჩენით ნ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლითY და შეეფარდა პირობით თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის. საგამოცდო ვადით. მათ მსჯავრი დაედოთ შემდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში:
ზ. ყ-ილი და ნ. ბ-ლი ყოფილი მეუღლეები არიან. ისინი ერთ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ საგარეჯოს რაიონის სოფ. ---ში. განქორწინების შემდეგ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ შორის მოხდა ოროთახიანი საცხოვრებელი სახლისა და ერთად შეძენილი ქონების გაყოფა, მაგრამ იმის გამო, რომ ნ. ბ-ლი სადავოდ მიიჩნევდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადავო ბინაში ცხოვრებას აგრძელებდა შვილთან _ ბ. ყ-ილთან ერთად. მათი წინააღმდეგობის გამო ზ. ყ-ლი მისთვის მიკუთვნებულ ბინის ნაწილში ვერ ცხოვრობდა და თავისი ნივთების გამოტანასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ იგი ცხოვრობდა იმავე სოფელში მცხოვრებ მშობლებთან.
2001წ. 7 აპრილს, გვიან ღამით, მთვრალი ზ. ყ-ლი ღამის გასათევად მივიდა თავის სახლში, მაგრამ ნ. ბ-მა და ბ. ყ-მა მას ამის უფლება არ მისცეს. კონფლიქტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, სახელდობრ: ზ. ყ-მა ნ. ბ-ლს უთხრა, რომ მას სახლში ჰყავდა საყვარელი და ამიტომ არ აძლევდა თავის კუთვნილ ბინის ნაწილში ღამის გათევის საშუალებას. ამ სიტყვებმა ნ. ბ-ლი ჩააგდო ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, აიღო ცეცხლის საჩხრეკი რკინის მაშა და რამდენჯერმე ჩაარტყა ზ. ყ-ლს თავისა და ზურგის არეში, რითაც მას მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. ამის შემდეგ ბ. ყ-მა შეძლო კონფლიქტის განმუხტვა და ზ. სახლიდან გაიყვანა. დილით, მას შემდეგ, რაც ნ. ბ-ლი და ბ. ყ-ლი სახლიდან გავიდნენ, მიღებული დაზიანებებისა და ყოფილ მეუღლესთან დაგროვილი უსიამოვნებების გამო, შურისძიების მოტივით, ზ. ყ-მა გადაწყვიტა, დაეწვა მათი სახლი. ამ მიზნით მან შეამტვრია ფანჯრის მინა, სახლში შეყარა თივა და წაუკიდა ცეცხლი. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა სახლი და მასში არსებული როგორც თვით ზ. ყ-ის, ასევე ნ. ბ-ის კუთვნილი საოჯახო ქონება. ნ. ბ-ლის ზარალმა შეადგინა 3002 ლარი.
ზ. ყ-ისა და ადვოკატ ე. ყ-ას საკასაციო საჩივრები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე კასატორებმა დააზუსტეს საკასაციო მოთხოვნები:
ზ. ყ-ლმა და მისმა ადვოკატმა დ. ბ-მა ითხოვეს შეფარდებული სასჯელის _ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთის _ პირობითი მსჯავრით შეცვლა.
ადვოკატმა ე. ყ-ამ ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მისი უდანაშაულობის მოტივით. ნ. ბ-ლი დაეთანხმა ამ მოთხოვნას.
პროკურორმა ნ. გ-მა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ყ-ის საკასაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატ ე. ყ-ას საჩივარი გაზიარებულ იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია ზ. ყ-ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, რასაც არც საკასაციო საჩივარი უარყოფს.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ყ-ლი წინათ არ ყოფილა მსჯავრდებული, არის 46 წლის მშრომელი პიროვნება, ხასიათდება დადებითად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, მის მიერ დანაშაულის ჩადენის დღიდან გავიდა სამნახევარი წელი და ამ პერიოდში მას არ ჩაუდენია სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მისი მოქმედებით დაზარალდა არა მარტო ნ. ბ-ლი, არამედ _ თვითონაც, დაიწვა სახლის ის ნაწილიც, რომელიც მას ეკუთვნოდა და განადგურდა მისი პირადი ნივთები.
საყურადღებოა, რომ დანაშაულის ჩადენას გარკვეულწილად ხელი შეუწყო თვით ნ. ბ-ის ქმედებებმა.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ის გამოსწორება შეიძლება სასჯელის ღონისძიებად თავისუფლების აღკვეთის გამოყენების გარეშე, რაც დადებითად იმოქმედებს დაზარალებულისათვის მიყენებული ვნების ანაზღაურებაზეც.
პალატა თვლის, რომ ადვოკატ ე. ყ-ას საჩივარი მსჯავრდებულ ნ. ბ-ლის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მასალები უნდა გადაეცეს სიღნაღის რაიონულ პროკურორს (საგარეჯოს პროკურატურა გაუერთიანდა სიღნაღის პროკურატურას) შემდეგი გარემოების გამო: სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ ზ. ყ-ის მიმართ ნ. ბ-ის კუთვნილი სახლის დაწვის ფაქტზე. ნ. ბორაშვილის მიერ ზ. ყა-ის ფიზიკური დაზიანების ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. ამდენად, საქმის აღძვრის გარეშე ნ. ბ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, საბრალდებო დასკვნის შედგენა და მსჯავრდება, უკანონოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, 562-ე მუხლის “ა” და “გ” პუნქტებით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ ე. ყ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ივნისის განაჩენი ნ. ბ-ის მიმართ გაუქმდეს და მასალები მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს სიღნაღის რაიონულ პროკურორს.
ნ. ბ-ის მიმართ არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ გაუქმდეს.
იგივე განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
ზ. ყ-ლს შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, სამი წლის. გამოსაცდელი ვადით.
ზ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ზ. ყ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.