კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 328-დად 27 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული დ. ჩ-ლი არ გათავისუფლეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996წ. 8 თებერვლის განაჩენით დ. ჩ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლი მესამე ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 წელი და საბოლოოდ განესაზღვრაA 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
დ. ჩ-ისათვის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 1995წ. 21 ივნისი, ხოლო დასასრული _ 2001წ. 21 ივნისი. სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2003წ. 21 ივნისს. დღეისათვის მოხდილი აქვს 9 წელი, 4 თვე და ხუთი დღე.
სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ.
2004წ. 28 ივნისს ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ დ. ჩ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული დ. ჩ-ლი ხასიათდება დადებითად, იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია ორჯერ, კერძოდ: 2000წ. 29 დეკემბერს გამოეცხადა მადლობა ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით და 2004წ. 28 ივნისს დაწესებულების დირექტორმა წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. წარდგინების თანახმად, დ. ჩ-ლს ადრე დადებული სასჯელები გაქარწყლებული აქვს. ორჯერ არის წახალისებული და ადგას გამოსწორების გზას. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 2 აგვისტოს დადგენლებით წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს ჩადენილი აქებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ჩ-ლი ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორმაა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ, რაც არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მისი გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ დ. ჩ-ლს მოხდილი აქვს სასჯელის ორ მესამედზე მეტი, კერძოდ კი _ 9 წელი, 4 თვე და 5 დღე, ფაქტობრივად მოსახდელი დარჩა 2 წელი, 7 თვე და 26 დღე. იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის წახალისებულ იქნა ორჯერ, კერძოდ, 2000წ. 29 დეკემბერს გამოეცხადა მადლობა ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით და 2004წ. 28 ივნისს დაწესებულების დირექტორმა წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. რუსთავის ¹2 დაწესებულების დირექტორი მ. ს-ძე, დირექტორის მოადგილე სოციალური სამსახურის დარგში ს. ბ-ლი, რეაბილიტაციის ინსპექტოირი ვ. ჩ-ძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ვ. ბ-ლი, სარეჟიმო განყოფილების უფროსი თ. რ-ლი დ. ჩ-ლს ახასიათებენ დადებითად. საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე დაწესებულების დირექტორის მოადგილემ _ ს. ბ-მა დ. ჩ-ლი ასევე დადებითად დაახასიათა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დ. ჩ-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 სექტემბრის დადგენილება მსჯავრდებულ დ. ჩ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
მსჯავრდებული დ. ჩ-ლი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.